
3 წელზე მეტი გამოცდილების მქონე 8 მოსამართლე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა.
როგორც კენჭისყრამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, „მთავარია „კლანს" დაუმტკიცო ერთგულება და მოსამართლის მანტია უვადოდ გაქვს გარანტირებული".
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს განიხილავს იმ მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნის საკითხს, რომელთა უმრავლესობამ მოგვმართა გასული წლის თებერვალში და შემდგომ პერიოდში. პრობლემური არის ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავად ხელოვნურად, 1 წლით შეაჩერა უვადოდ დანიშვნები, ხოლო, მაშინ, როდესაც ინიშნებოდნენ ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, ირაკლი შენგელია და სხვები. მათ ეს საკითხი განიხილეს დაახლოებით, სამ ან მაქსიმუმ ხუთ თვეში. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა ჩვეულებრივ მოსამართლეებს, როგორც გვრიტიშვილი უწოდებს, უბრალო მოსამართლეებს, მათი საკითხი ხელოვნურად ერთი წლით გაჭიანურდა. თუმცა, აქ საინტერესოა ის, რომ მოსამართლეები, რომელთა საკითხი დღეს განიხილება, მათი უმრავლესობა გვიპირისპირდებოდნენ და აყვნენ ვასილ მშვენიერაძის (თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის) მოწოდებას, როდესაც ის მიუთითებდა, რომ მოსაზრება გამოეთქვათ ჩემი და ანა დოლიძის შესახებ. ანუ, რეალურად ამ ადამიანების უმრავლესობა და არა ყველა, სანამ მათი კენჭისყრის საკითხი დადგებოდა გამოირჩეოდნენ იმით, რომ თავი მოეწონებინათ „კლანისთვის", რადგან ჩვენს წინააღმდეგ წერდნენ სხვადასხვა განცხადებებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არის ხარვეზიანი", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს წარმატება უსურვა და განაცხადა: „კენჭისყრა ფარული იყო. ასე უნდა იყოს ყველა წევრი, გადაწყვეტილებას შეფასებისა და დოკუმენტების საფუძველზე, გასაუბრების შედეგის მიხედვით უნდა იღებდეს. ეს ყველაფერი ქულებში ავსახეთ. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, 90-80 ქულა იყო ყველა შემთხვევაში, რაც მაღალი მაჩვენებელია. ქულათა აღნიშნული ჯამი აძლევს ამ მოსამართლეებს უფლებას, უვადოდ დანიშნულიყვნენ“.
1tv.ge-ს მონაცემებით, უვადოდ გამწესდნენ მოსამართლეები:
ნატრული აკობია – ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, 12-ხმით ორის წინააღმდეგ,
ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 14 ხმით, სრული მხარდაჭერა,
გია ბერაია – ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,
ლერი თედორაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 13 ხმით ერთის წინააღმდეგ,
ინდირა მაშანეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,
სალიხ შაინიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,
ნატო ხუჯაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,
მერაბ ჯორბენაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 13 ხმით ერთის წინააღმდეგ.