Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თანასწორობა და შრომითი ურთიერთობები - როგორ ასრულებს საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს

25 სექტემბერი, 2018 15:21

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს ანგარიშები, რომლებშიც შეფასებულია, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირებით ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. 

პოლიტიკის დოკუმენტებში მოცემულია სხვადასხვა სფეროს რეფომირების გზაზე არსებული გამოწვევები, სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები და რეკომენდაციები. 

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმოდგენილ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია შრომით ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე. 

ანგარიშის მიხედვით, 2017 წლისთვის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში უნდა დაენერგა თანასწორობის სამი დირექტივა: რასობრივი თანასწორობის შესახებ დირექტივა; დასაქმებაში თანასწორობის შესახებ დირექტივა; საქონლისა და მომსახურების გენდერულად თანასწორი მისაწვდომობის შესახებ დირექტივა, თუმცა აღნიშნული შეთანხმებულ ვადებში ვერ განხორციელდა. პოლიტიკის დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხებზე პარლამენტი განიხილავს კანონმდებლობაში მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების შეტანის საკითხს, რაც მიზნად ისახავს შრომით სფეროში თანასწორობის დირექტივების იმპლემენტაციას.

„თუმცა, სამწუხაროდ, ცვლილებათა პროექტი არათუ არ გულისხმობს ევროკავშირის წინაშე ვალდებულების სრულად შესრულებას, არამედ შემოიფარგლება მინიმალური გავლენის მქონე საკითხების რეგულირებით და ყურადღების მიღმა რჩება საქართველოს რეალობაში არსებული მნიშვნელოვანი და კომპლექსური პრობლემების გადაჭრა“, - წერია ანგარიშში. 

კანონმდებლობა არ აღიარებს დისკრიმინაციის ყველა ფორმას

EMC-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კანონმდებლობა უგულებელყოფს დისკრიმინაციის ისეთ ფორმებს, როგორებიცაა სექსუალური შევიწროება, გონივრულ მისადაგებაზე უარი, ინტერსექციური დისკრიმინაცია და სეგრეგაცია. მიუხედავად დირექტივებში მოცემული სახელმძღვანელო პრინციპებისა და დამკვიდრებული პრაქტიკისა, განსახილველი კანონპროექტი ამ მიმართულებებით ცვლილებებს არ შეიცავს. 

სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ფორმის, გაუთვალისწინებლობა

„საქართველოს კანონმდებლობა არ განმარტავს სექსუალურ შევიწროებას როგორც დისკრიმინაციის ფორმას და არ ადგენს შესაბამის მექანიზმებს მასთან საბრძოლველად. შესაბამისად, ჩვენს რეალობაში ცხადად არ არის დასჯადი სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, კერძოდ, მისთვის დამამცირებელი, მტრული, ღირსების შემლახველი, დამაშინებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (რაც სექსუალური შევიწროების კლასიკური განმარტებაა)“, - წერია პოლიტიკის დოკუმენტში

ორგანიზაციის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ მიიჩნევს სექსუალურ შევიწროებას დისკრიმინაციის ფორმად, ეწინააღმდეგება ევროკავშირის თანასწორობის დირექტივებს. საქართველომ სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის ვალდებულება იკისრა ასევე სტამბოლის კონვენციით, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციით და დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში დისკრიმინაციის შესახებ კონვენციით. 

გონივრულ მისადაგებაზე უარის, როგორც დისკრიმინაციის ფორმის, გაუთვალისწინებლობა

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გონივრული მისადაგების პრინციპს შრომით სფეროში და გონივრულ მისადაგებაზე უარის თქმას არ მიიჩნევს დისკრიმინაციის ფორმად, რაც მოწყვლადი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თანასწორად რეალიზებისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.

„აღნიშნული კიდევ უფრო მძაფრ ხასიათს იძენს დღევანდელ კონტექსტში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა არ არის სათანადოდ ეფექტიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომის ბაზარზე ჩართვის თვალსაზრისით. გონივრული მისადაგების პრინციპის რეალიზება გულისხმობს აუცილებელი და შესაფერისი ცვლილებისა და შესწორებების განხორციელებას“ 

EMC-ის განცხადებით, დასაქმებაში თანასწორობის შესახებ დირექტივა აღიარებს გონივრული მისადაგების პრინციპს. საქართველო ვალდებულია დანერგოს იგი. გარდა ამისა, საქართველომ გონივრულ მისადაგებაზე უარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცირებით დისკრიმინაციის ფორმად აღიარა, თუმცა აღნიშნული პრინციპი კანონმდებლობაში დღემდე არ დანერგილა . 

ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელების სუსტი და არაეფექტიანი მექანიზმები

პოლიტიკის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის სისუსტეს წლების მანძილზე განსაზღვრავს დისკრიმინაციისგან დაცვის მექანიზმების არაეფექტიანობა, რაც შეზღუდულ მანდატსა და აღსრულების ბერკეტების არასაკმარისობაში ვლინდება.

ანგარიშში სახალხო დამცველის საქმიანობის ნაკლებ ეფექტიანობის გამომწვევ გარემოებებზეა გამახვილებული ყურადღება: კანონმდებლობა არ ავალდებულებს კერძო მხარეებს სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის მიწოდებას; სახალხო დამცველს არა აქვს უფლება, გამოიყენოს სანქციები და ვერ რეაგირებს კერძო კომპანიების/მხარეების მიერ მისი რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე.

„შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც უკანასკნელი წლების მანძილზე შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ყალიბდება, არ წარმოადგენს უფლების დაცვის სათანადო ბერკეტს, რამდენადაც მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება შრომის უფლების, მათ შორის, დისკრიმინაციის შემთხვევების გამოვლენაზე. შესაბამისად, ამ ორგანოს მანდატი მნიშვნელოვნად შეზღუდულია“, - წერია ანგარიშში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შესახებ.  

ზემოხსენებულის გათვალისწინებით ორგანიზაცია შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს:

• საქართველოს კანონმდებლობამ დისკრიმინაციის ფორმებად გაითვალისწინოს სექსუალური შევიწროება, გონივრულ მისადაგებაზე უარი, ინტერსექციური დისკრიმინაცია და სეგრეგაცია; და დადგინდეს დამსაქმებლის პასუხისმგებლობა, რათა მან მოახდინოს სექსუალური შევიწროების პრევენცია და მასზე სათანადო რეაგირება;

• ანტიდისკრიმინაციული რეგულირების ჩარჩო გაფართოვდეს და გავრცელდეს მთელ საჯარო სექტორზე;

• შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და სახალხო დამცველის მანდატები გაძლიერდეს აღსრულების ეფექტიანი მექანიზმით, მათ შორის სანქციების გამოყენების შესაძლებლობით.

საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს:

• აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის შემოღების მიზნით შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მიენიჭოს მანდატი – რეაგირება მოახდინოს დისკრიმინაციის ყველა შემთხვევაზე.

დოკუმენტი მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ შიდა პროექტის „ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის მიერ“. 

იხილეთ დოკუმენტის სრული ვერსია: 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^