Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტების დაბალი ჩართულობის გამო წამლები გამოუყენებელი დარჩა

04 სექტემბერი, 2018 14:54

იმის გამო, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტთა დაბალი ჩართულობაა, აუთვისებელი მედიკამენტების ნაწილს აპრილში ვადა გაუვიდა. სახელმწიფომ ის ჩამოწერა და ხმარებიდან ამოიღო, - დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით შეკითხვაზე ამგვარი განმარტება გააკეთა.

სერგეენკოს თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ მიზნად დასახულ ელიმინაციას მიაღწიოს, C ჰეპატიტის პროგრამაში თვეში მინიმუმ 3 500 პაციენტი უნდა ჩაერთოს, თუმცა პროგრამაში ყოველთვიურად საშუალოდ 1000 პაციენტი ერთვება. იმის გამო, რომ ვერ აითვისეს მედიკამენტები, მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ ვადა გაუვიდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვადაგასული მედიკამენტები ხმარებიდან ამოიღეს და პაციენტები ვადიან მედიკამენტებს იღებდნენ.

„მედიკამენტების რაოდენობის შეკვეთა, ანუ პროგრამაში ჩასართავი პაციენტების რაოდენობა შეთანხმებულია მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოსთვის. რაოდენობა იყო მოსალოდნელზე დაბალი. აპრილში მედიკამეტები შეკვეთილი იყო 3 500-ზე, ნაკადი კი იყო თვეში 1000. ვადა გაუვიდა ამ მედიკამენტებს, რაც ძალიან ცუდია, თუმცა ამით სახელმწიფოს ფინანსური ზარალი არ მისდგომია, რადგან გვჩუქნიან და რაც მთავარია, ამით არც პაციენტს შეჰქმნია საფრთხე, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ვადიანი წამლები გვქონდა, ერთი საათიც არ ყოფილა წყვეტა“, - ამბობს სერგეენკო.

როგორც „ლიბერალს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. უწყებაში ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პაციენტი. 2015 წელს წარმოებული კვლევით, საქართველოში 150 000 პაციენტს აღენიშნება ქრონიკული C ჰეპატიტი. შესაბამისად, დაახლოებით 100 000 ადამიანმა არ იცის, რომ მკურნალობას საჭიროებს. ეროვნული სტრატეგიით, 2020 წლისთვის ელიმინაციის მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება დაახლოებით 135 000 პაციენტის დიაგნოსტირება, 128 000 პაციენტის მკურნალობა და 122 000-ის განკურნება.

სერგეენკოს თქმით, ის, რომ მედიკამენტების რაღაც ნაწილს ვადა გასდიოდა, პარტნიორისთვის წინასწარ ცნობილი იყო. მათ ყოველ თვე აწვდიან ანგარიშებს მარაგისა და ათვისების შესახებ, შესაბამისად, მისივე თქმით, ის, რომ ქვეყანამ წამლების გარკვეული ნაწილის ათვისება ვერ შეძლო, კომპანიასთან სამომავლო ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს. რადგან კომპანია „გილეადი", თავიდანვე საქმის კურსში იყო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა, კომპანია „გილეადს“ 2017 წლის შემოდგომაზე მიმართეს თხოვნით, რომ კონკრეტული მედიკამენტის სერიაზე შესაბამისი ლაბორატორიული გათვლებით მომხდარიყო ვადის გახანგრძლივება, რისი პრეცედენტებიც არსებობს, თუმცა კომპანიისგან ამაზე უარი მიიღეს. კომპანიის რეკომენდაციით, იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტებს ვადა გაუვიდოდა, ისინი მხოლოდ უნდა ჩამოეწერათ.

დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, გაიარონ შემოწმება C ჰეპატიტზე და ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩაერთონ პროგრამაში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსით მკურნალობის გავლის შემდეგ პაციენტთა განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.

„მარტივი ჩხვლეტა თითში და 10 წუთში გაიგებენ პასუხს. ყველას ვთხოვ, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რადგან ეს [პროგრამა] უსასრულოდ ვერ გაგრძელდება“, - ამბობს სერგეენკო.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტთა ჩართულობის მაჩვენებელი არ გაიზრდება, როგორი იქნება პროგრამის ბედი 2020 წლის შემდეგ, სერგეენკომ აღნიშნა:

„ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ პაციენტებს, ვისაც ეს ინფექცია აქვთ და ახლა არ აწუხებთ, რამდენიმე წელიწადში ამ დაავადებასთან ერთი-ერთში დარჩებიან და ვეღარ დავეხმარებით“, - განაცხადა სერგეენკომ.

ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა

დავით სერგეენნკოს თქმით, მთავარი გამოწვევა პროგრამაში პაციენტთა ჩართულობის გაზრდაა. სწორედ ამ კუთხით მიიღო ქვეყანამ რეკომენდაციები მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს მხრიდანაც. როგორც სერგეენკო ამბობს, პრიორიტეტად საბჭომ დეცენტრალიზაცია, ანუ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა დაასახელა.

სერგეენკო ამბობს, რომ თუ თავიდან 7 კლინიკა იყო, ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით 30 კლინიკა მოქმედებს. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში თითო რაიონში მინიმუმ ერთი კლინიკა მაინც იქნება.

„მივდივართ დეცენტრალიზაციისკენ, რომ ადამიანს საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჰქონდეს ეს შესაძლებლობა. მიუხედავად ამ გადადგმული ნაბიჯებისა, თუკი პაციენტების ჩართულობა არ გაიზარდა, ჩვენ კიდევ ერთხელ დავდგებით იმ  საფრთხის წინაშე, რომ ეს მედიკამენტები, რომლებიც ყველასთვის სანატრელია და ჩვენ გვაქვს მხოლოდ უფასოდ, კიდევ აღმოჩნდეს, რომ რაღაც ნაწილს ვადა გაუვა“, - ამბობს სერგეენკო.

რაც შეეხება ფინანსურ ხელმისაწვდომობას, მიუხედავად იმისა, რომ C ჰეპატიტის მედიკამენტებს პაციენტები უფასოდ იღებენ, სერგეენკოს თქმით, დაავადების დიაგნოსტიკისა და მონიტორიგნისთვის საკმაოდ ძვირადღირებული კვლევაა საჭირო, დაახლოებით 500-600 ლარის ფარგლებში.

„თავიდან, სოციალურად დაუცველებს ვუფინანსებდით ამ დანახარჯის 70%-ს, ხოლო ყველა ფანარჩენს - 30%-ს. სოციალურად დაუცველებს დანარჩენ 30%-ს მინიციპალიტეტი უფინანსებდა, ხოლო დანარჩენებს ამ 500-600 ლარის 70% თავად უნდა გადაეხადათ. ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტი დავუფინანსოთ დიაგნოსტიკაში და შევუმციროთ ხალხს ფინანსური ბარიერი.

სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა. ე.წ. კონფირმაციული კვლევაც,  შემდეგი ეტაპი არის გენოტიპირება. ახლა კი უკვე ვიწყებთ ამ კვლევების დაფინანსებასაც. 140 ლარს, რაც უნდა გადაეხადათ ამ კვლევისთვის, უკვე ჩვენ ვფარავთ. ამ ეტაპზე ძალიან ცოტა რჩება პაციენტის მიერ გადასახდელი, ესაა დაახლოებით 150 ლარი“, - ამბობს სერგეენკო.

C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის მაჩვენებელი დაბალია - რა სახელდება ბარიერად

C ჰეპატიტის ვირუსის მაღალი პრევალენტობის გამო, საქართველო შეარჩიეს ერთ-ერთ საპილოტე ქვეყნად. საქართველოს მთავრობასა და აშშ ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველო უსასყიდლოდ იღებს ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს ყველა პაციენტისთვის, ვირუსის სრული ელიმინაციის მიზნით.

ბმულზე შეგიძლიათ, იხილოთ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც უფასოდ სკრინინგის შეიძლება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^