
მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები აქციას მართავენ. „40-საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის!“ - ითხოვენ კანცელარიასთან შეკრებილები.
„დასაქმებულთა უმრავლესობამ, არც ვიცით, თუ რამდენი საათით მეტს ვიმუშავებთ ყოველდღიურად;
- რამდენს გადაგვიხდიან ამისთვის;
- საერთოდ, თუ გადაგვიხდიან;
- ექნება თუ არა ამას მუდმივი ხასიათი;
- ვინ დაგვიფასებს ზედმეტ შრომას?
- როდემდე გვამუშავებენ ზედმეტს იმის გამო, რომ ჩვენი სამუშაო ადგილი 24 საათიანია?
- როდემდე გვამუშავებენ ზეგანაკვეთურად იმ მიზეზით, რომ კერძო საკუთრება ხელშეუხებელია?
- როდემდე დაგვარწმუნებენ, რომ მუდმივი ზეგანაკვეთური შრომა კანონიერია?
- როდემდე ვიმუშავებთ უფასოდ იმისთვის, რომ სხვა გამდიდრდეს ჩვენი შრომით?“, - ნათქვამია საპროტესტო აქციის ორგანიზატორთან განცხადებაში.
საპროტესტო აქცია „სოლიდარობის ქსელის“ ორგანიზებით დღეს 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ხდებოდეს კანონით გაწერილი 40-საათიანი სამუშაო კვირის აღსრულება; ყოველ ჯერზე შეთანხმდეს დასაქმებულთან დამატებით დროში სამუშაოს შესრულება (ზეგანაკვეთური შრომა).
ასევე, შრომის კოდექსში მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ტარიფის განსაზღვრა და ის შეადგენდეს 1.5-ჯერ მეტს, ვიდრე დასაქმებული ჩვეულებრივი სამუშაო დღის განმავლობაში იღებს; გაუქმდეს სპეციფიკურ სამუშაო კატეგორიათა ნუსხა და დაიწყოს ზეგანაკვეთური სამუშაოს მუდმივი აღრიცხვა.
„საქართველოს კანონმდებლობა იძლევა განმარტებას, რომ ზეგანაკვეთური შრომა უნდა იყოს შეთანხმებული დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. შეთანხმების გარეშე არ შეიძლება იყოს მუდმივი ზეგანაკვეთური შრომა, რასაც ჩვენთან ადგილი აქვს თითქმის ყველა სფეროში.
ამასთან, ზეგანაკვეთური შრომის ტარიფი არ არის დადგენილი. ხოლო ევროსტანდარტით არის განსაზღვრული, რომ ზეგანაკვეთური ხელფასი უნდა იყოს 1,5-ჯერ მეტი, ვიდრე მოქალაქე იღებს ერთ საათში“, - ამბობს რევაზ კარანაძე „ლიბერალთან“.