Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერიას აივინფექცია/ტუბერკულოზის შესახებ დეკლარაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

17 ოქტომბერი, 2018 12:11

13-14 სექტემბერს ოდესამ საერთაშორისო კონფერენცია „City Health International"-ს უმასპინძლა. წლევანდელ შეხვედრაზე 300-ზე მეტმა დელეგატმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, ახალი კვლევის შედეგები და ხედვები გაუზიარა.

კონფერენციის მთავარი მიზანი იყო ემსჯელათ ჯანდაცვის კუთხით არსებულ სხვადასხვა გამოწვევებზე, ასევე ის თუ როგორი უნდა იყოს ქალაქების როლი ამ პროცესში.

სადისკუსიო თემებს შორის აივინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებიც იყო. აღნიშნული საქართველოსთვისაც საყურადღებო საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან ორგანიზაციის - „ალიანსი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის“ (უკრაინა) - თქმით, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში შიდსისა და ტუბერკულოზის კუთხით მდგომარეობა მწვავედ დგას. ამ რეგიონში შიდსის ეპიდემია კვლავ იზრდება. რეგიონში აივ-შიდსის ეპიდემია კონცენტრირებულია სხვადასხვა პოპულაციაშია, როგორიც არიან ნარკოტიკების მომხმარებლები, კომერციული სექსმუშაკები, და მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან (მსმ).

რაც შეეხება თბილისს, შიდსის ცენტრის უახლესი მონაცემებით, 2018 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 7 283 აივინფიცირებული ადამიანი, აქედან 2 662 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

საქართველოში რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.4% ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46% ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა; 11%-ს შეადგენენ მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან (მსმ) და სხვა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, თბილისის მსმ პოპულაციაში 2010-დან 2015 წლამდე აივ გავრცელება 7%-დან 25%-მდე გაიზარდა, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რაც შეეხება აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების გეოგრაფიულ განაწილებას, რეგისტრირებული შემთხვევების მიხედვით პირველ ადგილზეა თბილისი, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სარისკო პოპულაციების წარმომადგენლების მიგრაციასთან და ასევე დემოგრაფიულ მონაცემებთან.

საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაფინანსებულია მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორების მხრიდან.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დონორების დაფინანსება ეტაპობრივად მცირდება. მათ შორის გლობალური ფონდის მხარდაჭერა აივ და ტუბერკულოზის კუთხით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

სწორედ ამ მიზეზის გამო მწვავედ დგება ეროვნულ დონეზე ვალდებულების აღების საკითხი, რაც გამოიხატება დივერსიფიცირებული დაფინანსების მოდელის შექმნაში. შესაბამისად, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ როგორც ეროვნულ, ასევე მუნიციპალურ დონეზე რეგიონის ქვეყნებმა უნდა გაზარდონ ინვესტიციები აივ და ტუბერკულოზის პროგრამებისთვის, რათა დაიფაროს ხარვეზები და ყველა ადამიანს ჰქონდეს თანაბარი და შეუზღუდავი წვდომა/ხელმისაწვდომობა პრევენციაზე, მკურნალობასა და მხარდაჭერის სხვადასხვა სერვისზე.

თბილისის საქალაქო სამსახურის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც  არასამთავრობო, სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შედიან, აღნიშნავს, რომ აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის მიმართულებით თბილისში გამოვლენის დაბალი მაჩვენებლისა და მზარდი მიგრაციის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ აივ/ტბ ეპიდემიებზე მდგრადი საპასუხო ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს ადგილობრივი მთავრობის ვალდებულების გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების უფრო აქტიურ ჩართულობასა და პრევენციისა და ზრუნვის სერვისების უწყვეტი ჯაჭვის ინტეგრირებული სისტემის შექმნას.

სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ მერიამ აივ ინფექციის გამოვლენის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად (სარისკო პოპულაციაში) სათემო ორგანიზაციებისთვის სწრაფი ტესტების შესყიდვაც უნდა უზრუნველყოს. მათი თქმით, თბილისში სარისკო პოპულაციების სრული მოცვისათვის საჭირო ტესტების რაოდენობა შეადგენს: ინმ-ის შემთხვევაში - 20 011 და მსმ-ის შემთხვევაში - 3 807 ერთეულს. სწორედ ამიტომ საქალაქო სამსახურებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ გამოვლენის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად დაგეგმილ აქტივობებში.

სამუშაო ჯგუფი ასევე ხაზს უსვამს დროებითი კრიზისული თავშესაფრის შექმნის საჭიროებას სარისკო პოპულაციების წარმომადგენლებისთვის. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სარისკო ჯგუფების წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი სექსმუშაკები და მსმ-ები  აცხადებენ, რომ ისინი განიცდიან დისკრიმინაციას არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდანაც, როდესაც მათი სტატუსი, საქმიანობა ან სექსუალური ორიენტაცია თუ ქცევა მათთვის ცნობილი ხდება. გარდა ამისა, ისინი ასევე განიცდიან ძალადობას სექსუალური პარტნიორების, ოჯახის წევრების მხრიდან და ხშირად რჩებიან უსახლკაროდ ქუჩაში, ყოველგვარი თავშესაფრის გარეშე. უმეტეს შემთხვევაში მათ არ იციან, ვის მიმართონ დასახმარებლად და ეს კი მათ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის აივ-ისა და სხვა ინფექციების მიმართ.

გარდა ამ ღონისძიებისა, ორგანიზაციის რეკომენდაციით, თბილისის მერიის მხრიდან მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების ხელშეწყობა, რომელიც აამაღლებს მოსახლეობის ცოდნის დონეს აივ/შიდსის და ტბ-ის შესახებ და შეამცირებს აივ/ტბ-თან დაკავშირებულ სტიგმას.

პარიზის დეკლარაცია

The Fast-Track Cities (ქალაქების დაჩქარებული პასუხი) არის გლობალური პარტნიორობა, პარიზსა და შიდსის საერთაშორისო ასოციაციას შორის (IAPAC), რომელშიც ასევე ჩართულია გაეროს აივ/შიდსის პროგრამა და ასევე ლოკალური, რეგიონური და საერთაშორისო პარტნიორები. მათ მიერ შემუშავებულია 3-წლიანი, ე.წ. სწრაფი იდენტიფიცირების მიზნები (Fast-Track Targets), რათა უპასუხონ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში აივისა და ტუბერკულოზის გამოწვევებს მიზნობრივ პოპულაციებში:

სტრატეგია ასეთია, რომ 2020 წლისთვის ქალაქებმა უნდა მიაღწიონ 90-90-90 მიზანს. ეს ნიშნავს:

  • აივ ინფიცირებულების 90% ინფორმირებულია თავიანთი სტატუსის შესახებ;

  • 90% იმათგან, ვინც იცის თავისი აივ დადებითი სტატუსი, იღებს აივ მკურნალობას;

  • პაციენტების 90%-ში, რომლებიც გადიან მკურნალობას, მიღწეულია ვირუსული სუპრესია (დათრგუნვა).

საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ თბილისს, შეუერთდეს პარიზის დეკლარაციას, რომელიც სწორედ აღნიშნული მიზნების მიღწევას ისახავს მიზნად.

პარიზის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „საერთო ძალისხმევით ქალაქებს შეუძლიათ  გლობალურ ცვლილებებში წვლილის შეტანა. ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების გამოყენებით, ქალაქები შექმნიან უფრო სამართლიან, ინკლუზიურ, წარმატებულ და მდგრად გარემოს თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად  სქესის, ასაკის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და სექსუალური ორიენტაციისა“.

პარიზის დეკლარაციის მხარდაჭერით ქალაქების მერები გამოხატავენ მზაობას, რომ ხელს შეუწყობენ მოსახლეობაზე ორიენტირებული სერვისების განვითარებას, რეაგირებას მოახდენენ აივ ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკებისა და მოწყვლადობის გამომწვევ  მიზეზებზე, უზრუნველყოფენ ადგილობრივ საჭიროებებზე  მორგებულ საპასუხო ღონისძიებებს და ა.შ.

ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ადგილობრივი სამოქალაქო და პროფესიული საზოგადოებები გამოხატავენ იმედს, რომ თბილისის მერია და პირადად თბილისის მერი შეუერთდება პარიზის დეკლარაციას. მათი თქმით, ამ ნაბიჯით თბილისი თავის წვლილს შეიტანს საერთაშორისო დონეზე აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრობლემებთან გამკლავების საქმეში.

თბილისის მერიის პოზიცია

„ლიბერალი“ აღნიშნულ გამოწვევებზე თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოც.მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს, გელა ჩივიაშვილს ესაუბრა.

ჩივიაშვილი ამბობს, ვინაიდან აღნიშნული პროგრამების დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან ხდება, საჭიროება იმისა, რომ თბილისის მერიამ ამ ეტაპზე თანხები გამოყოს, არ არსებობს. მისი თქმით, ორივე მიმართულებით, დიაგნოსტიკის თუ მკურნალობის თვალსაზრისით, თბილისში პრობლემა არ არსებობს.

„იმ პროგრამებით, რომელსაც ფარავს ცენტრალური ბიუჯეტი, ჩვენ დუბლირებულ დაფინანსებას ვერ განახორციელებთ. ეს არამიზნობრივი ხარჯი იქნება“, - ამბობს ჩივიაშვილი.

რაც შეეხება პრევენციულ პროგრამებს, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიას, აივინფიცირებულთა გამოვლენას ან სხვა მხარდამჭერ პროექტს, ჩივიაშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და მსგავს კამპანიებშიც მონაწილეობენ.

რაც შეეხება პარიზის დეკლარაციის მხარდაჭერას, ჩივიაშვილი არც ამ კუთხით ხედავს საჭიროებას. მისი თქმით, მზაობა, კეთილგანწყობა და სხვადასხვა პროგრამაში ფინანსური მხარდაჭერაც [გულისხმობს c ჰეპატიტის პროგრამას] უკვე გამოხატულია.

„თავის შეკავება აქ არაფერშუაშია, პარიზის დეკლარაციის მხარდაჭერა, როგორც მე მესმის, არის სურვილების, მზაობის გამოხატვა. თუ სურვილით არა, საქმით არის მონაწილეობა მიღებული. დამატებით დოკუმენტზე კიდევ სურვილის გამოხატვა რას ემსახურება, ცოტა გაუგებარია“, - ამბობს ჩივიაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^