Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გირჩის“ ახალი პროექტი - როგორი იქნება „თავისუფალი განათლების სკოლა“

18 სექტემბერი, 2018 15:42

17 სექტემბერს, სწავლის დაწყების დღეს, „გირჩმა“ განათლების ალტერნატიული სისტემის პრეზენტაცია გამართა. „თავისუფალი განათლება“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის პირველ ეტაპზე სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემისგან დამოუკიდებელი სკოლა უნდა დაარსდეს.

„ჩვენი ყველაზე მასშტაბური პროექტი - „თავისუფალი განათლება“ გულისხმობს არსებული სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემის ალტერნატიული, თავისუფალი საგანმანათლებლო სისტემის შექმნას, რომელიც საბოლოო ჯამში, ალბათ, სკოლების ქსელის ფორმას მიიღებს.

მიზეზი, რის გამოც ამ პროექტის შექმნა გადავწყვიტეთ, არის ის, რომ ჩვენი გადმოსახედიდან, არსებული საგანმანათლებლო სისტემა არის მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში“, - უთხრა „ლიბერალს“ გირჩის პრეზიდნეტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

შესაბამისად, „გირჩი“ პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციასა და რელიგიურ გაერთიანებასთან ერთად ახლა უკვე შპს-ს „აზროვნების გამავრცელებელ საზოგადოებას“ ქმნის.

როგორი იქნება „თავისუფალი განათლების სკოლა“?

„თავისუფლი განათლების“ წარდგენისას „გირჩის“ წევრმა და პროექტის ინიციატორმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ისაუბრა იმ ძირითად საკითხებზეც, რაზეც მათი სკოლა იქნება დაფუძნებული.

  • არავტორიზებული სკოლა: პროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ განათლების ფუნდამენტურ მიზანს ეწინააღმდეგება ის სტანდარტები, რომელსაც დღეს სახელმიწფო საგანმანათლებლო სისტემა და 2400-გვერდიანი ეროვნული სასწავლო გეგმა არეგულირებს. ამიტომ მათი სკოლა განათლების ამ სისტემას არ მოერგება.
  • ასაკობრივი ჯგუფი მკაცრად განსაზღვრული არ იქნება - სკოლაში 5-13 წლის ბავშვებს მიიღებენ და ერთ კლასში 3 წლით უფროსი ბავშვები უმცროსებთან ერთად ისწავლიან. მაგალითად, 5 წლის ასაკის ბავშვებთან ერთად იქნებიან 8 წლის მოზარდებიც. ეს, პროექტის ავტორების თქმით, დაეხმარება, როგორც უფროსებს, ისე უმცროსებს. ასაკობრივი განსხვავება, როგორც პროექტის ავტორები ამტკიცებენ, მოზარდებს სასწავლო მასალის ათვისებაში ხელს არ შეუშლის და პირიქით, უფროსები უმცროსი ასაკის კლასელებს უკეთ დაეხმარებიან, ვიდრე მასწავლებლები.
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმა: პროექტის ავტორების თქმით, აქ მოსწავლეები ერთმანეთის ნაცვლად, მხოლოდ თავიანთ თავს უნდა შეეჯიბრონ.
  • განსხვავებული მასწავლებლები: ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, არსებული სისტემა ზღუდავს ნიჭიერ ადამიანებსაც, გახდნენ მასწავლებლები. „თავისუფალი განათლების“ გასავრცელებლად კი არ იქნება საჭირო განსაზღვრული პროფესია, მთავარი კრიტერიუმი კი მასწავლებლის ღირებულებები, ბავშვებთან თანასწორი დამოკიდებულება და ახლის სწავლის სურვილი იქნება.

„ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც მასწავლებლები კი არ არიან, ბავშვების ჯგუფთან ერთად სწავლობენ. და გვყავს მწვრთნელები, რომლებმაც მათემატიკა, ბიოლოგია და სხვა საგნები იციან, მაგრამ ბავშვები მათ არ ენდობიან. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ბავშვებთან ერთად სწავლობენ და მათი ფუნქცია მოსწავლეთა დახმარება იქნება“, - ვახტანგ მეგრელიშვილი.

  • წერა, კითხვა და ანგარიში; ლიტერატურა; მათემატიკა; ისტორია; მეცნიერება - ეს იქნება საგნები, რომლებსაც მოზარდები ამ სკოლაში შეისწავლიან. მეგრელიშვილის თქმით, ისტორიის საგანზე, ამ შემთხვევაში წარსულის კრიტიკულად გააზრებას ეცდებიან.
  • არააკადემიური საგნები: პროექტის ავტორების თქმით, სკოლას ექნება „ძიძობის სერვისიც“. აქ შეასწავლიან ისეთ რამეებს, რაც, მათი აზრით, აკადემიურ განათლებას არ ეხება. ეს იქნება, სპორტი, ხელოვნება და კონკრეტული უნარ-ჩვევების განვითარებისკენ მიმართული საგნები - პროგრამირება, უცხო ენები და სხვ.
  • შეფასება ნიშნების გარეშე: მეგრელიშვილის თქმით, ნებისმიერი შეფასება სკოლაში არის სუბიექტური: „რეალურად, მხოლოდ ჯგუფის შიგნით ადარებენ ერთმანეთს ბავშვებს, რაც ყველაზე ცუდი რამაა, რაც ადამიანს შეუძლია გაუკეთო“. შესაბამისად, თავისუფლი განათლებისთვის, პროექტის ავტორების თქმით, შეფასება უფრო შინაარსობრივი უნდა იყოს.

ვის მიიღებენ სკოლაში?

პროექტის ავტორების თქმით, მათი მიზანია ისეთი სკოლის შექმნა, რომლის გავრცელებაც მთელ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი. „ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, მისი რეპლიკაცია უნდა იყოს მარტივად შესაძლებელი“, - თქვა პრეზენტაციაზე ვახტანგ მეგრელიშვილმა. - „ასეთი სკოლა უნდა გაიხსნას ბათუმშიც, თელავშიც, ახმეტაშიც და ნებისმიერ ადგილას. ამისთვის, პირველ ეტაპზე, ჩვენ გვჭირდება, რომ მოვამზადოთ მასწავლებელები“.

სკოლა ფასიანი იქნება და ნებისმიერ მსურველს, ვებგვერდ girchischool.ge-ის მეშვეობით, შეეძლება მასში ბავშვის დარეგისტრირება. მეგრელიშვილის თქმით, სკოლაში ისწავლიან თავად მათი შვილებიც. მომავალში კი სხვა მშობლების დაინტერესების და ქსელის შექმნის სურვილი აქვთ.

სკოლის შექმნის პროცესი

  • მშობლების რეგისტრაცია და მასწავლებლების შერჩევა: სკოლაში სწავლის დაწყებამდე, „გირჩის“ წევრების თქმით, პროექტის ავტორებს გარკვეული პროცედურების გავლა მოუწევთ. პირველ ეტაპზე პროექტის ავტორები მშობლების მოზიდვას და მასწავლებლების შერჩევას გეგმავენ.
  • კურიკულუმი/სილაბუსები: უფრო რთული პროცესი იქნება, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, კურიკულუმის მომზადება, თუმცა, მათი თქმით, მსოფლიოში არსებობს მსგავსი ტიპის სკოლები და სასწავლო კურსები, საიდანაც პროექტის ავტორები სილაბუსების აღებას და მათზე დაყრდნობას გეგმავენ.
  • ინფრასტრუქტურა, სასწავლო მასალის მომზადება, სწავლის დაწყება: პროექტის ავტორების თქმით, შემდეგი ნაბიჯი იქნება ინფრასტრუქტურის მოწყობა, შემდეგ სასწავლო მასალის მომზადება და ერგვარი „პრესქულის“ გაკეთება აკადემიური პროცესის დაწყებამდე. ჯაფარიძის თქმით, სწავლის დაწყებას რამდენიმე თვე დასჭირდება.

იქნება სკოლის მიერ გაცემული საბუთი ავტორიზებული?

არა. პროექტის ავტორების თქმით, ახალი სკოლა განათლების არსებულ სისტემას არ უნდა მოერგოს. შესაბამისად, არც მის მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი ცნობა იქნება აღიარებული საქართველოს განათლების სისტემის მიერ.

თუმცა, პროექტის ავტორების თქმით, მათ ეს არ აწუხებთ. რადგან ამ პროექტით სწორედ სისტემის შეცვლა სურთ, თუ არა და, სკოლის მოსწავლეებს განათლების მიღების გაგრძელება მომავალში უცხოეთში ან მათ მიერვე მომავალში დაარსებულ უმაღლეს სასწავლებელში შეეძლებათ, რომელიც განათლების ალტერნატიული სისტემის პერსპექტივაშია.

რა არის პროექტის მიზანი?

„გირჩის“ დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემების სათავეა განათლების არსებული სისტემა. ეს პროექტი კი ამ სისტემის გარღვევის შესაძლებლობას შექმნის. ჯაფარიძის თქმით, „გირჩი“ განათლების ალტერნატიული სისტემის შექმნით, შექმნის კარს, სადაც მომავალში ნებისმიერ მსურველს შეეძლება ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა, რომელიც მის ღირებულებებს ერგება.

„განათლება ზოგადად არის ძალიან გრძელვადიანი პროექტი, ამიტომ ბევრი დროისა და ენერგიის ხარჯვას, რაღა არსებულ სისტემაში რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები შეიტანო, აზრი არ აქვს.

განათლების ალტერნატიული სისტემა თუ მოიპოვებს მშობლების ნდობას, რაშიც დარწმუნებულები ვართ, ეს სისტემა საბოლოო ჯამში ჩამოშლის და გაწევს ბაზრიდან არსებულ სახელმწიფო სისტემას, მიზანი გვაქვს ეს. ჩვენი პოლიტიკური მიზანია, რომ განათლება გავათავისუფლოთ ამ ქვეყანაში და მომავალ თაობებს მივცეთ შანსი, არ იყვნენ ისეთი დაკარგულები, როგორც ჩვენი თაობები“, - უთხრა ზურაბ ჯაფარიძემ „ლიბერალს“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^