Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ აკრიტიკებენ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ კანონპროექტს ცხოველთა დამცველები

19 თებერვალი, 2019 19:15

პარლამენტი ცხოველის წამებასა და მოკვლაზე სასჯელის გამკაცრების მიზნით სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს განიხილავს. პარლამენტის ბიუროზე კანონპროექტი დეპუტატების: კახა კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, სულხან მახათაძის, ნინო წილოსნისა და გელა სამხარაულის ინიციატივით დარეგისტრირდა.

ახალი კანონპროექტით, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობით, სანქციები არაადეკვატური იყო, ასევე გასამიჯნი იყო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით გამოძიების წარმართვა. ცხოველის მოკვლასა და წამებაზე ორივე კოდექსი ითვალისწინებდა სანქციას.

ახალი კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 104-ე მუხლი ფორმულირებული იქნება არა როგორც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, არამედ - არასათანადო. ცვლილების შემდეგ ცხოველის მოკვლა მხოლოდ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 104-ე მუხლი ასე უნდა ჩამოყალიბდეს:

ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას,ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.

ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შემდეგ სასჯელის ზომა და სახე იცვლება. კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებდა სასჯელის სახით შინაპატიმრობას, ხოლო თავისუფლების აღკვეთა გათვალისწინებული იყო 259-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლამდე.

ინიციატორების მიხედვით, პროექტი უკვე ითვალისწინებს, როგორც შინაპატიმრობას, ასევე თავისუფლების აღკვეთას არა მარტო 259-ე მუხლის პირველი ნაწილის, არამედ მე-2 ნაწილის შემთხვევაშიც და სანქცია 2-დან 3 წლამდე იზრდება. ეს მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდება:

მუხლი 259. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა
1. ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, -
ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე,
შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

კანონპროექტი, განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის სასჯელის გამკაცრებისა და მოქმედი კანონმდებლობის დასახვეწად მომზდადდა, თუმცა ცხოველთა დამცველებმა კანონპროექტი გააკრიტიკეს. Facebook-ზე ცვლილებებს არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. როგორც თინათინ ჭავჭანიძემ „ლიბერალს" უთხრა, ეს არის ცვლილებები ცვლილებებისთვის. კანონპროექტი ბუნდოვანია, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და არც სასჯელი მკაცრდება შესაბამისად.

„რას ნიშნავს არასათანადო მოპყრობა, აბსოლუტურად ბნელით არის მოცული. თუ არ ამბობ, რა არის არასათანადო მოპყრობა, მისი აღსრულებაც ვერ მოხდება. ეს ტერმინი კარგად უნდა იყოს ახსნილი. წერია, რომ რაც ტკივილს აყენებს, ის მიიჩნევა, მაგრამ ეს ზოგადია. მაგალითად, როცა ფრინველს მოინადირებ, ტკივილსაც აყენებ ხომ?! ეს ტერმინები უნდა განისაზღვროს, თან მკაფიოდ“, - უთხრა „ლიბერალს“ თინათინ ჭავჭანიძემ.

სოფო ჯიბუტის თქმით, კანონპროექტში კითხვას აჩენს ცხოველებისა და ფრინველების დაყოფაც.

„პრობლემაა ისიც, რომ ფრინველები არის ცალკე გამოყოფილი. გაუგებარია ფრინველებთან დაკავშირებით რას ნიშნავს ან არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა. ადამიანმა სოფელში ქათამი რომ დაკლას ეს ჩაითვლება არასათანადო მოპყრობად?! განსაზღვრული უნდა იყოს კანონში აუცილებლად, რას ნიშნავს არასათანდო მოპყრობა და სასტიკი მოპყრობა“, - უთხრა „ლიბერალს“ სოფო ჯიბუტმა.

ჭავჭანიძე კი დასძენს, რომ ცხოველთა სამყარო გაცილებით ფართოა, ძუძუმწოვრებსა და ფრინველებთან ერთად ბევრ სხვა ჯგუფსაც მოიცავს, მაგალითად რეპტილიებს, მწერებს. 

„ეს დაყოფა არის სრულიად გაუგებარი. რეპტილია შეგიძლია აწვალო? თუკი სისასტიკეზე საუბრობ, ცხოველთა სამყაროში შედის ყველა ეს არსება და რეაგირება არ უნდა მოახდინო სანამ ვთქვათ, ძაღლებამდე არ მივლენ?!

ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ დამატებული იყო მუხლები, რომლითაც განმარტებული იყო, რა არის კეთილდღეობა, რა არის სისასტიკე“, - ამბობს ჭავჭანიძე.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის კანონპროექტში შეტანასაც ცხოველთა დამცველები მოითხოვდნენ ცხოველთა ორთაბრძოლებია. სოფო ჯიბუტის თქმით, დღეს ორთაბრძოლის აკრძალვა მუნიციპალიტეტების გადასაწყვეტია. თბილისში ის აკრძალულია, მაგრამ დედაქალაქთან ახლოს ცხოველთა დამცელების თქმით, ორთაბრძოლები მაინც იმართება. ამიტომ მისი კანონით აკრძალვაა საჭირო. თინათინ ჭავჭანიძის თქმით, ორთაბრძოლები არათუ აკრძალულია, ინტერნეტში მისი რეკლამირებაც ხდება.

„გაუგებარია, რატომ იკავებს სახელმწიფო, რომ კანონდარღვევად გამოაცხადოს ცხოველთა ორთაბრძოლები. ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში კრიმინალია. ბრძოლის ორგანიზება, მონაწილეობა, რეკლამირება - ინტერნეტი სავსეა ამ სახის მასალით და ეს კრიმინალად არ არის შეფასებული. მე მგონია, რომ ამის უგულებელყოფა არის დანაშაული. მით უმეტეს, ორთაბრძოლებს ესწრებიან ბავშვებიც. მერე კი თუ ეს ბავშვი სასტიკად მოეპყრობა ცხოველს, მის მშობელს დასჯიან“, - ამბობს თინათინ ჭავჭანიძე.

„ლიბერალი“ კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ზაზა ხუციშვილს ესაუბრა.

ზაზა ხუციშვილი ფიქრობს, რომ ცხოველთა ორთაბრძოლები მოქმედი კანონმდებლობით ისედაც აკრძალულია. ამიტომ ის ცვლილებებში არ შეუტანიათ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მისი თქმით, ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე კანონმდებლობა გაუმჯობესდა, მაგრამ ეს ცვლილებები მხოლოდ სასჯელის გამკაცრებისკენ იყო მიმართული და ტერმინების დაზუსტებას არ ისახავდა მიზნად.

„ეს მუხლი ფერმერულ ცხოველებს, რა თქმა უნდა, არ ეხება. დაკვლას სხვა რამეს ვეძახით და მოკვლას - სხვა რამეს. რაც შეეხება წამების ნაწილს, ის ყველას ეხება - ძროხას, ცხენს და ა.შ.

მოქმედ კანონებში გამკაცრდა უბრალოდ სასჯელის რაოდენობა და ფორმულირებას არ შევხებივართ. იქ როგორც იყო რედაქციულად, ზუსტად იგივე რჩება“, - უთხრა „ლიბერალს“ ზაზა ხუციშვილმა.

დეპუტატის თქმით, პარალელურად პარლამენტმა დაასრულა მუშაობა შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონზე, რომელიც არის ფართო, ყოვლისმომცველი კანონი და მის შემუშავებაში 14 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, ცხოველთა დამცველებიც იყვნენ ჩართულნი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 მაისი
20 მაისი

ივანიშვილმა დაამკვიდრა ასლანიზმი საქართვ ...

გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება“, - ამი ...
20 მაისი
20 მაისი

საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავ ...

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ გან ...
20 მაისი
20 მაისი

მერამდენე არჩევნებია, საუბარია, რომ ხდებ ...

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 19 მაისს გამართული არჩევნები შეაფასა. ომბუდსმენის შეფასებით, დაკვირვების შედეგად გამო ...
^