Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

BASSIANI: საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით მოსკოვში ღონისძიებას ვაუქმებთ

10 აგვისტო, 2018 14:58

„გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება", - ამის შესახებ BASSIANI საკუთარ ფესიბუქ გვერდზე წერს და ამბობს, რომ მოსკოვში ფესტივალზე აღარ წავლენ. გთავაზობთ მათ განცხადებას:

„საკლუბო სცენას და რეივ-კულტურას ყოველთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დატვირთვა უსამართლო და რეპრესიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვახსოვს არამხოლოდ მსოფლიოს, არამედ საქართველოს უახლოესი წარსულიდან.

12-13 მაისის მოვლენებმა ნათლად გვანახა, რომ სახელმწიფო სისტემაც კი უძლურია საერთო იდეებისა და ღირებულებების გარშემო გაერთიანებული თავისუფალი ადამიანების წინაშე. ჩვენი ერთობლივი ცეკვა და ბრძოლა სამაგალითოდ იქცა მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის, არაერთ ახალ საპროტესტო ტალღას დაუდო საფუძველი და ამ სცენას პოლიტიკური მნიშვნელობა დაუბრუნა. ამაში უდიდესი წვლილი პირველ რიგში სწორედ ჩვენს მოცეკვავეებს მიგიძღვით და იმ ნდობასა და სოლიდარობას, რაც ერთმანეთს გამოვუცხადეთ.

სწორედ 12 მაისის მოვლენები გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ქალაქმა გამოგვიცხადა სოლიდარობა. პეკინი, ამსტერდამი, პულა, ბერლინი.. - ეს ის ქალაქებია სადაც უახლოეს მომავალში გაიამრთება BASSIANI-ის შოუქეისები. საკლუბო ღამეების მთავარი მესიჯები კი უცვლელია - ცეკვა თავისუფლებისთვის.

15 სექტემბერს, მოსკოვში, REDBULL MUSIC ACADEMY-ის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღამე RESISTANCE IN MUSIC WITH BASSIANI RESIDENTS - სწორედ ამ შინაარსის მატარებელი იყო. ის მოსკოვის ანდერგრაუნდ კლუბში, GASGOLDER-ში დაიგეგმა და ორგანიზატორების გულწრფელი სურვილი გახლდათ, რომ წინააღმდეგობრივი შინაარსის მქონე ღამის ჰედლაინერად სწორედ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები მიეწვიათ, როგორც სისტემასთან ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლო.

“თქვენ მოიგეთ ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ წავაგეთ. ამიტომ გვსურს თქვენი მოწვევა აქ” - მოგვწერეს ორგანიზატორებმა, რომლებიც არაერთხელ ყოფილან რუსეთისა და პუტინის რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლი. შეგახსენებთ, მოსკოვში არაერთი კლუბი დახურეს ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც სცადა BASSIANI-ის დახურვა ჩვენმა ხელისუფლებამ.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის სრულიად გასაგებია ფესტივალის წარმომადგელების სურვილი, შეძლებისდაგვარად დაუბრუნონ წინააღმდეგობრივი მნიშვნელობა ადგილობრივ საკლუბო სცენას. სოლიდარულები ვართ მათი ამ სურვილის მიმართ და ვგულშემატკივრობთ ყველას, ვინც თავის მხრივ ცდილობს უსამართლო სისტემის გარდაქმნას. ფესტივალის პრომოუტერები ჩვენთან ერთად იდგნენ 12-13 მაისის მოვლენების დროს და იზიარებენ ყველა იდეასა და ღირებულებას, რის გარშემოც ვართ გაერთიანებულნი.

ჩვენს გულწრფელ სურვილს მონაწილეობა მიგვეღო წინააღმდეგობრივი შინაარსის ღამეში, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ერთგული მხარდამჭერების, მეგობრებისა და საზოგადოების მხრიდან. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ გულისტკივილს, რაც თანამოქალაქეებმა გამოხატეს კლუბის მიმართ. ვიაზრებთ იმასაც, რომ ეს ღამე საქართველოს ისტორიისთვის უმძიმეს დროს, აგვისტოს ომის 10 წლისთავის დღეებში დაანონსდა, რამაც ცხადია გაამძაფრა მოქალაქეთა გულისტკენა. გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება, იმ ღონისძიების, რომელიც უნდობლობის გამო ანგარიშსწორებისა და დაპირისპირების იარაღად იქცა.

ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ღამე არ იყო ჩაფიქრებული რიგით მუსიკალურ გასართობ ღამედ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მისი გაუქმების გადაწყვეტილება არის არა უკან დახევა ან ეჭვის შეტანა საკუთარი ქმედების ლეგიტიმურობაში, არამედ საპროტესტო ფორმის ცვლილება. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ფესტივალში მონაწილეობითაც და მისი გაუქმებითაც იყო, არის და იქნება საერთაშორისო სცენაზე ჩვენი პროტესტისა და სათქმელის გატანა.

BASSIANI / HOROOM პოლიტიკური შინაარსის მატარებელი მოძრაობაა. დაფუძნების დღიდან ჩვენი მიზანი სწორედ დაჭაობებული პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ გალაშქრება იყო, რომელსაც უწყვეტად აგრძელებს დღევანდელი რუსეთი და პუტინის რეჟიმი. საზოგადოებაში უთანასწორობის, ზიზღის, სიძულვილისა და აგრესიის გაღვივება მათი ბრძოლის მთავარი მეთოდია. ამიტომ არ გაგვკვირვებია, რომ 12 მაისის დარბევამდე BASSIANI-ის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას სწორედ პრორუსული რეგრესული ძალები ახორციელებდნენ. ჩვენ მომავალშიც უკომპრომისო ბრძოლას ვაპირებთ მათთან ერად, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს. ტექნო მუსიკა ჩვენი საერთო პროტესტის ენაა და ჩვენი სათქმელიც - საერთოა.

სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ მოცეკვავეს, რომლებსაც გულწრფელად სურთ წინააღმდეგობრივი შინაარსი შესძინონ ადგილობრივ სცენას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ ამ ბრძოლაში.

რაც მთავარია, მადლობას ვუხდით ჩვენსმხარდამჭერებს, თითოეულ ადამიანს, ვისაც ყოველთვის სჯეროდა და სჯერა ჩვენი საერთო ხედვების, არასდროს შეგვპარვია ეჭვი, რომ ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ ერთობლივ, სოლიდარულ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი.

...საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მოწყვეტილია საკუთარ სახლებს. ჩვენი ხმა მსოფლიომ უნდა გაიგოს - არა ოკუპაციას", - ვკითხულობთ facebook გვერდზე. 


„მოემზადეთ გენიალური აღმოჩენებისთვის, მეამბოხე ახალგაზრდობისთვის, გამოჩენილი კოლექციონერების იშვიათი მიგნებებისთვის და დიდებული მუსიკალრი სიურპრიზებისთვის“ - წერს გამოცემა Residentadvisor Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც 14-16 სექტემბერს მოსკოვში პირველად გაიმართება. 

სამდღიანი პროგრამაში წარმოდგენილი იქნება კონცერტები, საკლუბო ივენთები და საჯარო განხილვები. ასევე ადგილი დაეთმობა პროდიუსერებს, რათა შეძლონ იდეების გაცვლა.

აღნიშნულ ფესტივალში კლუბ „ბასიანის“ 4 რეზიდენტი მიიღებდა მონაწილეობას. მათთან ერთად ფესტივალზე კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანიც უნდა გამგზავრებულიყო „რათა აღადგინოს თბილისის კლუბის მონაწილეთა თავისუფლებისმოყვარე ატმოსფერო მოსკოვში“, - წერს ფესტივალის ოფიციალური გვერდი. 

ერთ-ერთი არტისტი, რომელიც ფესტივალზე დაუკრავდა Facebook-ზე წერდა, რომ ფესტივალი იმ ადამიანების ორგანიზებულია, ვისაც „რუსეთის მთავრობა გაშმაგებით ებრძვის". 

„მესმის და სრულად ვიზიარებ თქვენს გაბრაზებას ამ ბუქინგის გარშემო.

პირველ რიგში, არ მინდა თავის მართლებად მიიღოთ ეს ჩემი პოსტი და შევეცდები ძალიან მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ ვინც ამ ფესტივალის უკან დგანან. ეს კონკრეტული პირები ზუსტად იმ კლუბების და ფესტივალების მმართველები არიან, ვისაც რუსეთის მთავრობა გაშმაგებით ებრძვის და მაქსიმალურად ცდილობს შეუზღუდოს [ყველანაირი] თავისუფლება.

ამ ბუქინგის იდეაც ზუსტად "Resistance" [წინააღმდეგობა] არის.

უცვლელად დავაკოპირებ ერთ-ერთი ორგანიზატორის სიტყვებს: "We have an idea to make one night in Gasgolder and call it Resistance in music and I wanted to ask you about the contact of Bassiani guys. It was really important thing that unfortunately didn't work in Russia with Outline and Arma 17. We loose this war, looks like you won) So we would like to invite guys to support you [ჩვენ გვაქვს იდეა, გავაკეთოთ ერთი ღამე გასგოლდერში და დაავარქვათ მას წინააღმდეგობა მუსიკაში. მინდოდა, მეთხოვა „ბასიანის“ წარმომადგენლების საკონტაქტო ინფორმაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე იყო, რამაც, სამწუხაროდ, რუსეთში არ იმუშავა  Outline-ისა და Arma 17-ის შემთხვევაში. ჩვენ დავმარცხდით ამ ომში, როგორც ჩანს, თქვენ გაიმარჯვეთ, ამიტომ გვინდა, მოგიწვიოთ ჩვენთან, რათა მხარი დაგიჭიროთ]

#დიდებაგმირებს", - წერს ზურკინ ჭყონია. 

Arma 17 საპრომოუტერო ჯგუფია, რომელიც მოსკოვში ცნობილი გახდა ივენთების სერიით და ფესტივალ Outline-ის ორგანიზებით.

Arma-ს კლუბი 2009 წელს დაიწვა, თუმცა მოგვიანებით მუშაობა გააგრძელა. ორგანიზაციამ გასულ წელს განაცხადა, რომ წვეულებებს აღარ უმასპინძლებდა რუსეთში. გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის მე-9 იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიების ჩაშლა იყო. ღონისძიება პეტერბურგში, საბრძოლო აღჭურვილობის ყოფილ ქარხანაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბოლო წუთს ადგილის დათმობაზე ტერიტორიის მფლობელმა უარი განაცხადა, რადგან ადგილობრივმა საბჭომ ასე ურჩია. Arma-ს განცხადებით, ამ ამბის შემდეგ ქარხანას ელექტროენერგია ჩაუჭრეს, ორგანიზაციას და ინსტალაციაზე მომუშავე არტისტს სილა სვეტას ადგილის დატოვებისკენ მოუწოდეს - ამის შესახებ Calvet Journal წერს.

თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც Arma 17-ის „მიზანმიმართულ შევიწროებას“ ეწეოდნენ - 2016 წელს Outline ფესტივალი გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე გააუქმეს, Arma-ს ორგანიზებულ მოგვიანებით კი იგივე ბედი ეწია სხვა ღონისძიებასაც. ყველა შსემთხვევაზე ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს ასახელებდა ღონისძიებების ჩაშლის მიზეზად. Arma-ს წარმომადგენლები კი ამბობდნენ, რომ მათ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი არასდროს მიუღიათ. 2017 წელს Arma 17-მა განაცხადა, რომ რუსეთში ღონისძიებებს აღარ გეგმავდნენ და მუშაობას ბერლინსა და ლონდონში გააგრძელებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^