
„პედაგოგს, რომელიც სოფელში საცხოვრებლად გადავა, კარ-მიდამო და პირუტყვი უნდა გადაეცეს“ - ამის შესახებ დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. პარლამენტის წევრის თქმით, მას ამ საკითხზე სამინისტროშიც ჰქონდა საუბარი.
„დღის წესრიგში დგას ეს საკითხი, რომ მასწავლებლებს სოფლად მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეთ. გვქონდა ასეთ ვარიანტზეც მსჯელობა, რომ თუ ჩავა აქედან ადამიანი, მათ მისცენ კარ-მიდამო, ნაკვეთი, პირუტყვი და გარკვეული ესა თუ ის, რომ ჰქონდეს. ხოლო რაღაცა გარკვეული ხნის, რამდენიმე წლის შემდეგ, ეს გადავიდეს მის პირად საკუთრებაში. ეს იქნება გარკვეული სტიმული.
ეს ინიციატივა იყო, მქონდა ამაზე საუბარი და ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში ეს გარკვეულწილად საქმეში გადავა. ასე რომ, მიდის ფიქრი ამაზე და არა მარტო, ფიქრი, მიდის გარკვეული ქმედებები“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ნუკრი ქანთარიამ.
პარლამენტში მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, რომლის ინიციატორიც ემზარ კვიციანია. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონის მიღებას დადებითი პროცესი მოჰყვა, მაგრამ გამოჩნდა ხარვეზებიც, რომელიც ცვლილებებმა უნდა აღმოფხვრას.