
საქართველო ლატვიის თამაშზე სამართალდამცავთა მხრიდან ლგბტ აქტივისტებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხზე „თანასწორობის მოძრაობა" რეაგირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის UEFA-ს მიმართავს.
ორგანიზაციის განცხადებით, 9 სექტემბერს, დინამო არენაზე მათ სამართალდამცავები ლგბტ სიმბოლიკის შემცველი დროშებისა და ატრიბუკიკის შეტანის საშუალებას არ აძლევდნენ, რითაც სახელმწიფომ „ქართული მარშის" მოთხოვნა შეასრულა.
„ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები, რომლებიც ჩხრეკდნენ გულშემატკივრებს და ლგბტ სიმბოლიკის და დროშის აღმოჩენის შემთხვევაში, სტუმრებს მათ დატოვებას აიძულებდნენ. სტადიონზე აქტივისტებს მხოლოდ იმ ბანერების შეტანის საშუალება მისცეს, რომლებზეც გურამ კაშიას ლგბტ სამკლაური არ ეკეთა. აღსანიშნავია, რომ ლგბტ აქტივისტები მოქმედებდნენ დინამოს სტადიონის წესების მიხედვით, რომელიც არ კრძალავს აღნიშნული მასალის სტადიონის ტერიტორიაზე შეტანას" - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განმარტებით, ლგბტ აქტივისტები წლებია ცდილობენ მშვიდობიანად შეიკრიბონ და გამოხატონ თავიანთი პოზიცია არსებული ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ. თუმცა, კონსტიტუციით გარანტირებული ამ უფლების რეალიზება საქართველოში მათთვის კვლავაც შეუძლებელია.
„სახელმწიფო თავს არიდებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას და უსაფრთხოების მოტივით ცდილობს ლგბტ ადამიანების ხილვადობის ჩახშობას. ლგბტ სიმბოლიკას სახელმწიფო. პროვოკაციად აღიქვამს და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძალადობრივად განწყობილი მოქალაქეების პასუხისგებაში მიცემის მაგივრად, ჩაგრული ჯგუფების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლგბტ სიმბოლიკის არდაშვების გაცხადებული მოთხოვნა ჰქონდათ ნეოფაშისტურ ჯგუფებს თამაშამდე. ისინი მოითხოვდნენ, რომ აკრძალულიყო ლგბტ დროშების შეტანა სტადიონზე. სწორედ ამ შემთხვევაში გააუქმებდნენ ისინი მათ მუქარის შემცველ აქციას. სამწუხაროდ, სახელმწიფომ კიდევ ერთხელ დასვა ტოლობის ნიშანი ჩაგრული ჯგუფსა და მოძალადე ფაშისტური დაჯგუფებებს შორის და მუქარას დაემორჩილა ლგბტ აქტივისტების გაჩუმების გზით" - ნათქვამია განცხადებაში.
„ანასწორობის მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ნაბიჯებით ახალისებს ნეოფაშისტური დაჯგუფებების ძალადობრივ საქმიანობას საქართველოში.
„ჩვენი შეფასებით, შსს-ს ამგვარი ქმედებები მიანიშნებს იმაზე, რომ აღნიშნული ნეოფაშიტური ჯგუფები სახელმწიფოს ხელში აქტივისტების გასაჩუმებლად გამოიყენებიან. თანასწორობის მოძრაობა, როგორც ლგბტ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია, აპირებს მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის უეფას, რეაგირების მოსახდენად. დამატებით, პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციული მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო თანასწორობის მოძრაობა მიმართავს გენერალურ ინსპექციას, სახალხო დამცველსა და სასამართლოს" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.