
„ოჯახურ დანაშაულებზე და ქალთა მიერ მომართვიანობა ნამდვილად გაზრდილია. 2017 წლის მონაცემებით, 4 000 მეტმა მომართა სამართალდამცავ ორგანოს. 9 თვის მონაცემებით კი - გამოცემული გვაქვს 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რისკის შეფასების ინსტრუმენტი დაინერგა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოცემულია ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი, რაც იმას ნიშნავს, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტი ეფექტიანად მუშაობს. ამასთანავე, მონიტორინგის პროცესში გამოვლინდნენ მოძალადეები, რაც იმას ნიშნავს, რომ მონიტორინგის ახალი მექანიზმიც მსხვერპლთა დაცვის მიზნით ეფექტიანად მუშაობს.
„ჩვენთვის უმთავრესი გამოწვევაა ელექტროსამაჯურების დანერგვა. ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება, დაინერგოს ელექტროსამაჯურები. გავაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიებს. ასევე გაგრძელდება ოჯახში ძალადობის კუთხით გამომძიებლების სპეციალიზაციის პროცესი, რათა ყველა დანაყოფში გვყავდეს სპეციალიზებული ადამიანი, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.