
გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული მოძრაობის ლიდერს ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
გიორგი მარგველაშვილმა ყვარელში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში ზურაბ ჭავჭავაძის საფლავი გვირგვინით შეამკო და სახელმწიფო ჯილდო – ეროვნული გმირის ორდენი მისი ოჯახის წევრებს გადასცა.
„პატრიოტიზმი საკუთარი ერის თავდავიწყებულ სიყვარულს ნიშნავს და არა სხვების სიძულვილს, პოლიტიკოსის მისია ერის გაერთიანებაა და არა ერთმანეთზე გადაკიდება და დაპირისპირება. ხელისუფლების მიზანი ერის მიზნისკენ გაერთიანებაა და არა მასების ბრბოებად გადაქცევა. ამ იდეალებს ახორციელებდა ზურაბ ჭავჭავაძე და მის ღვაწლს მივაგებთ პატივს, რომ ახალ თაობას მივცეთ მაგალითი, რა არის სამაგალითო პოლიტიკაში”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ზურაბ ჭავჭავაძე „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” დამფუძნებელი იყო და ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერი.
1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრასაზე ავტოავარია მოხდა. ადგილზე დაიღუპა ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა, მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მიიყვანეს ზურაბ ჭავჭავაძე. ჭავჭავაძე გარდაიცვალა საავამდყოფოში ოფიციალური დიაგნოზით „A ჰეპატიტი“. მყისვე გაჩნდა ვერსიები მისი მოკვლის თაობაზე. ერთი ვერსიით, საავადმყოფოში შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის შედეგად განგებ მოწამლეს. მეორე ვერსიით კი, ექიმის დაუდევრობას ემსხვერპლა.