საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის განცხადებით, თბილისის მერიამ მათ არ მისცა უფლება, ნიკოლაძისა და დიღომბარის ქუჩებზე მდგარ ორ სახლზე გაეკეთებინათ „უკანასკნელი მისამართის“ მემორიალური დაფა.
ინიციატივის ფარგლებში, საბჭოთა ტერორის მსხვერპლის პირველი მემორიალური ნიშანი განთავსდა 2018 წლის 5 ოქტომბერს, რუსთაველის #37-ის (მელიქ-აზარიანიცის სახლის) ფასადზე - კონსტანტინე ყანდარელის ხსოვნის უკვდავსაყოფად.
დაფების განთავსებაზე უარყოფითი პასუხი ორგანიზაციამ თბილისის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისიისგან მიიღო, რომლის ხელმძღვანელიც ირაკლი გვილავაა.
რატომ მიიღო კომისიამ ეს გადაწყვეტილება და რა არგუმენტებით ეთქვა უარი ორგანიზაციას საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალური დაფების განთავსებაზე. მერიამ პასუხი წერილობით მოგვაწოდა.
წერილის მიხედვით, კომისიამ მიიჩნია, რომ ტერორის მსხვერპლთა რეალური რაოდენობიდან გამომდინარე, მემორიალური დაფების განთავსება დიდ მასშტაბს მიიღებდა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დაფების ნაცვლად განისაზღვროს გარკვეული ადგილი, შემუშავდეს კონცეფცია და განთავსდეს მემორიალური ობიექტი, რომელზეც დაიტანენ თითოეული მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას.
მერიის პასუხს უცვლელად გთავაზობთ.
„მიზანშეწონილობის კომისია განიხილავს ყველა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მემორიალური დაფების განთავსების სურვილის შემთხვევაში, დამატებით საჭიროა არქიტექტურის სამსახურის თანხმობა, თუმცა, მხოლოდ მათი ნებართვა ვერ ანაცვლებს ე.წ. მიზანშეწონილობის კომისიის თანხმობას.
რაც შეეხება, უშუალოდ ამ კონკრეტულ პროექტს, კომისიაზე წარდგენილი იყო, სტანდარტულზე ბევრად მცირე ზომის დაფა, თითოეულ რეპრესირებულ პირზე ცალ-ცალკე. კომისიამ იმსჯელა, ტერორის მსხვერპლთა რეალური რიცხვიდან გამომდინარე, რა მასშტაბზე შეიძლება გავიდეს ამ შინაარსის დაფების განთავსება და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დაფების ნაცვლად, რეპრესიების და საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა პატივის მისაგებად განისაზღვროს გარკვეული ადგილი, შემუშავდეს კონცეფცია და განთავსდეს მემორიალური ობიექტი, რომელზეც მოხდება თითოეული მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის დატანა და მომავალშიც შესაძლებელი იქნება დამატება. აქვე მოგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალური დაფების განთავსებაც არ ხდება სხვადასხვა შენობაზე და მათ საცხოვრებელ სახლებზე, რადგან ყველა მათგანის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია გმირთა მოედანზე არსებულ მემორიალზე.
აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას, კომისიამ იმსჯელა სწორედ საბჭოთა კავშირის ტერორიის ერთიან სივრცეში წარმოსახვაზე, რაც ბევრად უფრო თვალშისაცემს გახდის რეპრესიების მასშტაბს.
რაც შეეხება აქტის კანონიერებას, კომისიის ფუნქციას სწორედ ის წარმოადგენს, რომ განსაზღვროს ამა თუ იმ პირის თუ ფაქტის (მოვლენის) პატივის მისაგებად რა ფორმა შეიძლება შეირჩეს და ისინი საკუთარი კომპეტენციია ფარგლებს საკითხზე მსჯელობისას ნამდვილად არ გასცილებიან, რაც აქტის კანონიერების ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას არ იძლევა."