იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს, სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს წარადგენენ. სხდომის დღის წესრიგში შესულია საკითხი: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ".
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, დღის წესრიგი იკითხება იმგვარად, რომ ისინი კანდიდატურის დასახელებას აპირებენ.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება წევრების დასახელება თუ თავმჯდომარის, ვფიქრობ, დაცული უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპი. მოვუწოდებ, არ დაასახელონ დღეს კანდიდატი, რადგან არ შეიძლება მომავალი მოვუსპოთ ამ ქვეყანას. მნიშვნელოვანია, ყველას მივცეთ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა“, – ამბობს ჯანეზაშვილი.
საბჭოს არამოსამართლე წევრი დღეს გამართულ სხდომაზე ბავშვთან ერთად მივიდა. მისი თქმით, ეს ერთგვარი პროტესტია.
„მოვედი ბავშვთან ერთად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმის გამო, რომ ვფიქრობ, დღეს საქართველოში უკვე ძალიან მწვავედ დადგა საკითხი, რომ ჩემი 2 თვის შვილი და მისი თაობა, როდესაც გაიზრდება, სასამართლო, სამწუხაროდ, ისევ ჩინჩალაძის კლანის ხელში იქნება. რადგან ჩვენ ვიცით, რომ ნადარაიები, გვრიტიშვილები და სხვები დანიშნული არიან 65 წლის ასაკამდე და ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩემი შვილი და მისი თაობის ადამიანები გაიზრდებიან და გახდებიან 25 წლის, სასამართლო სისტემა ისევ ამ კლანის ხელში იქნება“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა, - „ეს არის რეალობა, რომელსაც ზურგს უმაგრებს იურიდიული მხარე. ისინი დღეს არიან უვადოდ დანიშნული მოსამართლეები. ახლა ცდილობენ, რომ ისინი ან მათი ფავორიტები უზენაეს სასამართლოში იყვნენ უვადოდ არჩეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი 65 წლის ასაკამდე ამ თანამდებობებზე დარჩებიან“.
მისი თქმით, ახლა უკვე უზენაესი სასამართლო, რომელიც მოქალაქეების ბოლო იმედია, შესაძლოა, 25 წლით აღმოჩნდეს „ჩინჩალაძის კლანის" ხელში. ჯანეზაშვილმა საბჭოს მოუწოდა, არ დაასახელოს დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურები და პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარმართოს.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს.
იუსტიციის საბჭოს 17 დეკემბრის სხდომაზე ჯანეზაშვილმა წარადგინა პროექტი, რომელიც კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, აღნიშნული ჯგუფი პროცესზე დაკვირვების შედეგად კანდიდატების შესახებ სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას მოამზადებს. საბჭოს წევრებმა კენჭი არც საკითხის მიღებას უყარეს და არც საკითხის გადადებას.