Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი ხელისუფლებას ურჩევს, ხელოვნური არგუმენტებით ხელი არ შეუშალონ სარალიძის პროტესტს

09 ნოემბერი, 2018 21:38

სახალხო დამცველი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების შეკრების უფლების მოსალოდნელ შეზღუდვას ეხმაურება. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

სახალხო დამცველი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების შეკრების უფლების მოსალოდნელ შეზღუდვას ეხმაურება

2018 წლის 9 ნოემბერს მედიით გავრცელებული და სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მიუხედავად მოცემულ შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების არარსებობისა, ზაზა სარალიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 1 ნოემბერს წერილით მიმართა და აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელება და კარვების განთავსება მოითხოვა. მერიიდან მიღებული პასუხის შესაბამისად, ზაზა სარალიძეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე მითითებით, ეთხოვა, მიმდინარე წლის 7 დეკემბრიდან შეცვალოს საპროტესტო აქციის ჩატარების დრო და ადგილი, რათა შეუფერხებლად გაიმართოს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია პარლამენტის შენობის წინ.

გასათვალისწინებელია, რომ აქციის ორგანიზატორი ვალდებულია მერია წინასწარ გააფრთხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე იმართება ან აფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას. ასეთი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს შეკრების ადგილისა და დროის შეცვლის შესახებ რეკომენდაციის გაცემის უფლებამოსილება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ შეკრება რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, ან იმავე დროს და იმავე ადგილას სხვა აქცია არის დაგეგემილი (რომელზეც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში). ამდენად, თბილისის მერიის მიერ მითითებული საფუძვლით შეკრების თავისუფლებაში ჩარევას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

საგულისხმოა, რომ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის შენობის წინ 2018 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა შემთხვევებს, როდესაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან ხელი ეშლებოდათ კარვის განთავსებაში, რაც შეკრების უფლებაში ჩარევად შეაფასა. სახალხო დამცველმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარადგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ასევე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, ხოლო მსგავსი უფლებით სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულობისა და საზოგადოების ღიაობის ხარისხს. ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მონაწილეების მხრიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე შეკრების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით არ შეუშალონ ხელი ზემოხსენებული კონსტიტუციური უფლების რეალიზებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^