შინაგან საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა და შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" მეშვეობით მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა მუქარა. კერძოდ, მათ მიიღეს შეტყობინებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის შესახებ. ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებუილ განცახდებაში.
*********
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ მას და მის შვილებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. მისივე თქმით, მუქარის ავტორები იდენტიფიცირებულები არიან. ისინი არიან სამხედრო პირები, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან.“
ზურაბიშვილის თქმით, მან უკვე მიმართა შს სამინისტროს, რათა დაუყოვნებლიდ მოახდინონ რეაგირება.
„ბოლო დღეებში, კერძოდ, 9, 10 და 11 ნოემბერს ჩემმა შვილებმა, თეიმურაზმა და ქეთევანმა, ასევე, მე მივიღეთ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, რომლებშიც გამოთქმულია სიცოცხლის ხელყოფის მუქარა - შუბლს გაგიხვრეტ, თქვენ სისხლს დავლევ. მუქარა რეალურია ავტორები ინდენტიფიცირებულები არიან - ყოფილი სამხედროები დაკავშირებულები ენმ-სა და მათ მეთაურებთან“.