1 აპრილიდან მძღოლებს ნარკოტესტირების მიზნით ნერწყვის მეშვეობითაც შეამოწმებენ, - შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნერწყვის მეშვეობით ნარკოტიკული თრობის დასადგენი ტესტები“ უკვე შეიძინა.
1 აპრილიდან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა კრიმინალიზებული ხდება.
„ლიბერალის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, უწყებამ 550 000-ლარიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა და 10 000 ცალი პორტატული ნარკოტესტერი შეიძინა (თითოეულის ღირებულება 54 ლარია). პორტატული ნარკოტესტეტი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.
ნერწყვის საშუალებით გამოავლენენ შემდეგი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებას: მარიხუანა, ამფეტამინის ჯგუფი, მეტამფეტამინი (მათ შორის ექსტაზი), კოკაინი, ოპიატები (მორფი, ჰეროინი);
ტესტის ძირითად მახასიათებლებში ვკითხულობთ, რომ ნერწყვის შეგროვებისათვის საჭირო დრო 3 წამი იქნება; რეზულტატი წაიკითხება დამატებითი მოწყობილობების გარეშე; სინჯის ბალიშზე საკმარისი ნერწყვის მოთავსებისას ვიზუალური ჩვენებისთვის შეიცვლის ფერს - წითლიდან ყვითელში;
რეზულტატი ასახავს პოზიტიურ შედეგს (და არა ნეგატიურს) წითელი ფერის ხაზით; შესაძლებელი იქნება მიღებული შედეგის ამოპრინტერება ინტეგრირებული პრინტერით;
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მარიხუანის შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალება მიღებულია 8 საათის განმავლობაში; მათი თქმით, ტესტი ავლენს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების უმნიშვნელო კვალსაც კი.
რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, ეს არის შპს „სოლემარტი", რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ზურაბ ტუკვაძეა.
აღსანიშნავია, რომ 1 აპრილიდან, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა დაისჯება ჯარიმით ანდა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში 1 აპრილიდან ამოქმედდება.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესი დაირღვა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში, სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქმედების ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა დგინდება კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნით, ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევაზე უარის შემთხვევაში – მხოლოდ კლინიკური დასკვნით.