Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ექსპერტთა შეფასებით, უნივერსიტეტების ნაწილისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივება დაუშვებელია

18 სექტემბერი, 2018 16:27

უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც უნივერსიტეტების ნაწილისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივებას გულისხმობს. საქმე ეხება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც,  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018-2019 წლებში გასდის/გაუვიდა, ვადა ავტორიზაციისთვის 2020 წლის პირველ იანვრამდე გაუგრძელდება.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონში ცვლილების საჭიროების დასაბუთება, რომლის თანახმადაც, „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც 2018-2019 წლებში ეწურებათ ავტორიზაციის 6-წლიანი პერიოდი, არ მიეცათ გონივრული ვადა ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად“, აზრს მოკლებულია. 

„კანონში ცვლილების საჭიროების დასაბუთება არის აზრს მოკლებული. თუ საუბარი თანაბარი პირობების შექმნას ეხება, მაშინ შემოთავაზებული ცვლილებით ეს პრინციპი ფუნდამენტურად ირღვევა. საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს ამა წლის აპრილიდან, რაც წარმატებით გაიარა 12-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ (უსდ). ავტორიზაციის ვიზიტი დასრულებულია 10 უსდ-ში, ხოლო 2018 წლის ბოლომდე კიდევ 6 უსდ ელოდება ექსპერტთა ვიზიტს. მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება არათანაბარ პირობებში აყენებს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებმაც მოსამზადებელ ეტაპზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეს და ძირითადი რესურსები მიმართეს მათი საქმიანობის გაუმჯობესებისათვის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ავტორიზაციის ვადა გახანგრძლივდა ერთი წლით სწორედ იმ მიზნით, რომ უსდ-ებს საკმარისი დრო ჰქონოდათ ახალი სტანდარტების დასანერგად. შესაბამისად 2017 წელი მთლიანად დაეთმო ახალი სისტემის პილოტირებას, რომელსაც უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ექსპერტები. უნივერსიტეტების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართული პილოტირების ყველა ეტაპზე და ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა შესაბამის განხილვებში. შეფასდა 4 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 21 პროგრამა 11 სხვადასხვა დაწესებულებაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 12 უმაღლესმა წელს წარმატებით გაიარა ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ დადგა დღის წესრიგში სწორედ ახლა ამ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, რაც ამ ეტაპზე არის არათანმიმდევრული, აზიანებს სისტემის განვითარებას და ეჭვს ბადებს, რომ ემსახურება იმ ცალკეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სტანდარტების მინიმალურ დონეზე დაკმაყოფილება“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები ხელს შეუშლის უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების პროცესს. უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები პარლამენტის თავმჯდომარესა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართავენ, არ დაუშვან ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას აუცილებელია, წინ უძღოდეს განხილვები ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

განცხადებას ხელს აწერს უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები:

ლალი ბაქრაძე

თამარ ბრეგვაძე

ირმა გრძელიძე

ირინე დარჩია

აბდულ კახიძე

მარინა ქარჩავა

ქეთი ცოტნიაშვილი

ლიკა ღლონტი

იხილეთ სია, თუ რომელმა უნივერსიტეტმა მიიღო უკვე ავტორიზაცია; სადაც უკვე განხორციელდა ექსპერტთა ვიზიტი; სადაც წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს ექსპერტთა ვიზიტი:

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილ ...

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამა ...
18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
18 ივლისი
18 ივლისი

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებ ...

უცვლელად გთავაზობთ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ განცხადებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ...
^