Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გარემოს დაცვა და ეკოლოგია - რა ხედვა აქვთ საპრეზიდენტო კანდიდატებს

12 ოქტომბერი, 2018 16:48

გაეცანით პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილის ხედვას გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. საპრეზიდენტო კანდიდატების განმარტებები მომზადებულია www.prezidenti.ge-ის მიხედვით:

დავით უსუფაშვილი

ამ სფეროში ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვასწარით ყველაფრის განადგურება და გვაქვს მოსავლელიც, გადასარჩენიც და აღსადგენიც. ჩვენი საცხოვრებელი გარემო უნიკალურია, მაგრამ მისი გაჯანსაღების და შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მეთოდები, რეგულაციები და ინსტრუმენტები არ არის უნიკალური. ეკოლოგიური და ფიზიკური სისტემების სტაბილურობისთვის გვჭირდება მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გარემოსდაცვითი პოლიტიკა. უაღრესად მნიშვნელოვანია ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან და ევროგაერთიანების დირექტივების სრულად გათვალისწინება.


მხარდაჭერილი იქნება ყველა ის  საკანონმედებლო ინიციატივა თუ სამთავრობო ქმედება, რომელიც მიმართული იქნება ადამიანზე გარემოს ზიანის მიმყენებელი რისკების შემცირებაზე:   განახლებადი ენერგიების ფართოდ გამოყენების ხელშეწყობა; ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება; წყლისა და ნარჩენების მენეჯმენტის გაუმჯობესება; ქალაქებში  მწვანე ნარგავების კვოტების  დადგენა; მწვანე საფარის აღდგენა და ახლის გაშენება;  დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერება; კერძო სექტორისთვის სამოტივაციო სისტემების შექმნა და სხვა.


სიჯანსაღესთან ერთად საჭიროა საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია სტიქიური მოვლენების პროგნოზირების, თავიდან აცილების, მათთან გამკლავების, მოსახლეობის ინფორმირების და განათლების ეფექტური სისტემის ქონა. ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრე და სილამაზე - ჩვენი მთები, მდინარეები და ტყეები - ზოგჯერ ჩვენივე მოქალქეებს უქმნის სერიოზულ საფრთხეს. ამ საკითხშიც საჭიროა სხვა მსგავსი რელიეფის, კლიმატის თუ განსახლების არეალის მქონე ქვეყნების მდიდარი გამოცდილების გაზიარება.

ზურაბ ჯაფარიძე

მხოლოდ კერძო ინტერესების გაზრდა, საკუთრების უფლების გაძლიერება და პრივატიაზაცია წარმოშობს სტიმულებს ეფექტურად და ეფექტიანად გამოვიყენეოთ ბუნება ადამიანებმა, ისე რომ მას ნაკლები ზიანი მიადგეს.

გრიგოლ ვაშაძე

ქვეყანაში გარემოს დაცვის კუთხით მრავალი რისკი არსებობს - ჰაერის დაბინძურება გამონაბოლქვით, ნარჩენების მართვის პრობლემა, პესტიციდებით, მძიმე მეტალებით და რადიაქტიული ნივთიერებებით დაბინძურების პრობლემა, პრობლემური ნიადაგების დეგრადაცია და ეროზია, წყლის და კანალიზაციის გაუმართავი სისტემების არსებობა, მინერალების ღია კარიერული წესით მოპოვება, ტყის და ბიომრავალფეროვნების დაუცველობა და სხვა.

საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ავტოტრანპორტიდან, სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტებიდან წარმოებული გამონაფრქვევებით. გარემოს დაბინძურებაში დიდი წვლილი აქვს ნარჩენების პრობლემას. რამდენიმე ქალაქის გარდა, ნაგავი უახლოეს ხევში ან მდინარეში იყრება. იქ კი, სადაც ოფიციალური მუნიციპალური ნაგავსაყრელებია, უმრავლესობას არ გააჩნია ნაგავსაყრელიდან გამოჟონილი წყლების შეგროვება-გაწმენდის სისტემა და წყალგაუმტარი ფუძე, რომელიც მიწისქვეშა წყლებს დაბინძურებისგან დაიცავდა.

გარემოს დაბინძურების კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს ვადაგასული სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატები, რისი გაუვნებელყოფაც არ ხდება და რაც აუცილებელია.

საქართველოში არ არსებობს თანამედროვე სტანდარტებზე აგებული პოლიტიკა და შესაბამისად, კანონმდებლობა ნარჩენების მართვის სფეროში. არ არსებობს ნარჩენების პრევენციის დაკავშირება რესურსების დაზოგვასთან, მწარმოებლის პასუხისმგებლობა ან წახალისება რესურსების დაზოგვის და ნაკლები ნარჩენის წარმოქმნისათვის.

ყველაზე მწვავე პრობლემა, არაეფქტიანი და ბიზნესინტერესებზე მორგებული ენერგოპოლიტიკაა. ის არ არის ორიენტირებული არა მთლიანად ენერგოსექტორის გაუმჯობესებაზე, არამედ მხოლოდ ჰიდრორესურსების სწრაფ ათვისებაზე. ენერგოპოტენციალის მხოლოდ კომერციული და მონეტარული კრიტერიუმებით შეფასება არასწორია და მოძველებულია.

უნდა შეიცვალოს არსებული პოლიტიკა და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ენერგიის დამზოგველი პოლიტიკისკენ. უნდა შემუშავდეს ელექტროენერგეტიკისა და განვითარების სტრატეგია, გადაიხედოს დაგეგმილი ელექტროსადგურების მშენებლობა და გაკეთდეს პროექტების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი. უარი უნდა ითქვას გიგანტური ჰესების მშენებლობაზე და დაიწყოს არსებული ჰესების რეაბილიტაცია-გაწმენდის პროგრამა, რაც დაახლოებით ათას მეგავატამდე გაზრდის გამომუშავებას. ჰესების მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იყოს რეგიონის ბუნებრივი გარემო და იქ მცხოვრებთა ინტერესები. სახელმეწიფომ მოსახლეობაში უნდა დაიწყოს ენერგორესურსის თვითგამომუშავების სტიმულირება, რისი პოტენციალიც საქართველოში მაღალია. ასევე, უნდა დაიწყოს ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება.

ქვეყანაში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება. პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე უნდა დაიხვეწოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ლიცენზიების გაცემის ტყის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენების მართვის, წყლის, სივრცითი დაგეგმვის და სხვა კანონმდებლობები.

შალვა ნათელაშვილი

დეოლიგარქიზაციაა პირველი გარანტი, რომ საქართველოში არ გაიჩეხება ტყეები,  არ შემოვა ტყვიის შემცველობის საწვავი, არ მოხდება წიაღისეულის მოპოვება ღია, დამანგრეველი მეთოდით.

დავით ბაქრაძე

ეკოლოგიურ გამოწვევებზე პასუხის გაცემა ცხოვრების ხარისხზე და მომავალ თაობათა ჯანმრთელობაზე ზრუნვის შემადგენელი ნაწილია, რაც, თავის მხრივ, მოიცავს:

  • საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას;
  • ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას;
  • საერთაშორისო, პირველ რიგში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას;
  • საქართველოს დაცული ტერიტორიების გაზრდას;
  • მსხვილ ქალაქებში სრულფასოვანი საკანალიზაციო სისტემის შექმნაზე მუშაობის გაგრძელებას და ამ პროცესში საერთაშორისო დონორების და უცხოური პარტნიორების დახმარების მოზიდვას;
  • საქართველოს ბუნების შესახებ თანამედროვე ინფორმაციული ბაზის შექმნას.

სალომე ზურაბიშვილი

კანდიდატის პასუხი ამ თემაზე უცნობია. 

****************

www.prezidenti.ge 2013 წლიდან მოყოლებული  აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. ამ ვებ-გვერდის მიზანია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამომრჩეველს კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული და ნათელი წინასაარჩევნო ხედვები შესთავაზონ, რის საფუძველზეც მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება არჩევნების დღეს. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD).

ორგანიზაციის განცხადებით, შევსებული კითხვარის გამოგზავნა ვებ-გვედზე განსათავსებლად, საქართველოს პრეზიდენტობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლო, რომელიც მონაწილეობას იღებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ ვებ-გვერდის შექმნის თაობაზე ღიად გამოცხადდა სხვადასხვა საშუალებებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^