„შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა შსს-ს კანონპროექტზე მარიხუანის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის წინააღმდეგია მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმის, მაგრამ ეწინააღმდეგება იმასაც, რაც ახლა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით.
„მარიხუანის მოხმარებისთვის ციხეში ადამიანები არ უნდა ჩავსვათ, მაგრამ წინააღმდეგი ვარ ყველაფერ დანარჩენის, რაც ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ეს იქნება კატასტროფული შეცდომა, რითაც ეკონომიკა არ გაძლიერდება და ნარკომანიასაც ვერ შეებრძოლებიან.
„ბოლო პერიოდში ქვეყანაში პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ მარიხუანის კულტივაცია და წარმოება უნდა მოხდეს ეკონომიკური მიზნებით, როგორც სიმინდის, ლობიოსი და ჟოლოსი. ეს არის კატასტროფული შეცდომა. ამით ვერც ეკონომიკას გავაძლიერებთ და ვერც ნარკომანიას შევებრძოლებით, რადგან მოსახლეობის მხრიდან ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ნარკოტიკის დაშვება. ყველაფერთან ერთად ამ ინიციატივით გამოდის შსს. ანუ როდიდან გახდა შსს ქვეყნის ეკონომიკასა და შემოსავლებზე მზრუნველი ორგანო?! მე მგონი პრემიერ-მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს და აგვიხსნას, ამის იმედით მოვიდა ხელისუფლებაში?! ეს არის ყოვლად მიუღებელი!", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
12 სექტემბერს შსს-მ მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად და სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მომზადდა. აღნიშნული კანონპროექტი
მთავრობას წარედგინა.