Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას გულისხმობს კანონი სქესობრივი ხელშეუხებლობის დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

18 მარტი, 2019 18:45

პარლამენტში წარდგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ დანაშაულთან ბრძოლის არსებული ინსტრუმენტები, რომელიც, ძირითადად, მიმართულია დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისკენ, ხშირად სათანადო ეფექტიანობას მოკლებულია.

შესაბამისად, კანონპროექტის მიღების მიზანია, იმგვარი სისტემის შექმნა,  რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვნების მიმართ სქესობრივი დანაშაულების ეფექტიან პრევენციაზე და არა მხოლოდ დანაშაულის შემდგომ რეაგირებაზე.

რატომ გახდა საჭირო კანონპროექტზე მუშაობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით,  2018 წელს რეგისტრირებული იყო სქესობრივი დანაშაულის 405 ფაქტი, აქედან 287 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.

2017 წელს რეგისტრირებული იყო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 339 ფაქტი, რომელთაგანაც 224 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი, ხოლო 2016 წელს რეგისტრირებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 336 ფაქტიდან 262 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.

უწყების შეფასებით, აღნიშნული მონაცემები ადასტურებს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შემთხვევაში არასრულწლოვანი პირების განსაკუთრებულ მოწყვლადობას.

კანონპროექტის ძირითადი საკითხები - რას შეცვლის მისი მიღება

კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  137-ე-141-ე, აგრეთვე, 2551-2552 მუხლებისთვის (გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება, არასრულწლოვანისთვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისთვის, ასევე არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმის მომზადებაში) მსჯავრდებულ პირს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოართვას  ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე უფლება:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ასევე არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევა და ასეთი მომსახურების გამწევ დაწესებულებებში საქმიანობა;

ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;

გ) არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვნის მიმართ;

დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობა;

ე) საექიმო საქმიანობა;

ვ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა;

ზ) პასიური საარჩევნო უფლება;

თ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

ი) სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის უფლება;

კ) სხვა საქმიანობის უფლება, რომლის ჩამორთმევასაც დამნაშავის პიროვნებისა და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს სასამართლო.

პროექტის მიხედვით, მოსამართლეს ენიჭება დისკრეცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მსჯავრდებულს ჩამოართვას ერთი ან რამდენიმე უფლება.

ამასთან, უფლებების ჩამორთმევის მინიმალური და მაქსიმალური ვადები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, პირს უფლებები ჩამოერთმევა: ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - 5 წლამდე ვადით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - 5-დან 10 წლამდე ვადით, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - 10-დან 15 წლამდე ვადით.

კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს როგორც მსჯავრდებულების მოვალეობებს, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და სამსახურების უფლებამოსილების საკითხს.

კანონპროექტის მიხედვით, მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე მსჯავრდებულთა რეესტრი. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში იარსებებს ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელშიც დაცული იქნება პერსონალური მონაცემები სსკ-ის 137-ე-141-ე, 2551-2552 მუხლებით მსჯავრდებული პირების შესახებ.

ამ რეესტრის მუშაობას აქვს ორი ძირითადი მიზანი - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ეფექტიანი პრევენცია და ამგვარი დანაშაულების ჩამდენ პირთა იდენტიფიცირების გამარტივება.

რეესტრის წარმოების მიზნით, მსჯავრდებულის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, ნასამართლობის, დაქტილოსკოპიურ და სხვა მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს დაამუშავებს სამინისტრო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^