დღეს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქალაქის მერს და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართეს და დიღმის ტყე-პარკში „კია მოტორსის“ შენობის ადგილზე, მრავალფუნქციური კომპლექსის – „ორანჟერეის“ აშენების ნებართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.
დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე 2018 წლის მაისში KIA Motors-ის შენობის ადგილზე, საკონცერტო და საგამოფენო სივრცის მშენებლობის მოთხოვნით წარადგინეს განცხადება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც ივნისში დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და დაიგეგმა პროექტის შეთანხმება.
8 აგვისტოს ქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ დიღმის ტყე-პარკში „კია მოტორსის“ შენობის ადგილზე, მრავალფუნქციური კომპლექსი – „ორანჟერეა“ მოეწყობა. თუმცა აღნიშნა, რომ პროექტი ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა.
„მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო პროექტთან დაკავშირებით, საზოგადოებას დეტალებს ვაცნობებთ“,
მოსახლეობამ უკვე მიმართა ქალაქის მერიასა და საკრებულოს, არ დაუშვან დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მიერ ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. მიმართვას 500-მდე ხელმომწერი ჰყავს.
„ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ახალი კომპლექსი ფუნქციურად შეუთავსებელია ტყე-პარკის დანიშნულებასთან, რამდენადაც მისგან გამოწვეული გაორმაგებული დატვირთვა მძიმედ აისახება პარკის ეკოსისტემაზე და დააზიანებს მოსახლეობის საჯარო ინტერესს, ისარგებლოს ამ უნიკალური ეკოლოგიური რესურსით. მხარს ვუჭერთ დიღმის ადგილობრივ მოსახლეობას, ვისთვისაც აღნიშნული ტყე-პარკი დასვენების, გაჯანსაღებისა და სოციალური თუ სამოქალაქო აქტივობებისათვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი სივრცეა“. - ნათქვამია არასამთავრობოების მიმართვის ტექსტში.
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი მოთხოვნაა, უარი ეთქვას დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ახალი ნაგებობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემას;
ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მოთხოვნილი მშენებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში რთული იქნება ამ ტერიტორიაზე შემდგომი სამშენებლო საქმიანობის შეჩერება.
ეს მოთხოვნა ერთადერთი არაა და მიმართვის ტექსტში, რომელსაც ხელს 9 ორგანიზაცია აწერს, საუბარია წლების განმავლობაში ტყე-პარკის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ქალაქის მთავრობამ ამ უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტის შესანარჩუნებლად.
„სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში დიღმის ტყე-პარკს რამდენჯერმე შეეცვალა ქალაქგეგმარებითი სტატუსი, მწვანე საფარის ტერიტორია დანაწევრდა და გასხვისდა, გაჩნდა უსახური შენობები, რომელთა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჩაედინება პირდაპირ ტყე-პარკის ნიადაგში და აზიანებს გარემოს; გაიჩეხა ხეები, დაირღვა ბუნებრივი ლანდშაფტის ეკოლოგიური ერთიანობა.“ - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.
არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები:
- უარი ეთქვას დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ახალი ნაგებობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნას;
- ქალაქ თბილისის მერის განცხადებასთან თანხმობაში, KIA Motors-ის ამ ტერიტორიაზე განლაგებულ შენობა-ნაგებობას მიენიჭოს შეუსაბამო ნაგებობის სტატუსი;
- ახალი გენგეგმის პროექტის ფარგლებში, დიღმის ტყე-პარკის მთლიან ტერიტორიაზე (აღმაშენებლის ხეივნის, ახმეტელის, ლიუბლიანასა და ჭოხონელიძის ქუჩებს შორის სრული არეალი, აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ არსებული ნაწილობრივ განაშენიანებული ზოლის ჩათვლით) გავრცელდეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი მშენებლობა;
- მომავალ გენერალურ გეგმაში შენარჩუნდეს ამ ტერიტორიისთვის 2006 წელს მინიჭებული სპეციალური გამწვანების ზონის სტატუსი და შეზღუდვის ზონა;
- გაიმართოს საჯარო შეხვედრები დაინტერესებულ ჯგუფებთან დიღმის ტყე-პარკის დაცვისა და შენარჩუნების სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
კავკასიური სახლი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მწვანე ალტერნატივა
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
ღია საზოგადოების ფონდი
ინიციატივა საჯარო სივრცისათვის
CENN
უსაფრთხო სივრცე
დიღმის მასივში, საქართველოს სამხედრო გზის, ახმეტელისა და ლუბლიანის ქუჩებს შორის მდებარეობს დიღმის ტყე-პარკი. მისი ისტორია 1934 წლიდან იწყება.
ქალაქის გენგეგმის მიხედვით მისი ტერიტირია 75 ჰექტარს შეადგენდა. დღეისათვის ამ ფართობიდან 20.5 ჰექტარია გადარჩენილი.
2006 წელს ჩატარდა ტყე-პარკის ინვენტარიზაცია და მერქნიან მცენარეთა პასპორტიზაცია, ნიადაგის შესწავლა და ფიტოსანიტარული გამოკვლევა, რის საფუძველზეც შეიქმნა მერქნიან მცენარეთა 7 000-მდე პასპორტი. დიღმის ტყე პარკის გარშემო ბოლო წლებში განვითგარებული მოვლენები ამ ბმულზეა ასახული.