Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რელიგიის სააგენტოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისია აკრიტიკებს

06 მარტი, 2019 18:46

ევროპის კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ECRI წერს, რომ საქართველო სრულყოფილად არ ასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც კომისიამ 2016 წელს გასცა.

ევროპის კომისია დასკვნაში ორ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ECRI-ის განცხადებით, მათი რეკომენდაციით საქართველოს ხელისუფლებას უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმო რელიგიათა საბჭოსთვის, რომელიც სახალხო დამცველის ოფისთან ფუნქციონირებს.

სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლებამ მათ აცნობა, რომ რელიგიურ თემებსა და სახელმწიფოს შორის შუამავალი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოა. სააგენტო საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, სრუყოფილად ასრულებს მედიატორის როლს და არის მიუკერძოებელი, სანდო და წარმატებული მედიატორი რელიგიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასა და ინტერ-რელიგიური დაძაბულობის შემსუბუქებაში.

ხელისუფლებამ კომისიას ასევე აცნობა, რომ რელიგიის სააგენტომ წარსულში უკვე გადადგა ნაბიჯები რელიგიათა საბჭოსთან თანამშრომლობისთვის, თუმცა რელიგიათა საბჭოს ზოგიერთი წევრი სააგენტოსადმი ნეგატიურად იყო განწყობილი და მის გაუქმებას მოითხოვდა.

თუმცა, ECRI-ის დასკვნით, ამ ორ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა მინიმალურია. რელიგიის სააგენტო მხოლოდ საბჭოს წარდგენილი დოკუმენტების გადახედვით შემოიფარგლება. კომისიის დასკვნით, საქართველოს ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის მიმართ კითხვები ჩნდება.

მაგალითად, 2015 წელს მოხეს მეჩეთის ირგვლივ მიმდინარე დავის დროს, მულსიმმა თემმა ამ საკითხზე შექმნილ სახელმწიფო კომისიაში სახალხო დამცველის ჩართვა მოითხოვა, რადგან სახელმწიფო სააგენტოს არ ენდობოდნენ. თუმცა, სააგენტომ თემის ამ მოთხოვნას უარით უპასუხა. ECRI წუხილს გამოთქვამს, რომ ამ შემთხვევში ომბუდსმენის გამოცდილება შემწყნარებლობის ხელშეწყობაში არ გამოიყენეს

„კომისიას არ მიუღია არც სხვა რაიმე სახის ინფორმაცია, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინტერესს წარმოაჩენდა, ეთანამშრომლა რელიგიათა საბჭოსთან“, - წერს ECRI.

კომისიის მიხედვით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ  2017 წელს ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომელთა ნაწილიც აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვას ისახავდა მიზნად ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საბაბით.

ცვლილებები, მიღების შემთხვევაში, განსაკუთრებით დააზარალებდა რელიგიურ უმცირესობებს. რელიგიათა საბჭო ვენეციის კომისიასთან ერთად ამტკიცებდა ამ ცვლილებების შეუსაბამობას ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, სახელმწიფო სააგენტოს კი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„ამ საკითხმა კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი ადამიანის უფლებადამცველ და რელიგიურ ჯგუფებში, რომ სახელმწიფო სააგენტო მიუკერძოებელი ინსტიტუტის ნაცვლად რელიგიური უმცირესობების კონტროლისთვის შექმნილი მექანიზმია.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ECRI ასკვნის, რომ სიტუაცია, რომლის საფუძველზეც ამ ორგანიზაციამ თავდაპირველად გამოსცა რეკომენდაცია უცვლელია, ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები რელიგიათა საბჭოსთან თანამშრომლობისთვის, როგორც ეს ECRI-ის მიერ იყო რეკომენდებული“, - წერს ორგანიზაცია.

ამიტომ, ევროპის კომისიის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიიჩნევს, რომ საქართველოს კომისიის ეს რეკომენდაცია არ შეუსრულებია.

მეორე რეკომენდაციაში ECRI მიუთითებდა, რომ შსს-ს უნდა შეექმნა სპეციალური დანაყოფი, რომელიც რასიზმისა და ჰომოფობიური/ტრანსფობიური მოტივით ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებდა. შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, რასაც ECRI წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, მაგრამ დეპარტამენტი გამოძიების წარმართვის ნაცვლად მხოლოდ მასზე საზედამხედველო ფუნქციას ასრულებს.

ასევე, კომისიას არ მიუღია ინფორმაცია, ითანამშრომლა თუ არა შსს-მ დეპარტამენტის შექმნისას სახალხო დამცველთან და ლგბტქი უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, როგორც ეს რეკომენდიაციაშია მითითებული. ამიტომ, კომისიის დასკვნით, ეს რეკომენდაცია საქართველომ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^