სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რელიგიური ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღების ან არსებულ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის საკითხები დღის წესრიგში არ უნდა დადგეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რელიგიისა და რელიგიური ორგანიზაციის დეფინიციის კანონმდებლობაში გაჩენის საკითხი პრობლემატურია და რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების რაობის განსაზღვრა არ უნდა შედიოდეს სახელმწიფოს პრეროგატივაში.
მათი თქმით, დასავლური ქვეყნების გამოცდილება საქართველოს კონტექსტში შეიძლება იყოს არარელევანტური.
„შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნეგატიურ გამოცდილებაზე, რამდენადაც, რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონი ამ ქვეყნებში იქცა რელიგიის თავისუფლების, რელიგიური ორგანიზაციების შეზღუდვისა და დევნის საშუალებად“,-წერია გავრცელებულ განხცადებაში.
წაიკითხეთ განცხადება სრულად:
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო დადებითი მოლოდინით შეხვდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივას რელიგიის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, წარმოდგენილი ფორმატი ხელსაყრელი მექანიზმი გახდება რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობის პრინციპების დაცვისა და თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად.
რელიგიის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან ერთად, როგორც ამ ჯგუფის ფარგლებში, ისე მის მიღმა, განიხილება რელიგიური ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღების ან არსებულ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის საკითხები.
სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ არა ერთი შეხვედრა მიუძღვნა მოცემულ საკითხებზე მსჯელობას და ფართო დისკუსიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გვსურს წარმოვადგინოთ ჩვენი საერთო პოზიცია:
1. მიგვაჩნია, რომ რელიგიური ორგანიზაციების შესახებ სპეციალური კანონის შემუშავება დღის წესრიგში არ უნდა დადგეს და ამდენად, კანონის მიღების შესაძლებლობასაც რელიგიათა საბჭო (ხელმომწერი ორგანიზაციები) არ მივესალმებით.
უპირველეს ყოვლისა, პრობლემატურია რელიგიისა და რელიგიური ორგანიზაციის დეფინიციის კანონმდებლობაში გაჩენის საკითხი. რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების რაობის განსაზღვრა არ უნდა შედიოდეს სახელმწიფოს პრეროგატივაში.
გარდა ამისა, კანონი შეიძლება შეიცავდეს მაღალ რისკს, იერარქიზაცია მოახდინოს და დაახარისხოს რელიგიური გაერთიანებები, დააწესოს გარკვეული შეზღუდვები და ბარიერები როგორც რეგისტრაციასთან, ისე რელიგიური გაერთიანებების საქმიანობის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
როდესაც საუბარია სპეციალური კანონის მიღებაზე, ხშირად მაგალითად მოჰყავთ დასავლური ქვეყნების გამოცდილება. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული გამოცდილება არ არის ერთგვაროვანი, - ყველა ქვეყანაში რელიგიური გაერთიანებების შესახებ სპეციალურ კანონმდებლობას სრულიად განსხვავებული და მრავალფეროვანი ისტორია და რეალობა განაპირობებს. ამდენად, საქართველოს შემთხვევაში, ამ არგუმენტის გამოყენება არარელევანტურად მიგვაჩნია. მით უფრო, რომ არა ერთ დასავლურ სახელმწიფოში რელიგიური გაერთიანებების კანონი საერთოდ არ არსებობს და ეს ქვეყნები რელიგიის თავისუფლების და თანასწორუფლებიანობის დაცვის მაღალი სტანდარტით გამოირჩევიან.
ამავდროულად, ზოგიერთი ქვეყნის მაგალითზე, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნეგატიურ გამოცდილებაზე, რამდენადაც, რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონი ამ ქვეყნებში იქცა რელიგიის თავისუფლების, რელიგიური ორგანიზაციების შეზღუდვისა და დევნის საშუალებად.
ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამა თუ იმ კანონში შემორჩენილი დისკრიმინაციული ნორმებისა (რომელთა აღმოფხვრა აუცილებელია), საქართველოში რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული სისტემური თუ კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა, უმეტესწილად, პოლიტიკურ ნებასთანაა დაკავშირებული.
აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლების მხრიდან რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის გასაუმჯობესებლად გამოხატული იქნება შესაბამისი ინიციატივები, ისინი უკვე მოქმედ სხვადასხვა კანონში ცვლილებების შეტანისკენ უნდა იყოს მიმართული.
2. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა, რელიგიური გაერთიანებებისა და შესაბამის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო მონაწილეობით, უნდა იმსჯელოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 3 ივლისს მიღებული ორი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების აღსრულებაზე - შეიტანოს ცვლილებები 1) საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2) სახელმწიფო ქონების კანონში და უზრუნველყოს რელიგიური გაერთიანებებისთვის თანაბარი პირობები.
3. რელიგიათა საბჭომ 2017 წელს სახელმწიფო უწყებებისადმი რეკომენდაციების ნუსხა შეიმუშავა, რომელშიც აღწერილია რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული ყველა ძირითადი პრობლემა და მათი გადაჭრის გზები.
რამდენადაც მეტად სასურველია მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს საკანონმდებლო ხარვეზებისა და უთანასწორობის აღმოფხვრის მიმართულებით, უმჯობესი და ხელსაყრელი იქნება, რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები სახელმძღვანელო დოკუმენტად იყოს გამოყენებული ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და რელიგიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობისას.
ყოველივე ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სამუშაო ჯგუფის მიერ, განხილული და გათვალისწინებული იყოს საქართველოს სახალხო დამცველისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები საქართველოში რელიგიის თავისუფლების, რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის დაცვისა და ტოლერანტული გარემოს გაუმჯობესების კუთხით.
ვიმედოვნებთ, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ყურადღებით მოეკიდება რელიგიათა საბჭოს განცხადებაში წამოწეულ საკითხებს და დაწყებული საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესი რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის თვალსაზრისით არსებული რეალობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგვცემს.
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი ორგანიზაციები:
- კათოლიკე ეკლესია საქართველოში
- ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში
- სახარების რწმენის ეკლესია
- ქართველ მუსლიმთა კავშირი
- ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
- საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
- სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
- ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველო
- ხსნის არმია
- საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია
- ეზიდთა სასულიერო საბჭო საქართველოში
- წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია
- ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
- დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
- ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი
- სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
- კრიშნას ცნობიერების საზოგადოება - თბილისის ვედური კულტურის ცენტრი
- მეგობართა რელიგიური საზოგადოება – კვაკერები
- მეშვიდედღისქრისტიან-ადვენტისტთაეკლესია
- ბაჰაის საზოგადოება საქართველოში