რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედმა“ სოფლების დანაგვიანების შესახებ სიუჟეტი მოამზადა.
„იმედის“ ჟურნალისტები სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში იმყოფებოდნენ, გადაიღეს სოფლის დანაგვიანებული ტერიტორია, შეხვდნენ და გაესაუბრნენ მოსახლეობას.
ამ პრობლემას განსაკუთრებით აპროტესტებს ადგილობრივი აქტივისტი, ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის" კახეთის ოფისის ხელმძღვანელი, ნინო გოგოლაშვილი. ის წლებია, ცდილობს, ადგილობრივი თვითმმართველობის ყურადღება ამ პრობლემისკენ მიაპყროს.
სიუჟეტის გადაღებისას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებმა ნინოს სთხოვეს, ტელეკამერის წინ (კადრისთვის) ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე ნაგავი გადაეყარა, რაც ნინომ შეასრულა. სიუჟეტში ჩანს, როგორ მიაქვს ნინო გოგოლაშვილს პარკით ნაგავი და იქ გაშლილ ნაგავთან აგდებს.
სიუჟეტის გასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნინოსთან გარემოს ზედამხედველობის სამსახურიდან მივიდნენ და ტერიტორიის დანაგვიანებისთვის სამართადდარღვევის ოქმი გამოუწერეს.
ნინოს უთხრეს, რომ სასამართლო გადაწყვეტს ჯარიმის ოდენობას.
ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, გარემოს დანაგვიანება 80-იდან 500 ლარამდე ჯარიმით შეიძლება დაისაჯოს.
„ლიბერალი“ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს დაუკავშირდა. სიუჟეტის ავტორი თამუნა კობახიძე ამბობს, რომ მან გადაამოწმა შესაბამის სამსახურებთან, მათ კი უთხრეს, რომ გოგოლაშვილს არ დააჯარიმებენ და მხოლოდ გაფრთხილებას მისცემენ.
ჩვენ ვკითხეთ, ხომ არ ფიქრობს, რომ გაფრთხილების მიცემაც არასამართლიანია, რადგან, რეალურად, ეს დადგმული კადრია. ამის შემდეგ კობახიძემ თქვა, რომ ის მზადაა, ყველგან გაჰყვეს გოგოლაშვილს და დაადასტუროს, რომ მან გარემო კი არ დაანაგვიანა, არამედ პრობლემის თვალსაჩინოებისთვის, ჟურანალისტების თხოვნით, კადრის დადგმაში მიიღო მონაწილეობა.
ნინო გოგოლაშვილის ახსნა-განმარტებითი ბარათის მიხედვით, კადრის გადაღების შემდეგ მან გადაგდებული პარკი აიღო და ტერიტორიაც დაასუფთავა.
აქტივისტი მიიჩნევს, რომ ამ აქტით მისი დაშინება სურთ. თუმცა, მისივე თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაპირისპირების და რეგიონისთვის სხვადასხვა მტკივნეულ საკითხზე ოპონირების შეწყვეტას არ აპირებს. მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში „სამოქალაქო მოძრაობის" თელავის ოფისის პრეზენტაცია შედგება და ადგილობრივ პრობლემებზე მუშაობაში უფრო აქტიურად ჩაერთვება.