Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

+3 გრადუსი ცელსიუსი: მოსალოდნელია, რომ ზღვის დონის მატება 275 მლნ ადამიანს დააზარალებს

09 ოქტომბერი, 2018 15:55

კლიმატის ცვლილების საკითხის შესახებ მოლაპარაკებებზე, რომელიც ოქტომბერში გაეროში  უნდა გაიმართოს, ახალ მაჩვენებელს - ტემპერატურის 3-გრადუსიან მატებას განიხილავენ, რაც მსოფლიო რუკას მნიშვნელოვნად შეცვლის და 275 მლნ ადამიანს აზარალებს.

The Guardian-ის მიერ მომზადებული სტატიის თანახმად, „პარიზის შეთანხმების“ ფარგლებში მსოფლიო ცდილობდა, გლობალური ტემპერატურის მატება 2 გრადუს ცელსიუსზე შეეჩერებინა, თუმცა ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ 2100 წლამდე ტემპერატურა 3,2 გრადუსი ცელსიუსით გაიზრდება.

„ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როცა ახლოსაც კი არ ვართ იმ მინიმალურ ძალისხმევასთან, რომელიც ასობით მილიონი ადამიანის სავალალო მომავლისგან გადასარჩენადაა საჭირო“ - ამბობს გაეროს გარემოსდაცვითი განყოფილების უფროსი ერიკ სოლეიმი.

გლობალური დათბობით გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ზღვის დონის მატებაა, რაც ჩრდილო და სამხრეთ პოლუსებზე ყინულის ლღობით არის გამოწვეული.

არასამთავრობო ორგანიზაცია Climat Central-ის მონაცემებით, მსოფლიოში 275 მლნ ადამიანი იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომელიც ტემპერატურის 3-გრადუსიანი მატების შედეგად წყლით დაიფარება.

ყველაზე მეტად დაზარალდებიან აზიის ქვეყნები.

ოსაკა, იაპონია - ზარალი მიადგება 5,2 მლნ ადამიანს

იაპონიაში კლიმატის ცვლილების შედეგებს უკვე გრძნობენ ტაიფუნებისა და უწყვეტი წვიმების სახით.

3-გრადუსიანი მატების პირობებში ოსაკას კომერციული ცენტრი წყლით დაიფარება და 19 მილიონი მოსახლე დაზარალდება.

Union of Concerned Scientists-ის შეფასებით, ზღვის მოქცევისა და სხვა ფაქტორების შედეგად სანაპიროს დატბორვით, 2070 წლამდე ოსაკამ შესაძლოა 1 ტრილიონი დოლარის ზარალი ნახოს.

ალექსანდრია, ეგვიპტე - ზარალი მიადგება 3 მილიონ ადამიანს

ზღვის დონის მატებამ, შესაძლოა, ისტორიული ქალაქი წყალქვეშ მოაქციოს.

The IPPC-ის თანახმად, ალექსანდრიის პლაჟებს  ნახევარი მეტრი სიმაღლის წყალი დაფარავს, გადასახლება კი ალექსანდრიასა და ნილოსის დელტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 8 მილიონ ადამიანს მოუწევს.

რიო დე ჟანეირო, ბრაზილია - ზარალი მიადგება 1,8 მილიონ ადამიანს

Climate Central-ის თანახმად, ტემპერატურის მატება არა მხოლოდ რიოს ცნობილ პლაჟებს დატბორავს, არამედ იმ ტერიტორიასაც, სადაც გასულ წელს ოლიმპიური თამაშები გაიმართა.

შანხაი, ჩინეთი - ზარალი მიადგება 17,5 მლნ ადამიანს

დატბორვის წინაშე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ქალაქი შანხაი იქნება. 2012 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია, მათ შორის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების რაოდენობა, დატბორვისგან მიღებული ზარალის აღმოსაფხვრელად საჭირო დრო და პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. Climate Central-ის თანახმად, ტემპერატურის სამგრადუსიანი მატების შემთხვევაში, 17,5 მილიონ ადამიანს სახლის დატოვება მოუწევს.

მაიამი, აშშ - ზარალი მიადგება 2,7 მლნ ადამიანს

ტემპერატურის 3-გრადუსიანი მატების შემთხვევაში, მაიამი აღარ იარსებებს. ტემპერატურის 2 გრადუსით მომატების შემთხვევაშიც კი ფლორიდის სამხრეთ ტერიტორიის 1/3 იტბორება. წყლის ქვეშ მოექცევა ტბა ოკიჩობის არეალში მცხოვრები 7 მილიონი მოსახლეც. ასეთ პირობებში, მთლიანი შტატის დატბორვას დაახლოებით ნახევარი საუკუნე დასჭირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^