
საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გამომცემლობა „სახე(ლ)ები“ საპატრიარქოსთან ერთად იწყებს სოციალურ საქმიანობას - უმწეო მოხუცებულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ინტეგრირებული სახლის „ბედნიერების სახლის“ მშენებლობას.
„ამ მიზნით, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქომ გამოყო ტერიტორია ოქროყანასთან და მისმა უწმინდესობამ პირველი შეწირულობაც გაიღო. სახლის მშენებლობისთვის გამართულ აუქციონზე სხვა ნივთებთან ერთად გაიტანეს მისი უწმინდესობის მიერ საჩუქრად გადაცემული საწერი კალამი, რომელიც 8100$ გაიყიდა.
გამოვთქვამთ იმედს, რომ მოხუცებულთა და ბავშვთა ინტეგრირებული სახლი მალე აშენდება და სიხარულს მიანიჭებს არაერთ უნუგეშოდ მყოფს, "- ამბობენ საპატრიარქოში.
გამომცემლობა ,,სახე(ლ)ები“ ყოველწლიურად გამორჩეულ ადამიანებს აჯილდოვებს. განსაკუთრებული ჯილდო ნომინაციაში ,,ეროვნული იდენტობის გამომხატველი სახელი“ The New York Time-ის საერთაშორისო გამოცემა Turning Points-თან ერთად ,,სახე(ლ)ებმა“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს მიანიჭეს. სპეციალური პრიზი კი ,,შემწყნარებლობის იდეალების პოპულარიზაციისთვის“ გადაეცა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს.