Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

18 დეკემბერი, 2018 14:32

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული ხუთივე პირი - გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი დამნაშავედ ცნო. 

გურამ დონაძეს 5 წლით და 3 თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლის 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავება 2 წლის და 3 თვის ვადიათ.

ზურა მიქაძეს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლისა და 3 თვის ვადით.

ირაკლი ფირცხალავას 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა სახელმწიფო თანამდებობის დაკავება.

ზაზა ბაქრაძეს კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე, დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანადებობის დაკავების უფლება.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

მათგან ბრალს მხოლოდ ზაზა ბაქრაძე აღიარებდა და აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიიტანეს და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული. მან აღნიშნული ინფორმაცია ჯერ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ინტერნეტის საშუალებით გაავრცელა. 2018 წლის 28 თებერვალს კი ჩვენების მისაცემად საქართველოში დაბრუნდა. ის დააკავეს და 30 მარტს 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

საქმის განხილვა სასამართლოში 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროკურატურის ინფორმაციით, ამ პერიოდში დაიკითხა ორმოცდაათ პირზე მეტი მოწმე, გამოკვლეული იქნა არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები.

„სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  ყოფილმა უფროსმა - გ.დ.-მ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს  ყოფილმა უფროსმა - დ.ი.-მ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს  ყოფილმა უფროსმა - ი.ფ.-მ, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენეს ბოროტად, ხოლო თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა - ზ.მ.-მ და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსმა - ზ.ბ.-მ სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენეს ბოროტად და მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდეს  ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა,  რაც გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 24 ნოემბერს,  დაახლოებით 02:00  საათზე, ქალაქ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით გააჩერა „ბე ემ ვე“-ს მარკის ავტომანქანა, რომელშიც  ისხდნენ ამირან (ბუტა) რობაქიძე, კ.ა., გ.ქ., ა.ბ.,, ი.მ. და ლ.დ. ავტომანქანის გაჩერების შემდეგ ავტომანქანის მძღოლი და მგზავრები, მათ შორის ბუტა რობაქიძე, გადავიდნენ ავტომანქანიდან. პატრულის თანამშრომლებმა საეჭვოდ მიიჩნიეს  ავტომანქანიდან გადმოსული პირები, გამოიძახეს დამხმარე  ეკიპაჟი.

რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის სხვა დამხმარე ეკიპაჟი - გ.ბ.-სა და ლ.ბ.-ს შემადგენლობით და დაიწყეს ავტომანქანიდან გადმოსულ პირთა ჩხრეკა და დაკავება. თუმცა, რობაქიძეს და მის თანმხლებ პირებს  არ აღმოაჩნდათ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავების მიმდინარეობისას პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა ერთჯერადი, გაუფრთხილებელი  გასროლა  და   მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა იქვე მდგომი, ხელებაწეული ამირან რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარი ფაქტის გამო შემთხვევის ადგილზე  მივიდნენ თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს  უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - ზ.მ.,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  უფროსი - გ.დ., თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს  უფროსი - დ.ი., დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი ი.ფ. და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი - ზ.ბ.

დასახელებულმა პირებმა  დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და აღმოაჩინეს, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. იმავდროულად, შემთხვევის ადგილზე მყოფი კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყვეს, რომ პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-ს მხრიდან გაუფრთხილებელ გასროლას შედეგად მოჰყვა ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალება.

ბრალდებულებმა ზ.მ.-მ, გ.დ.-მ, ი.ფ.-მ, დ.ი.-მ და ზ.ბ.-მ, რომლებიც მოქმედებდნენ წინასწარ ურთიერთშეთანხმებით, განიზრახეს ამირან (ბუტა) რობაქიძის,  გ.ქ.-ს, ი.მ.-ს, კ.ა.-ს, ლ.დ.-ს და ა.ბ.-ს ხელოვნური და სრულიად უსაფუძვლო  დადანაშაულება პოლიციელებზე შეიარაღებულ თავდასხმაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარებაში. ამ მიზნით, პოლიციის მაღალჩინოსნებმა ხელოვნურად შექმნეს  ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე შეიქმნა იმგვარი სურათი, თითქოსდა დაკავებულ ახალგაზრდებს თან ჰქონდათ სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი  და საბრძოლო მასალა,  რაც  შემდგომ  აისახა პროცესუალურ დოკუმენტებში. კერძოდ, შემთხვევის ადგილზე დასახელებულ თანამდებობის პირთა მითითებით მიიტანეს ორი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი რევოლვერი, ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 248 (ორასორმოცდარვა) ცალი ვაზნა.

პოლიციის  პასუხისმგებელ პირთა მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბებამ მძიმე შედეგი გამოიწვია. სახელდობრ, სრულიად უსაფუძვლოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ იქნენ მიცემულნი:  კ.ა., გ.ქ., ა.ბ.,, ი.მ. და ლ.დ., რომელთა მიმართაც გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^