დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 52 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კაცს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის გამო ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი - qartli.ge ავრეცლებს.
პროკურატურის ინფორმაციით, კაცმა მეუღლეს ჯოხი სამჯერ დაარტყა. სამედიცინო დასკვნით, ქალს ტვინის შერყევა დაუდგინდა.
„იმ დროს, როდესაც ბრალდებული სამწყემსოდან სახლში დაღლილი დაბრუნდა, მეუღლემ უკმეხად უთხრა რომ მისთვის საჭმელი არ ქონდა გაკეთებული, რაზეც მამაკაცი გაღიზიანდა და მეუღლესთან შეკამათდა" - უთხრა qartli.ge-ს ადვოკატმა გივი ტურაშვილმა.
დაკავებულის მეუღლემ თავად დარეკა 112-ში: „როდესაც მეუღლემ ჯოხი დამარტყა, ისედაც შეუძლოდ ვიყავი და დავრეკე 112-ში, სასწრაფოს პოლიცია მოყვა და წამიყვანეს გორმედში სადაც ტვინის შერყევა დამიდგინდა, "-ამბობს დაზარალებული.
დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წარედგინა: მუქარა და ოჯახში ძალადობა.
ადვოკატის თქმით, არ იყო აუცილებელი პატიმრობის შეფარდება, თუმცა პროკურორის შუამდგომლობა, ქმედების განმეორების ალბათობის შესახებ, მოსამართლემ პატიმრობა გაითვალისწინა.
მუქარა (მუხლი 151) ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ხოლო ოჯახში ძალადობა (მუხლი 126) ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ,ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.