Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხოვრების 10-წლიანი ცენზი და ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნების პროცედურა - ცვლილება კანონში

20 ივლისი, 2018 12:14

გუშინ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილები. როგორც ინიციატორები მიუთითებენ, კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან ჰარმონიზება. 

პროექტით, მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, გარდა საგამონაკლისო წესით ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებისა, ჩნდება ორმაგი მოქალაქეობის მოპოვების დამატებითი შესაძლებლობები. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში პირს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესაძლებლობა ეძლევა. 

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტით, დგინდება პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისას გასათვალისწინებელი პირობების ჩამონათვალი, რაც მეტ ადამიანს მისცემს ასეთის მოპოვების შესაძლებლობას.

კერძოდ, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისათვის სახელმწიფო ინტერესის შეფასებისას, როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სხვებს შორის, მხედველობაში იქნება მისაღები შემდეგი გარემოებები:

სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევს და იგი ან მისი წინაპარი: - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირია;

- სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია;

- სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს/განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც მას სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს/შეიტანა; - სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს, მოღვაწეობა განაგრძოს საქართველოს სახელით.

- პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის: ა) დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;

 კანონპროექტით დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე:

სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების გათვალისწინების პარალელურად, მოქალაქეობის შენარჩუნების დროს, პირი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ წინაპირობას: - საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც იგი აპირებს;

- საქართველოს მოქალაქე სულ მცირე 5 წლის განმავლობაში კანონიერი საფუძვლით ცხოვრობს ან მუშაობს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც იგი აპირებს.

- არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 2 წლის განმავლობაში.

კანონპროექტით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს, ასევე, აღდგენის დროებითი უფლება:  საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს ამ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის ვადაში მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც.

 კანონპროექტით იცვლება მოქალაქეობის მინიჭებისათვის საქართველოში ცხოვრების ცენზები.

ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 5 წლიანი ცხოვრების ცენზი იზრდება 10 წლამდე.

გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას კი, 2 წლიანი ცხოვრების ცენზი იზრდება 5 წლამდე.

იცვლება პირისათვის უარის თქმის საფუძვლები. კერძოდ: - პირობათა ჩამონათვალს ემატება თუ იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.“.

- ამასთან, პირისთვის ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მონაწილეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის საფუძველი იქნება მხოლოდ ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე.

პრეზიდენტის უფლებამოსილება

 კანონპროექტით, ასევე, იცვლება პრეზიდენტის კომპეტენცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ნაწილში: პრეზიდენტს აღარ ექნება მოქალაქეობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული რიგი საკითხების რეგულირების კომპეტენცია. მათ შორის: - იცვლება კომისიის დაკომპლექტების წესი: კომისიის თავმჯდომარე იქნება სააგენტოს თანამშრომელი; კომისიის წევრი აღარ იქნება ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი; სააგენტოს ეყოლება ორი წარმომადგენელი ნაცვლად არსებული ერთისა.

- მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის/დაკარგვის წესი განისაზღვრება კომისიის დადგენილებით, ნაცვლად პრეზიდენტის ბრძანებისა. - საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისათვის აღარ იქნება შესაძლებელი პირდაპირ პრეზიდენტისათვის მიმართვა.

მკაფიოდ იმიჯნება და ნაცვლად პრეზიდენტის ბრძანებულებისა, ორგანული კანონის დონეზე ზუსტდება მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულ ორგანოთა კომპეტენცია:

კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა) მსურველ პირთა ცოდნის დონის შემოწმებას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების. აგრეთვე სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.

საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვებაზე, საქართველოს მოქალაქეობის დადგენასა და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.

მოქალაქეობის შენარჩუნების ახალი ინსტრუმენტის დანერგვის პირობებში, მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობას გასცემს სააგენტო;

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მინიჭებაზე უარის ან შეწყვეტის შესახებ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მოქალაქეობის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების განსხვავებულ მექანიზმს.

განსხვავებით, მოქმედი კანონმდებლობისაგან, როდესაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება მხოლოდ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი, წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ დაექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. აღნიშნული წესიდან ერთადერთი გამონაკლისი იქნება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება.

ასევე, წარმოდგენილი ცვლილებით ზუსტდება რამდენიმე საკითხი: ზუსტდება, რომ არასრულწლოვანისთვის მოქალაქეობის შეცვლისათვის საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა.

მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის მხარდაჭერის მიმღების შესაძლებლობებთან: - სახელმწიფო ენის, სამართლისა და ისტორიის ცოდნის მოთხოვნები არ ვრცელდება იმგვარი ფიზიკური ნაკლის მქონე პირებზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მოთხოვნათა შემოწმებას.

ზუსტდება და ემატება რამდენიმე ახალი ტერმინი: - არასრულწლოვანი პირი – 18 წლამდე ასაკის პირი გარდა იმ პირისა. - ოჯახის წევრი - უცხოელის ან საქართველოს მოქალაქის მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი, ნაშვილები, და-ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი, უცხოელის ან საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი; - წინაპარი – პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობა.“.

ზუსტდება, სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის, გამოქვეყნების და ვადის ათვლის საკითხები.

კანონში ჩნდება მითითება სხვა ქვეყნის მოქალაქის უფლების თაობაზე, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

კანონპროექტის  მომხსენებლის, ეკა ბესლიას განცხადებით, პროცედურა უნდა იყოს მოქნილი და არ უნდა შეიქმნას ბარიერები იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის.

„ჩვენ შეგნებულად დავტოვეთ კანონში თავისუფლება სააგენტოს საქმიანობისთვის იმ დოზით, რა დოზითაც მათ ეს სჭირდებათ სწორედ მოქნილობისთვის, რომ ზედმეტი ბარიერები არ შექმნილიყო. თუმცა სააგენტოს საქმიანობის თაობაზე მთავრობის მიერ შესაბამისად გამოსაცემი იქნება ნორმატიული აქტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სააგენტომ. ეს იქნება ვადები, დასკვნის მომზადების პროცედურა, მათ შორის, დაჩქარებული წესით განცხადების განხილვის პროცედურა. ამ საკითხებისთვის ჩვენ ერთგვარი სივრცე დავტოვეთ. ეს მნიშვნელოვანია. მზად ვარ, მეორე მოსმენისთვის რამდენიმე საკითხს შევხედოთ უკვე ფორმულირების ჭრილში. პრინციპების დონეზე ჩვენ მაქსიმალური კონსენსუსის გზით ვიარეთ, რომ შეთანხმება შემდგარიყო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

უფრაქციო დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი კანონი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის.

„ვიცი, რომ მოლოდინი დიდია, ყველა ქვეყნიდან მოდის კითხვები, როდის და როგორ იქნება კანონი მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი თანამემამულეების, არამედ ჩვენი სახელმწიფოსთვის, რადგან ეს პასუხობს ჩვენს დემოგრაფიულ გამოწვევებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^