Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უზენაესის მოსამართლეობის ათივე კანდიდატი პარლამენტს მიმართავს, მათი კანდიდატურები არ განიხილონ

21 იანვარი, 2019 17:03

„მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას“-  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები განცხადებას ავრცელებენ.

მათი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და მხოლოდ ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. 

„ჩვენ არ გვსურს გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს“,-წერია განცხადებაში. 

ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას. 

წაიკითხეთ განცხადება სრულად. 

„საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარედგინა ჩვენი კანდიდატურები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.

აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს.

ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებას Facebook-ზე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. 

„რა საჭირო იყო ეს განცხადება?

ჯერ კიდევ 12 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიგან გახდა ცნობილი, რომ ამ წესით წარდგენილ კანდიდატებს არ განიხილავდნენ", - წერს ჯანეზაშვილი. 

ეს არის შუალედური გამარჯვება - ნაზი ჯანეზაშვილი კობახიძის განცხადებაზე

იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სია 2018 წლის დეკემბერის ბოლოს წარუდგინა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^