Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლიბერალის" რედაქტორს, ზურა ვარდიაშვილს, თავს დაესხნენ - თავდამსხმელები არც დაუკითხავთ

17 სექტემბერი, 2018 15:36

შაბათს, საღამოს 20:30 საათზე, „ლიბერალის“ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს, თავს დაესხნენ. მას 5-6-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციის თქმით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან. შემთხვევიდან ორი დღე გავიდა, თუმცა, გამომძიებლის თქმით, ისინი არ დაუკავებიათ და არც დაუკითხავთ. 

ზურაბ ვარდიაშვილი იხსენებს, რომ თავდამსხმელები მისი კუთვნილი, გასაყიდი ავტომანქანით დაინტერესდნენ და მის სანახავად მიდიოდნენ. ვარდიაშვილმა მათ შეხვედრა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან დაუთქვა, სადაც მანქანა ჰქონდა დატოვებული.

„როგორც ჩანს, ეს იყო ადგილსამყოფელის დადგენის მიზეზი. დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მომავალი ორი ჯიპი - ML და X5 გაჩერდა. იქიდან 5-6 ან 7 პირი გადმოვიდა და სიტყვის უთქმელად დამესხნენ თავს. ისინი მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური - „მოვიპაროთ ეს ჩემისა“, და ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს, თუმცა ამ დროს მეზობელი ავტოსამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა, და გონს რომ მოვედი თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ".

თვითმმხილველებმა დაინახეს მანქანის ნომერიც. მათვე დარეკეს პოლიციასა და სასწრაფოშიც. ადგილზე მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური განყოფილების თანამშრომლებიც.

„თავდასხმის მოტივზე მისვამდნენ შეკითხვებს, - ამბობს ვარდიაშვილი - დარწმუნებით ვერაფერს ვამბობდი, რადგან დღემდე არ ვიცი, ვის შეიძლებოდა ჰქონოდა ჩემზე ასეთი თავდასხმის განზრახვა, მით უმეტეს, თავდამსხმელები იქცეოდნენ, როგორც სპეციალურად მომზადებული ჯგუფი, მოქმედებდნენ გასამხედროებული დანაყოფივით და ემორჩილებოდნენ ერთ-ერთი მათგანის ბრძანებებს.“

პოლიციაში ვარდიაშვილს ეკითხებოდნენ, ვინმეს ბიზნესს ხო არ შეხებია „ლიბერალი". ვარდიაშვილმა მათ აუხსნა, რომ „ლიბერალი" უამრავ თემატიკაზე წერს და ასე კონკრეტულად მოტივის დადგენა მას თავად უჭირს.

„მეორე დღეს, 11 საათისთვის დამიბარეს. მივედი. პირველი რაც მკითხეს, ის იყო, რომ რატომ ვიცრუე, თითქოს უთანხმოება არავისთან მქონია. მითხრეს, თითქოს მათ დაადგინეს, რომ მე, თურმე, 14 სექტემბერს ისტ-პოინტში მდებარე მაღაზია „კარფურში“ ვიჩხუბე, და ვიღაც პირებს ვცემე. გამომძიებლის თქმით, ამ ინციდენტს მოჰყვა ჩემზე თავდასხმა“. - იხსენებს ვარდიაშვილი.

ვარდიაშვილმა გამომძიებელს აუხსნა, რომ მას არა თუ არ უჩხუბია კარფურში, არამედ საერთოდ არ იმყოფებოდა იქ, თუმცა გამომძიებელი მას უმტიცებდა, რომ მას აქვს ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ იმყოფება ის დედასთან ერთად „კარფურში“ 14 სექტემბერს და ჩხუბობს.

„ამ „ვერსიამ" შოკში ჩამაგდო.  არავითარ „კარფურში“ არ ვყოფილვარ, არავისთან მიჩხუბია, დედაჩემი საერთოდაც არ ცხოვრობს თბილისში.  გამოვედი დაკითხვის ოთახიდან, გადავურეკე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს, დავურეკე შსს-ს პრესსამსახურს და შევატყობინე მომხდარი. საიამ გამომიყო ადვოკატი რეზო აჭარაძე, რომელმაც 10 წუთის შემდეგ დამირეკა და დამარიგა, როგორ მოვქცეულიყავი. დავრეკე რედაქციაში და საქმის კურსში ჩავაყენე თანამშრომლები, რადგან უკვე ვხვდებოდი, რომ ჩვეულებრივ გაუგებრობაში არ მოვყოლილვარ.“

ამის შემდეგ გამომძიებელმა „ლიბერალის" რედაქტორი ისევ ოთახში შეიყვანა და უთხრა, რომ ის მართალია და თავდამსხმელებს შეცდომა მოუვიდათ, რომ „კარფურში“ მართლაც მოხდა ჩხუბი, სადაც პირმა, ვინც თქვა, რომ ზურაბ ვარდიაშვილია, იჩხუბა, ხოლო თავდამსხმელებს შეეშალათ და იმ პირის ნაცვლად გაუსწორდნენ.

ზურა ვარდიაშვილი ამბობს, რომ ამ ვერსიის დასაჯერებლად დამატებითი არგუმენტები სჭირდება, რადგან თავდამსხმელებმა იცოდნენ მისი ტელეფონის ნომერი, იცნობდნენ სახეზე, რადგან არც უკითხავთ ვინაობა ისე დაესხნენ თავს.

მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აქვს მიყენებული.

შსს-ს პრესსამსახურში „ლიბერალს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს (რაც ძალადობას გულისხმობს). როგორც შსს-ში აცხადებენ, დანიშნულია გამოკითხვები და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება. 

ზურაბ ვარდიაშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^