Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ფიქრობენ პრეზიდენტობის კანდიდატები პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის შესახებ

12 ოქტომბერი, 2018 16:45

გაეცანით პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილის ხედვას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობოს შესახებ. საპრეზიდენტო კანდიდატების განმარტებები მომზადებულია www.prezidenti.ge-ის მიხედვით:

დავით უსუფაშვილი

ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ მჯეროდა, რომ ქალთა უფლებების საკითხი, ზოგადად, და მათი სრულფასოვანი პოლიტიკური თანამონაწილეობა, კონკრეტულად, სპეციალურ საკანონმდებლო-ადმინისტრაციულ ზომებს არ საჭიროებდა და „ცხოვრებას ეს თავისთავად მოჰქონდა“. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც აშკარაა თითქოს უკვე გადახდილი ღირებულებითი ბრძოლების განახლება, თითქოს უკვე მიღწეული კონსენსუსების დარღვევა, თითქოს უკვე სრულად და ყველას მიერ უარყოფილი სოციალური მოდელებისკენ შებრუნება.

ამ ტენდენციებმა ცუდ დროს მოუსწრო პატრიარქალურ-კომუნისტური წიაღიდან გამოსვლის პროცესში მყოფ ქართულ საზოგადოებას, ზოგი უკვე მორყეული სტერეოტიპი კიდევ უფრო გაამყარა და საჭირო გახადა მათ გადასალახად კონკრეტული ზომების მიღება. უნდა შეიცვალოს საზოგადოებაში გავრცელებული, უსაფუძვლო წარმოდგენები და ტენდენციები, რათა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა ქალებისთვისაც ისეთივე ბუნებრივი გახდეს, როგორც ეს დღემდეა კაცებისთვის.

ამიტომ, ბოლო წლებში მხარს ვუჭერდი და ვუჭერ ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფის სპეციალურ ზომებს და კვოტებს. საარჩევნო კანონმდებლობაში გენდერული კვოტები მაქსიმალურად უნდა აისახოს და არა მინიმალურ-სიმბოლურად (მაგალითად, მეტი დაფინანსება მეტი ქალი კანდიდატის გამო). მნიშვნელოვანია ეგრეთწოდებული მამაკაცური პროფესიების დაწესებულებებსა და ინსტიტუტებში ქალთა მონაწილეობის ზრდა. მაგალითად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის თანაბრად დაკისრება მამაკაცებისა და ქალებისათვის, ოღონდ, იმ მოდელით, რაც თავდაცვის ორგანიზაციის სეგმენტშია აღწერილი.

ზურაბ ჯაფარიძე

ყველა ადამიანი თანასწორია და შესაბამისად, გააჩნია თანაბარი უფლებები. მე მჯერა, რომ არ არსებობს უფლებები, რომელიც დაკავშირებულია ჯგუფურ იდენტობასთან, იქნება ეს ეთნიკური, გენდერული თუ სხვა. არსებობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ისინი ერთია ნებისმიერი ადამიანისთვის განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, რასისა და ა.შ.

სალომე ზურაბიშვილი

კანდიდატის პასუხი ამ თემაზე უცნობია.

დავით ბაქრაძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა უზრუნველვყოთ საზოგადოების ყველა წევრის თანაბარი უფლებები და შევუქმნათ მათ პირობები თავისი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის წასახალისებლად და მათი სამოქალაქო უფლებების სრულყოფილად გამოყენების მიზნით, “ევროპული საქართველო” ზრუნავს მისი სტრუქტურული ერთეულის - ქალთა ორგანიზაციის განვითარებაზე. ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაცია 2017 წელს შეიქმნა, მოხდა ათასობით აქტივისტი ქალის მობილიზაცია, ისევე,როგორც არაერთი ქალი ლიდერის იდენტიფიკაცია და ჩართვა ადგილობრივ თუ ეროვნულ პოლიტიკაში. ამგვარად, ჩვენ ვახალისებთ ქალთა ჩართულობას არამხოლოდ პარტიულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ მეტი ქალის ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

გრიგოლ ვაშაძე

აუცილებელია პოლიტიკაში ქალთა გააქტიურება. მით უმეტეს, რომ საქართველოს მოსახლეობის 53 პროცენტს სწორედ ქალები შეადგენენ. მათი ხმა კი საკმარისად არ ისმის, რასაც ადასტურებს  ქალთა წარმომადგენლობის დაბალი მაჩვენებელი საკანონმდებლო ორგანოში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს საერთაშორისო გამოცდილება. უნდა ვიზრუნოთ, რომ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად იდგეს გენდერული თანასწორობის საკითხი. გამოყენებული უნდა იყოს ყველა ბერკეტი პოლიტიკურ დონეებზე  გენდერულ საკითხებზე დისკუსიისთვის. საჭიროა ქალთა პოლიტიკური აქტიურობისკენ მიმართული ნაბიჯების ლობირება. საქართველოს მასშტაბით  ყველა რეგიონში თანაბრად უნდა იქნეს მიმართული საპრეზიდენტო ფონდიდან თუ სხვა წყაროებიდან რესურსები გენდერულად სენსიტიური საკითხების შესახებ შემეცნებითი პროგრამების ჩატარებისათვის და ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის გაზრდაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისათვის.

შალვა ნათელაშვილი

პოლიტიკაში თანაბრად უნდა მონაწილეობდნენ ქალებიც და კაცებიც, ვისაც სურვილი და მიდრეკილება აქვს ამ სფეროსკენ.

-----------------------------

www.prezidenti.ge 2013 წლიდან მოყოლებული  აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. ამ ვებ-გვერდის მიზანია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამომრჩეველს კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული და ნათელი წინასაარჩევნო ხედვები შესთავაზონ, რის საფუძველზეც მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება არჩევნების დღეს. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^