Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკუსვლა დემოკრატიაში და სხვა საფრთხეები კორუფციის აღქმის ინდექსში

29 იანვარი, 2019 12:21

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2018 წლის მონაცემები გამოაქვყენა. განახლებულ ინდექსში საქართველო 180 ქვეყანაში 41 ადგილზეა, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებთან, ლატვიასა და ესპანეთთან ერთად.

კორუფციის აღქმის ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წერს, საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუმჯობესდა გასულ წელთან შედარებით. თუმცა კვლევის მეთოდოლოგიით, 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა.

„აღსანიშნავია, რომ საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა შედეგი CPI-ს კვლევაში 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა (უკეთესობისკენ ან უარესობისკენ). ასევე, გასათვალისწინებელია, რომ კვლევაში ასახული არ არის 2018 წლის მიწურულს გახმაურებული მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები, რომლებმაც მომავალში შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინონ რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე“, - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ინდექსზე დაყრდნობით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე, რადგან, როგორც ორგანიზაცია წერს, საქართველოს ემუქრება „უკუსვლა დემოკრატიის სფეროში, რაც მაღალი დონის კორუფციის საფრთხეს ზრდის და გულისხმობს, რომ ქვეყანა მომავალში დაკვირვებას საჭიროებს.“

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დემოკრატიას სხვადასხვა პრობლემასთან ერთად სამართალდამცავი სტრუქტურების ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მთავრობისგან მხარდაჭერილი თავდასხმები უქმნის საფრთხეს.

ხელისუფლებაში კორუფციისა და უკანონო ქმედებების გამოძიების გადაუდებელი საჭიროების მიუხედავად, საქართველომ ვერ შექმნა დამოუკიდებელი სააგენტოები, რომლებიც სათანადო მანდატით აღიჭურვებოდნენ.

ორგანიზაციას ასევე მოჰყავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევა, რომელშიც გამოკითხულთა 36%-ს სჯერა, რომ საჯარო მოხელეები ძალაუფლებას პირადი მიზნებისთვის იყენებენ. მაშინ როცა 2013 წელს, ამ მოსაზრებას მხოლოდ 12% იზიარებდა.

საქართველო დემოკრატიასა და კორუფციაში პრობლემების მიუხედავად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კორუფციის აღქმის ინდექსით პირველია.

მსოფლიოში კი კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი დონე დანიას აქვს (88), ყველაზე მაღალი კი სომალიშია - 10.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიხედვით, კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც წელს 26-ედ ქვეყნდება, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ.

2012 წლიდან კვლევა ტარდება ახალი მეთოდოლოგიით, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

4 ლგბტ აქტივისტს ჰომოფობიური მოტივით ფიზ ...

ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მას და კიდევ 3 აქტივისტს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კლუბის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ბრა ...

ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ზუგდიდში მოწამლული 10 უცხოელი ბავშვის სა ...

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უცხოელი ბავშვი გადაიყვანეს. როგორც „ლიბერალს“ „ევექსში&ldqu ...
^