
მოქალაქე მარიამ აბულაძეს, რომელიც აცხადებს, რომ 5 თვის წინ ქუჩაში მღვდელმა ტელეფონი წაართვა, დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებენ.
როგორც მარიამი „ლიბერალთან“ ამბობს, ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი იმ მობილურშია, რომელიც ახლა პროკურატურაში ინახება. მისი ვარაუდით, მობილური უწყებაში თავად მღვდელმა დააბრუნა. აბულაძე აცხადებს, რომ დაკითხვაზე უკვე ორჯერ იმყოფებოდა, უწყებაში ნანახი აქვთ ვიდეოჩანაწერიც. აბულაძე აქვეყნებს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურიდან გამოთხოვილ წერილსაც, რომელშიც დასაბუთებულია, თუ რატომ არ მიენიჭა მას დაზარალებულის სტატუსი:
„დაზარალებულია პირი, რომელსაც ფიზიკური, მორალური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, მიმდინარე გამოძიებით, ამ ეტაპზე არ არის დადგენილი, რომ თქვენ რაიმე სახის ზიანი მოგადგათ უშუალოდ დანაშაულის ჩადენის შედეგად“, - სწერს პროკურატურა მარიამ აბულაძეს.
როგორც აბულაძე იხსენებს, 30 ოქტომბერს ნინოშვილის ქუჩაზე სამანქანო გზის ნაპირს ფეხით მიუყვებოდა, რადგან ტროტუარი ავტომობილებს ჰქონდათ დაკავებული.
„რა დროსაც სრულიად უცნობი ადამიანი მანქანას მიჩერებს და ძალიან აგრესიული მიყვირის, რომ გადავიდე ტროტუარზე, ჩემდა გასაოცრად, როდესაც ჩავიხედე მანქანაში სასულიერო პირი იჯდა. მე ყველანაირად თავი შევიკავე მის ამ ძალადობრივ გამოხტომაზე და მის ცუდ ხასიათს არ ავყევი და გაწონასწორებულად ვუპასუხე, რომ ქვეითა სავალი ნაწილი მანქანებს ჰქონდათ გადაკეტილი და შეუძლებელი იყო იქ სიარული. განვაგრძე მე ჩემი გზა, თუმცა კიდევ მომიყენა და მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და წავიდა“, - ამბობს მარიამ აბულაძე.
მარიამმა გზა საკუთარი მანქანით გააგრძელა და ჯავახიშვილის ქუჩასთან მდებარე ეკლესიასთან იმავე მღვდელს გადაეყარა.
„რას ვხედავ?! იგივე მამაო, შუა გზაჯვარედინზე უკუსვლით არის შემოსული, ატრიალებს მანქანას და აქვს გადაკეტილი ქუჩა. ამ დროს მე ამოვიღე მობილური, ამ საოცრება მოვლენისთვის მინდოდა, რომ ჩემი კუთვნილი ავტომობილიდან სურათი გამდამეღო, როგორც საჯარო სივრცე და ადამიანი, რომელმაც შეურაცხყოფა მომაყენა და ამით არ შემოიფარგლა მოძრაობის წესებსაც არღვევდა და მეც მიფერხებდა გზის გაგრძელებას. რა დროსაც ამ მამაომ დამინახა და მიცნო, რომ მე ისევ ის გოგო ვიყავი. და ჰოი, საოცრებავ, უეცრად ძალიან აგრესიული მოძრაობები დაიწყო მანქანით, რა დროსაც მივხვდი, რომ ვიდეოზე უნდა გადამერთო ჩემი მობილური, მოვასწარი და დავიწყე გადაღება. ეს მამაო გადმოხტა წამებში მანქანიდან მოვარდა ჩემს მანქანასთნ, შემოიჭრა ჩემს ავტომობილში, წამართვა კუთვნილი მობილური, მომაძახა, რომ „გამომყევი ეხლა მე შენ გასწავლი ჭკუასო,'' „'მიგიყვან იქ, სადაც საჭიროაო'', შემაგინა, და ჩემი მობილური წაიღო თავისი მანქანით ჩემთვის სრულიად გაურკვეველი მიმართულებით“, - აცხადებს მარიამ აბულაძე
როგორც თავად იხსენებს, მღვდელს მანქანით დაედევნა, რათა მანქანის ნომერი დაემახსოვრებინა ან ტელეფონის დაბრუნება მოეხერხებინა.
„თუმცა მან გადაწყვიტა, რომ ჭკუა უნდა ასწავლოს მოქალაქეებს, და მგონი, მართლაც, შეძლებია ეს. შეუძლია ასე ძალადობრივი გზით წაართვას კუთვნილი ნივთები ადამიანს და ჭკუა ასწავლოს, რადგან აგერ შედეგს ვხედავთ 5 თვის შემდეგ. რაც შეეხება ვიდეოს, ვიდეოში არის ასახული და გამოძიების მასალებში დევს ჩემი მობილურიც უკვე 5 თვეა და ვიდეოც. თუმცა ჯერ არასაკმარისია მასალებიო, ახლა კი ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ დაზარალებული ხარო“, - აცხადებს მარიამ აბულაძე.
აბულაძე აცხადებს, რომ მღვდელი პრივილეგიებით სარგებლობს და მომხდარს საშიშ პრეცედენტს უწოდებს.
„ლიბერალმა“ პროკურატურის პრესსამსახურს შეკითხვით მიმართა, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
„ტელეფონის წართმევის“ საქმეზე შსს არ ამბობს დაკითხეს თუ არა მღვდელი - მიმდინარეობს გამოძიება