Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოცმუშაკები იფიცებიან - რას პასუხობს სამინისტრო

21 მარტი, 2019 18:07

დღეს, 21 მარტს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს. მათი თქმით, მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. 

რა მოთხოვნები აქვთ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც იფიცებიან

სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ 22-პუნქტიანი მოთხოვნიდან სამინისტროს წარმომადგენლები მხოლოდ ერთ მოთხოვნაზე შეთანხმდნენ, რაც გულისხმობს სოციალური მომსახურების ცენტრისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს შექმნას, რომელიც პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული. 

წერილის მიხედვით, სოციალური მუშაკები 25 მარტიდან გაიფიცებიან მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

სოციალური მუშაკები სამსახურში მხოლოდ იმ შემთხვევაში მივლენ, თუ საქმე ბავშვზე ძალადობას შეეხება. 

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნუცა ოდიშარიას განცხადებით, სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რომ ბენეფიციარები სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს არ დაზარალდნენ და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. მისი თქმით, გაფიცვის დროს სხვა თანამშრომლების მობილიზებას დაიწყებენ.

„სააგენტოსა და სამინისტროში მუშაობენ ყოფილი სოციალური მუშაკები და მათი მობილიზება მოხდება, ასევე მობილიზება მოხდება ტერიტორიული ერთეულების დირექტორების, რომლებიც ამ პროცესში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან, მათ შორის იურისტები და სხვა ადამიანები, რომლებიც ისედაც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები“, - აცხადებს ოდიშარია. 

მისი თქმით, უწყებას სოციალური სამუშაოს რეფორმირებაზე მოკლევადიანი გეგმები ფაქტობრივად ყველა შესრულებული აქვს, ინფრასტრუქტურული პროექტები დაწყებულია.

„ზოგან რემონტი დასრულდა, ზოგან აზომვითი სამუშაოებია. ტრანსპორტს რაც  შეეხება, დაუმატეს ყველა რეგიონს ერთი მანქანა და შემდგომში კიდევ თითო მანქანა დაემატება. ასევე, ტრანსპორტის ბარათით უფასოდ ისარგებლებენ თბილისის მასშტაბით“ 

ოდიშარიას თქმით, სოციალურ მუშაკებს ასევე ჩამოაშორეს ადმინისტრაციული საქმეები. შეკითხვაზე, თუ რომელი ადმინისტრაციული საქმე ჩამოაცილეს და როდის, დეპარტამენტის ხელმძღვანელი პასუხობს: 

„ძალიან ბევრი ადმინისტრაციული საქმე ჰქონდათ, დაწყებული განცხადების მიღებიდან ინფორმაციის ბაზაში შეყვანით დამთავრებული. ზუსტად შემდეგ კვირას უკვე სააგენტომ დაგეგმა, რომ სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში სპეციალისტები დაატრენინგოს. ეს საქმე უკვე... ფაქტობრივად, დამტკიცებულია მათი ახალი აღწერილობა, თუმცა კადრი უნდა გადამზადდეს. ძალაში, ალბათ, უკვე აპრილიდან შევა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დამტკიცდება - დღეების ამბავია“. 

დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ სოციალური მუშაკებისთვის ხელფასის 30%-ით გაზრდა 2020 წლიდან არის გათვალისწინებული. ზეგანაკვეთური ანაზღაურების საკითხზე კი ამბობს, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და იქმნება ახალი პლატფორმა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და სოცმუშაკებიც იქნებიან ჩართული.

„კანონიც გვავალდებულებს და ვნახავთ, რამდენად სწრაფად შეგვიძლია ამის გაკეთება, ეს არ არის ერთი დღის საქმე, აქ მკაფიოდ არის გასაწერი, მაგალითად, „ქეისის“ განსაზღვრება“.

ნუცა ოდიშარიამ სოციალურ მუშაკთა რაოდენობის გაზრდაზე განაცხადა, რომ წელს უკვე 30 შტატი დაემატა სააგენტოებს და კიდევ 20 დაემატება.

„სამოქმედო გეგმის მიხედვით, ჯამში 50 საქმეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს სოციალურ მუშაკს. რაც შეეხება დიფერენციაციას, რადგანაც განათლების სისტემა არ აძლევს მათ სპეციალიზებულ დიფერენციაციას, ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს მრავალფუნქციური სოციალური მუშაკები“. 

სერვისის მომლოდინეთა რიგზე ოდიშარიამ განაცხადა, რომ „რამდენიმე წელია, პროგრამები იხვეწება, წელს საერთოდ რიგი არ გვაქვს, ბოლო 4 წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა ბიუჯეტი“. 

ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციით, უწყების სოციალური მომსახურების სააგენტოში სულ 11 შტატია ფსიქოლოგის. აქედან, ერთია თბილისში და  10 (თითო-თითო) რეგიონულ ცენტრებში. 

შტატის გაზრდის შესახებ „ლიბერლის“ შეკითხვას უწყებაში უპასუხეს: 

„მოგახსენებთ, რომ  სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოში, ამ  ეტაპზე მიმდინარეობს ორგანიზაციული (სტრუქტურული/ფუნქციური) ცვლილებების  პროცესი და მხოლოდ მისი დასრულების  შემდეგ შევძლებთ ზუსტი  დროის  დასახელებას“.

 ნუცა ოდიშარია ფისქოლოგების საკითხზე დასმულ შეკითხვას პასუხობს, რომ ახლა მიმდინარეობს რეორგანიზაცია, „ფსიქოლოგს ჩემი ინფორმაციით ამატებენ თბილისში, ამ ეტაპზე სწრაფად დაემატება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩვენთვის და ჩვენ ვცდილობთ, რომ პროგრამულად რაც გვაქვს გაწერილი, იქ გვყავდეს ფსიქოლოგები. რაც შეეხება სააგენტოს ფსიქოლოგს, ის მხოლოდ იმ სეგმენტს მოემსახუროს, რომელიც არ იქნება პროგრამულად ჩართული“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^