Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI : საჯარო უწყებებმა 5 წლის განმავლობაში 3 მილიონი ლარის 136 „ნივა“ შეიძინეს

18 ივლისი, 2018 15:12

„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველომ“  გამოაქვეყნა მონიტორინგის შედეგები იმის შესახებ, თუ რომელმა საჯარო უწყებამ შეისყიდა ტენდერის გზით რუსული „ნივა“. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტენდერში მხოლოდ კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯი“ მონაწილეობდა. 

► ორგანიზაციის განცხადება კვლევის შედეგებზე ამ ბმულზე იხილეთ სრულად 

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო უწყებებმა უმეტესწილად უკონკურენტო ტენდერის გზით 3 მლნ ლარამდე ღირებულების რუსული „ნივა” შეისყიდეს. ამ პროცესში სხვა ავტომწარმოებლები, როგორც წესი, არ მონაწილეობდნენ, ვინაიდან შემსყიდველ ორგანიზაციებს სატენდერო დოკუმენტაცია, ფაქტობრივად, მორგებული ჰქონდათ „ნივაზე” - მითითებული იყო ძალიან დაბალი ფასი და მარტივად დასაკმაყოფილებელი ტექნიკური პირობები.

კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯი“ 2011 წელს დაფუძნდა, სახელმწიფო შესყიდვებში კი მონაწილეობას 2012 წლის ბოლოდან იღებს. ის სახელმწიფო უწყებებს რუსული წარმოების „ნივას“ აწვდის. 2012-2018 წლებში სხვადასხვა საჯარო უწყებამ ჯამში 3 მილიონ ლარამდე ღირებულების 136 „ნივა“ შეიძინა. ყველაზე მეტი - 50 „ნივა“ სახელმწიფო კომპანიამ შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეიძინა და ჯამში 1,151,500 ლარი გადაიხადა. შემდეგ მოდის აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 721,230 ლარის ღირებულების 31 „ნივით”. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ“ კი ერთი ტენდერით შეიძინა 570,000 ლარის ღირებულების 30 „ნივა“.

„გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯის” დამფუძნებლის, გოჩა როსტიაშვილის პოლიტიკოსებთან კავშირზე ერთი თვის წინ სტუდია „მონიტორმა” გამოაქვეყნა სიუჟეტი. გოჩა როსტიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის, შალვა ობგაიძის დეიდაშვილია.

გარდა იმისა, რომ მრავალჯერ უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები გარკვეულ გარიგებასა და მორგებულ ტენდერებზე აჩენს ეჭვს და ამასთან, „ნივას“ შესყიდვაზე დახარჯული თანხის ეფექტიანობა სათუოა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - რამდენად მიზანშეწონილია, რომ ოკუპანტ ქვეყანაში, რუსეთში წარმოებულ პროდუქციის შესყიდვაზე სახელმწიფო ფინანსები იხარჯებოდეს? ვინაიდან საქართველოში მოქმედი შესყიდვების კანონმდებლობა რუსული პროდუქციის შეძენაზე მსგავს შეზღუდვებს არ ითვალისწინებს, ასეთი შემთხვევები მხოლოდ ავტომობილების შესყიდვისას არ გვხვდება. აქედან გამომდინარე, ზოგადად ეს საკითხი შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობის პრობლემადაც შეიძლება მივიჩნიოთ. საერთაშორისო პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც გარკვეული ქვეყნები სანქციების ქვეშ მყოფ ან/და მათ მიმართ მტრულად განწყობილი (მითუმეტეს, ოკუპანტი) ქვეყნისგან პროდუქციის შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის დახარჯვაზე უარს ამბობენ.

რთულია დავთვალოთ, წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებიდან რა თანხა იხარჯება რუსულ პროდუქციაზე, რადგან უმეტეს შემთხვევებში რუსული პროდუქციის მიმწოდებლები საქართველოს რეზიდენტ კომპანიებად არიან დარეგისტრირებული და შესყიდვების ელექტრონული სისტემის პორტალი კი მიმწოდებლების წარმომავლობას მხოლოდ კომპანიების რეგისტრაციის მიხედვით აჯგუფებს და არა შესყიდული საქონლის წარმოების ადგილის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემების მასშტაბურობაზე დასკვნის გაკეთება ვრცელი, სიღრმისეული კვლევის გარეშე რთული იქნება." - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში. 

ამავე კვლევას თანდართული აქვს რეკომენდაციები. 

 რეკომენდაციები

  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დეტალურად უნდა შეისწავლოს კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯის” მიერ მოგებული ტენდერები ხომ არ იყო ე.წ. მიმწოდებელზე „მორგებული“ ტენდერები;
  • აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა უნდა შეისწავლოს „ნივების“ შესყიდვაზე დახარჯული სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობა;
  • ცვლილებები უნდა შევიდეს სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზაში, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს რუსული წარმომავლობის (როგორც ოკუპანტი ქვეყნის) პროდუქციის შესყიდვაზე“, - წერია„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^