უკრაინის უმაღლესი რადის ოპოზიციონერი დეპუტატი და მოხალისეთა ბატალიონის, „დონბასის" დამფუძენებელი სემიონ სემენჩენკო თბილისში 2 დეკემბერს დაკავებული უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებამდე საქართველოდან წასვლას არ აპირებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამკვირვებლის სტატუსით ჩამოსულმა პარლამენტარმა დღეს ვიდეომიმართვა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან ჩაწერა.
„მე ახლა ვარ თბილისის პოლიციის შენობის გვერდით, სადაც არიან დაკავებულები უკრაინის მოქალაქეები: დმიტრო კურაგინი, ილია რულონი, ოლეკსანდერ ნოვიკოვი, იური კოროსტელიოვი, იგორ ლენკო, სერგეი კლადკო, როლანდ მელია და საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია. მათი ნაწილი დონბასში იყო მოხალისედ", - ამბობს სემენჩენკო.
რადის დეპუტატის თქმით, ისინი აქ 28-დან 30-მდე ნოემბრამდე, თანამებრძოლთან შესახვედრად ჩამოვიდნენ. ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში ერთად იბრძოდნენ და წლებია ერთმანეთი არ უნახავთ.
„როლანდ მელია აპირებდა მამის საფლავზე, აბაშაში გავლას, ასევე თავისთან ეპატიჟებოდა ბიჭებს - ლუკა ჩხეტია. და აქაც ხვდებოდნენ თავიანთ ძველ თანამებრძოლებს", - აღნიშნავს სემენჩენკო და განაგრძობს, - „მე ჩამოვედი 28 ნოემბერს დამკვირვებლად და სასტუმროში ცალკე ვცხოვრობდი, ბიჭები ცალკე ცხოვრობდნენ. 29-ში მე უკვე დამკვირვებლის მისია დავასრულე. ჩამოვიდა ჩემი მეუღლე და ჩვენ წავედით სტუმრად, გვინდოდა შევხვედროდით ძველ მეგობრებს, გავიხსნეთ ძველი დრო. კვირის ბოლომდე კიდევ რამდენიმე დღე გვქონდა. ბიჭებს ყოველდღიურად ვხვდებოდით. როცა ისინი დააკავეს, მე და ჩემი ცოლი ჩვენს სასტუმროში ვიყავით. ისინი თავიანთ სასტუმროში დააკავეს. წინა დღეს საღამოს ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, არავის იარაღი არ ჰქონია. ისინი აქ თვითმფრინავით ჩამოვიდნენ და ასევე აპირებდნენ უკან დაბრუნებას. იარაღი მათ არ სჭირდებოდათ, რადგან ისინი რაიმე პოლიტიკური აქციისთვის არ ჩამოფრენილან. მხოლოდ ლუკა ჩხეტიას შეიძლებოდა წასულიყო იქ, როგორც ქართველი, მაგრამ არც ეს დასტურდება. ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი გამოვიყვანოთ იქიდან, საქმეში ჩავრთეთ ადვოკატი, შევაგროვეთ „პერედაჩი“, ჩავრთეთ ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, შევატყობინეთ კონსულს და ელჩს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი მათ ჯერ არ შეხვედრია".
სემენჩენკო დარწმუნებულია, რომ მათ იარაღი ჩაუდეს და ისინიც დაამტკიცებენ, რომ უდანაშაულოები არიან:
ა) მათ იარაღი არ სჭირდებათ;
ბ) შეუძლებელი იყო მათ იარაღი სადმე აეღოთ, რადგან ისინი თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ;
გ) მე ვფიქრობ, რომ ეს არის პროვოკაცია. პროვოკაცია იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც სურთ, რომ აქ ქართული ოპოზიცია არ იყოს მშვიდობიანი. თითქოსდა აქ ამზადებდნენ უკრაინელ „ბოევიკებს"; ზუსტად, ასევე ქართველი „ბოევიკებით" აშინებენ უკრაინელებს.
„ვიბრძოლებთ ჩვენი ბიჭებისთვის. აქ ვიქნებით, სანამ ყველაფერი არ დასრულდება. მინდა გითხრათ, რომ იფიქრეთ იმ ადამიანების ნათესავებზე, რომლებიც აქ არიან; იფიქრეთ, როგორ რეაგირებენ ისინი იმ „ფეიქებზე", რომლებსაც პოლიტიკური მიზნით ავრცელებენ ისეთი არამზადები, როგორიცაა პოროშენკოს მრჩეველი. ისინი არიან კორუფციაში ჩაფლულები, მატყუარები. ჰყვებიან, რომ ისინი დაიჭირეს იარაღის ყიდვის დროს, რომ თითქოს მეც ვარ დაჭერილი. სინამდვილეში ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. მგონია, რომ მოგვეცემა საშუალება, ინფორმაცია მივაწვდინოთ ადგილობრივ შსს-ს. ეს არის აშაკარა პროვოკაცია. ვისი ორგანიზებულია ის, ამას ჩვენ უახლოეს პერიოდში გავიგებთ", -აცახდებს სემენცენკო
შსს-მ 2 დეკემბერს თბილისში უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. უწყების განცხადებით, პოლიციამ სპეცოპერაციისას „ბერეტას" და „მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა ამოიღო.
დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. მათ ბრალი ჯგუფურად იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ამ პირების საქართველოში ჩამოსვლის მიზნებზე და ცდილობს დაადგინოს, არის თუ არა კავშირში „ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან“.
ლუკა ჩხეტიას მამის თქმით, ჩხეტია თავის უკრაინელ მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. მას გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მისვლა სურდა, მაგრამ იარაღი არ ჰქონდა და სამართალდამცველებმა დაუდეს.
„ლიბერალი" ესაუბრა „ნაციონალური მოძრაობის" წევრს ხატია დეკანოიძე, რომელიც 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი იყო. როგორც დეკანოიძე ამბობს, დაკავებული უკრაინელების შესახებ პირველად გუშინ მედიით შეიტყო. რაც შეეხება დაკავებულ ლუკა ჩხეტიას, დეკანოიძის თქმით, მის შესახებ ერთადერთი ის იცის, რომ ბატალიონ „დონბასში" იბრძოდა.
შსს-ს ინფორმაციით, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. ამას ადასტურებს სასტუმროც, სადაც ისინი იმყოფებოდნენ.
„დონბასი“ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეთა ბატალიონია. ის 2014 წლის აპრილში სემიონ სემენჩენკოს მეთაურობით ჩამოყალიბდა. სემენჩენკომ რაზმისთვის თანხების მოძიება Facebook-ით დაიწყო.
მაშინ დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციამ თავის ტერიტორიაზე შეიარაღებული რაზმის შექმნას მხარი არ დაუჭირა. სანაცვლოდ სემენჩენკოს მხარდაჭერა გამოუცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონის ადმინისტრაციამ და ბატალიონს საწვრთნელი ბაზაც გამოუყო.
30 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რეგიონებში ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. რამაც „დონბასს“ ლეგალური ბაზისი შეუქმნა და ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში განაგრძო მოქმედება.
2014 წლის 29 მაისს სემენჩენკომ უკრაინის შს მინისტრთან ერთად „დონბასის“ სპეცდანიშნულების ჯგუფის ბაზაზე უკრაინის ეროვნული გვარდია ჩამოაყალიბა. გვარდია დივერსიებისა და საბოტაჟის წინააღმდეგ საბრძოლველად და უკრაინის საზღვრების კონტროლისთვის შეიქმნა.