CRRC-ის გამოკითხვის შედეგებით, რომელიც 30 აგვისტოდან 15 სექტემბერამდე ჩატარდა, მოსახლეობის თითქმის ნახევარს მიაჩნია, რომ საქართველოში მოსამართლეები დამოუკიდებლები არ არიან. მხოლოდ 19%-ია ისეთი, ვინც ფიქრობს, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან.
შეკითხვაზე, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან, 23%, სრულად არ ეთანხმება, ასევე, არ ეთანხმება 23%. გამოკითხულთა 28% არც ეთანხმება და არც ეწინააღმდეგება.
მოსახლეობის 13% ეთანხმება მოსაზრებას მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ და მხოლოდ 6% ეთანხმება სრულად ამ მოსაზრებას.
ასევე თითქმის ნახევარი ეთანხმება აზრს, რომ დღეს მოსამართლეები ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან.
დაბალია მოსამართლეებისა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიმართ ნდობა. სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის, ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სასამართლოს, პროკურატურისა და პარლამენტის მიმართ დაფიქსირდა.
გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობა სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ნაკლებად მიიჩნევს. თუმცა, თითქმის ნახევარს აინტერესებს ის, რაც სასამართლოებში ხდება.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია სასამართლო სისტემის, მასში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების შესახებ. მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა არ იცის ან არასწორად იცის უფლებამოსილების იერარქია და ის, თუ ვინ ნიშნავს მოსამართლეებს.
თუმცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინფორმირებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ.
მესამედზე მეტის აზრით კი, საქართველოში მოსამართლეები სამართლიანები და პროფესიონალები არიან. საქართველოში მცხოვრებლების უმეტესობა სასამართლოს საქმიანობას საშუალოდ აფასებს. თითქმის ნახევარი კი ეთანხმება აზრს, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია.
გამოკითხვა ორგანიზაცია CRRC-მა ევროკავშირის მხარდაჭრით არასამთავრობო ორგანიზაციებს EMC-სა და IDFI-თან თანამშრომლობით ჩაატარა. სულ პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 2080 ადამიანი გამოიკითხა.