
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში, გერმანია-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანელები ვერ დახუჭავენ თვალს იმაზე, რაც რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ხდება.
„თუ შეხედავთ რუსეთის სამეზობლოს, საქართველოში არის „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი, მოლდოვაში - დნესტრისპირეთი, აზერბაიჯანსა და სომხეთში - მთიანი ყარაბაღი, უკრაინაში - აღმოსავლეთ რეგიონები. არსებობს ქვეყნების სარტყელი, რომლებიც ვერ ახერხებენ ისე განვითარებას, როგორც ეს მათ სურთ. ჩვენ, გერმანელები, ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
სიტყვით გამოსვლისას ანგელა მერკელმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, არგენტინაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტთან ქერჩის სრუტეში უკრაინის უფლებების დაცვის საკითხს განიხილავს.