
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, ქართული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების მხარდაჭერისა და მათ განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ავსტრიელ მოსამართლე რენატე ვინტერს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ის საქართველოში ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტს ხელმძღვანელობს.
საპატიო მოქალაქეობის მინიჭების ცერემონიალი უზენაესი სასამართლოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა და მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა უძღვებოდა. დღევანდელ ცერემონიაზე თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად გამოჩნდა ნინო გვენეტაძე, რომელმაც რენატე ვინტერს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი გადასცა.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ცერემონიალზე ხაზი გაესვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შექმნას და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მიღებას.
„თქვენ გადაარჩინეთ საქართველოში არასრულწლოვანი ბავშვების მართლმსაჯულება“,- ასე მიმართა ნინო გვენეტაძემ რენატე ვინტერს.
მას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებასა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის დახმარებით ციხეს 3 000 არასრულწლოვანი გადაურჩა.
„თქვენ დაიმსახურეთ 3000 ბავშვის მადლიერება და ამაზე უფრო დიდი ჯილდო არ არსებობს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
თავად რენატე ვინტერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს და ამჟამად თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, იუსტიციის მინისტრს და იმ გუნდს, ვისთან ერთადაც საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობდა.
„მე ვიმუშავე საუკეთესო გუნდთან, და დღესაც სტუმრები მოვიწვიე პროფესიონალიზმისა და ქალთა მხარდაჭერის ნიშნით. პოლიტიკოსები იცვლებიან, პროფესიონალები არა. რომ არა თქვენი დახმარება და თანადგომა, რომ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე ორ-ორი ქალი მოსამართლე პირველი, მეორე და მესამე ინსტანციიდან, რომ არა გაეროს ბავშვთა ფონდი და ევროკავშირი, ეს ყველაფერი არ იქნებოდა. დიდი მადლობა თქვენ, რომ მე მეორე სამშობლო მომეცით“,- განაცხადა რენატე ვინტერმა.