Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტი გაიხსნა - რა შენიშვნები აქვს სამოქალაქო სექტორს

17 ივლისი, 2018 18:56

დღეს, 17 ივლისს გაიხსნა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მე-5 სამიტი. საქართველო გასული წლის ოქტომბრიდან OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ამიტომ სამიტიც საქართველოში იმართება. 

სამიტის პირველი დღე სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე სხვა ქვეყნებიდან სამოქალაქო საზოგადოების 500 წევრი. 

სამიტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ღია მმართველობის პარტნიორობაში ჩართულმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერ-მინისტრს საჯაროდ მიმართა, რომ საქართველომ ვერ გაამართლა პარტნიორობის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული ამბიციური მოლოდინი.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პარტნიორობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი იქნება, თუ პროცესს იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გაუწევს კოორდინაციას. 

„ვინაიდან უკანასკნელი პროცესები აჩვენებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ სათანადოდ ვერ წარმართა ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესი“.

„ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ვალდებულებები შეასრულა, მაგალითად, სამთავრობო ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნება, პეტიციების პორტალი და ა.შ. თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

„ძალიან ბევრი თემა, რომელიც შეთავაზებულია, აღარ აღწევს საბოლოო გეგმამდე ან აღწევს, მაგრამ საბოლოოდ არ სრულდება. კერძოდ, ეს არის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო  -  არასამთავრობოების საგანგებო მოთხოვნა, თუმცა, სამწუხაროდ, გეგმაში ეს არ შესულა, სწორედ ამიტომ მივმართეთ პრემიერს“, - აცხადებს ქეთი ხუციშვილი. 

EMC-ის იურისტი სოფო ვერძეული ამბობს, რომ შსს-ს რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები სამოქმედო გეგმაში კი მოხვდა, მაგრამ ახლა უკვე ამ გეგმის აღსრულებაა მნიშვნელოვანი.

„ჩვენი მხრიდან რამდენიმე საკითხია დაყენებული პოლიციის რეფორმირების შესახებ. ეს ეხება დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და გამოქვეყნების წესებს, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში იყო პრობლემა. ასევე სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ პოლიციის გადაცდომებთან დაკავშირებით პროაქტიური სტატისტიკა აწარმოოს და გამოაქვეყნოს, დაიწყოს გენერალური ინსპექციის რეფორმირების პროცესი - ეს ღია მმართველობისა და ანგარიშვალდებული მთავრობის ნაწილში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, როცა საზოგადოებამ უნდა იგრძნოს, რომ პოლიტიკური სისტემა, ისევე, როგორც ინსტიტუტები, მზად არიან, უპასუხონ სისტემაში გადაცდომებს და იყოს ადეკვატური რეაგირება ამ ფაქტებზე“, - ამბობს სოფო ვერძეული

„საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ მეოთხე სამოქმედო გეგმას აკლია ამბიციური ვალდებულებები. გიგაური ასევე პრობლემად სახავს ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის საკითხს. ამბობს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობა ქვეყნის რეპუტაციაზე ცუდად აისახება.

„ეს ხდება იმიტომ, რომ პროცესიც არ იყო ინკლუზიური და ფაქტობრივად ის ამბიციური რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ იუსტიციის სამინისტროს, არ გაითვალისწინეს. ეს ეხება დამოუკიდებელ ანტიკორფციულ სამსახურს, ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს, სადაც მგონია, რომ შეგვეძლო ჩვენი სიტყვა გვეთქვა და ძალიან სერიოზულად გამოვჩენილიყავით ამ ფორუმზე“, - აცხადებს ეკა გიგაური.

ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტი 19 ივლისამდე გაგრძელდება. სამიტში OGP-ის 75 წევრი ქვეყნიდან 2000 სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. 18-19 ივლისს ღონისძიებას საქართველოს მთავრობა მანსპინძლობს. 

სამიტის მონაწილეები მსჯელობენ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე, პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებაზე, კორუფციასთან ბრძოლის, მართვის გამჭვირვალობის, მმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხებზე. 

მომავალ წელს პარტნიორობის თავმჯდომარის სტატუსს კანადა გადაიბარებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^