Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზმაუს სამეურვეო საბჭოს უმრავლესობა ეუთოს დასკვნას არ ეთანხმება - იაკობაშვილი

03 დეკემბერი, 2018 17:39

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრები დახურულ რეჟიმში მაუწყებლის მენეჯმენტს შეხვდნენ. შეხვედრაზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ის დასკვნა განიხილეს, რომელშიც მაუწყებლის მუშაობა მეორე ტურამდე პერიოდში კრიტიკულად არის შეფასებული.

საბჭოს წევრი გია იაკობაშვილი ამბობს, რომ საბჭოს უმრავლესობა ამ დასკვნას არ ენდობა და კითხვები აქვთ ანგარიშის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მათ კვლევის მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებთან სურთ შეხვედრა.

სხვაგვარად ფიქრობს ნინია კაკაბაძე, რომელიც ამბობს, რომ მისი მოსაზრებები დასკვნას ემთხვევა.

„ლიბერალი“ საბჭოს ოთხ წევრს ესაუბრა.

„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები სრული შემადგენლობით ვუყურებდით პირველ არხს. ჩვენი შენიშვნები გვაქვს. გვაქვს დადებით მოსაზრებები და კონსტრუქციული კრიტიკა. წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი ყურადღება გაორმაგებული იყო და ნებისმიერი საერთაშორისო იქნება თუ ადგილობრივი ორგანიზაციის დასკვნების მიუხედავად, ჩვენი აზრი გვაქვს.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ დასკვნას, მთლიანობაში ის ძალიან არაობიექტურია და ამას თავისი მიზეზები აქვს. მე არა მგონია, რომ გაეროს უშიშროების საბჭო სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ამას უყურებდნენ. ეს არის ადგილობრივ დამკვირვებლებზე დაყრდნობით და ისინი ვინ არიან, არ ვიცით.

საბჭო მთლიანობაში, უმრავლესობიდან გამომდინარე, ამ დასკვნას არ ეთანხმება. ამ დასკვნის ავტორებს სერიოზულად ვერ შევხედავ. - განუცხადა „ლიბერალს“ გია იაკობაშვილმა.

„შევიკრიბეთ იმ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეუთომ გაასაჯაროვა და რომელშიც მაუწყებლის მუშაობა მეორე ტურის წინაასარჩევნო პერიოდში კრიტიკულად არის შეფასებული.

პოზიციები განსხვავებულია. საბჭოს უმეტესობა დასკვნას არ ეთანხმება და ანგარიშის მეთოლოგიასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ კრიტიკა მიკერძოებულია.

მე, პირადად, საერთაშორისო ორგანიზაციებს ნდობას ვუცხადებ. მე თვითონ ვიყავი ამ არხის მაყურებელი და ჩემი მოსაზრებები ემთხვევა დასკვნას.

იმ ადამიანებმა, ვინც უნდობლობას უცხადებს, გამოთქვეს სურვილი, შეხვდნენ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელებს.“ - ამბობს ნინია კაკაბაძე.

„იმ ტელეგარემოცვაში, სადაც იყო აგრესიული მიმართვები ერთი თუ მეორე მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩემი აზრით, ყველაზე დაბალანსებულ პოზიციას ახმაურებდა.

რაც შეეხება ეუთოს ანგარიშს, მასთან დათანხმება ან დაუთანხმებლობა ცოტა რთულია, რადგან ჯერ უნდა განმარტოს, რაზე დაყრდნობით გააკეთა ასეთი დასკვნა. უნდა მოიყვანოს ფაქტები, რაც არ არის მოყვანილი იმ დასკვნაში და ველოდები ამას.

იმ შემთხვევაში, თუ მოიყვანენ ფაქტებს, სად და როგორ დაირღვა ეს ბალანსი, მოვუსმენ და გავიზიარებ“. - ამბობს ირაკლი პაპავა.

„ჩემი გადმოსახედიდან, შეფასება არის ძალიან მძიმე. მე არ ვეთანხმები მას. გაჩნდა ძალიან ბევრი შეკითხვა დეტალებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ არ ვიცით.

ასეთი დასკვნა რომ კეთდება, უფრო დეტალურად უნდა იყოს განხილული, კონკრეტულად რა დარღვევები იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვქონდეს ამ დასკვნის ავტორებთან კომუნიკაცია. მერე ეს აუცილებლად დამთავრდება შეხვედრით. დავუსვამთ ერთმანეთს შეკითხვებს და საბოლოო დასკვნას მერე გამოვიტანთ. თუნდაც, მე როგორც მაყურებელი და არა როგორც სამეურვეო საბჭოს წევრი ასეთ მძიმე დასკვნას ვერ გავიზიარებდი.“- ამბობს გია ნიჟარაძე.

„გავეცანი თვითონ ანგარიშის ტექსტს. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია კარგად შესასწავლია. რაღაც ნაწილში ვიზიარებ, მაგრამ არის ნაწილი, რომელსაც მე პირადად არ ვიზიარებ. ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მკვეთრად მიკერძოებული იყო.

როგორც პირველი, ისე მეორე ტურის დროსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ეცადა, რომ ყოფილიყო დაბალანსებული, მისცა დრო სხვადასვა პოლიტიკური პარტიის კანდიდატებს, დამოუკიდებელ კანდიდატებს. მცდელობა ნამდვიალდ იყო.

რაც შეეხება, კრიტიკულ ტონს და ჟურნალისტის მიერ თავისი პოზიციის დაფიქსირებას, იქ იყო საუბარი ამაზეც და ეს ნაწილი ალბათ გასაზიარებელია. შესასწავლია და მისაღებია ყოველთვის რეკომენდაცია, რომ ჟურნალისტები უნდა იყვნენ მიუკერძოებლები. არის სიტუაცია, როცა ჟურნალისტი ეთერში აფიქსირებს თავის პირად პოზიციას. ამ შემთხვევაში ჟურნალისტი უფრო ყურადღებით უნდა იყოს, გამოიჩინოს მეტი ეთიკა და პროფესიონალიზმი. არ ჰქონდეს მიკერძოებული და შესამჩნევად კრიტიკული ტონი. ეს არის, ალბათ, ის მთავარი ნაწილი, რაც გასაზიარებელია ყველა ჟურნალისტისა თუ მედიისთვის.

კარგი იქნებოდა თავად ეუთოს წარმომადგენლებთან შეხვედრა, რადგან გვაინტერესებს, რა მეთოდოლოგია გამოიყენეს ამ ანგარიშის წერის დროს. იყო თვითონ გადაცემების მონიტორინგი, თუ იყო შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან?

ხოლო თუ ხდებოდა ცალკეულ ჯგუფებსა და ორგანიზაციებთან შეხვედრები, მაშინ მე მიჩნდება კითხვა, რატომ არ შეხვდნენ მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს. თვითონ მათთვისვე უნდა ყოფილიყო საინტერესო ბორდის პოზიცია და ხედვა.

ეს იქნებოდა ჩემი სურვილი და პირადად მე მაინტერესებს, რატომ არ შეხვდნენ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, სუბიექტს. არ ვსვამ საკითხს, რომ ვთქვათ მონიტორინგს უფრო ვენდობი, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს. მაგრამ თუ დასკვნა მოამზადეს შეხვედრების გათვალისწინებით, რატომ არ შეხვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებსაც. ამ ანგარიშში საინტერესო იქნებოდა ჩვენი პოზიციაც.“ - უთხრა „ლიბერალს“ ბელა ოსიპოვამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^