Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტზე ინვესტორების 8 მოთხოვნის შესახებ ისაუბრა

21 მარტი, 2019 19:02

პარლამენტში გამოსვლისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა იმ 8 მოთხოვნაზე ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსებაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს სახელმწიფოს მიმართ აქვთ.

ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე მოლაპარაკება სახელმწიფოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის განვითარების ბანკთან (ADB), აზიის ინფრსტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) და საზღვარგარეთულ კერძო საინვესტიციო კორპორაციასთან (OPIC) აქვს.

  • პირველი მოთხოვნა პორტის განვითარების ფაზებს ეხება.

ცქიტიშვილის თქმით, პორტი უნდა განვითარდეს 9 ფაზად. პირველ ფაზაში 8 მილიონი ტონის ტვირთბრუნვა უნდა იყოს. მეორე ფაზის ვადა და მოცულობა შეიცვალა - ის 15 წელიწადში უნდა დასრულდეს და განისაზღვრა 14 მილიონი ტონის მოცულობით. საბოლოოდ, პორტში 100 მლნ ტონის ბრუნვის მიღება სურთ.

პორტის განვითარების ფაზები ინვესტორებს არ სურთ, რომ კონკრეტულ ვადებს დაუკავშირდეს. „იმის გათვალისწინებით, რომ მათი დაფინანსება ეხება პირველ ფაზას და უნდა იყვნენ დაზღვეულები შემდგომი ფაზების შეუსრულებლობის შემთხვევაში ინვესტორისადმი რაიმე პრეტენზიების წარდგენისგან.

ბანკების სურვილია, რომ პორტის გაფართოება არ იყოს მიბმული კონკრეტულ თარიღზე და დაიწყოს მას შემდეგ, რაც თითოეული ფაზის ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლა მოხდება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში არის რისკი, რომ პორტი დარჩეს პირველ ფაზაში და ვერ შეასრულოს თავისი დანიშნულება - სახელმწიფოს ანაკლიის პორტის აშენება სურს, რათა ბათუმისა და ფოთის პორტებზე გაცილებით დიდი მოცულობა ჰქონდეს. ხოლო პირველ ფაზაზე დარჩენით, ეს ვერ მოხერხდება.

  • მეორე მოთხოვნა ტვირთბრუნვის რისკის დაფარვაა.

ცქიტიშვილის თქმით, საკონკურსო ეტაპზე სახელმწიფოს ჰქონდა მოთხოვნა, რომ პორტი კონსორციუმს აეშენებინა და მასვე აეღო პასუხისგებლობა ოპერირებაზე, ახალი ტვირთის მოზიდვაზე.

რადგან პროექტს სტრატეგიული ინვესტორი ან გადამზიდავი ხაზი არ ჰყავს, ხოლო სესხის დაფარვის წყარო  მხოლოდ პორტის ოპერირებისგან მიღებული შემოსავლებია, ცქიტიშვილის თქმით, ბანკებს მიაჩნიათ, რომ ეს რისკი სახელმწიფომ უნდა ითავოს.

„როცა ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არ იქნებოდა სახელმწიფოსთვის მისაღები, მივიღეთ სახეცვლილი წინანადება, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა შეიქმნას სარეზერვო ანგარიში, სადაც უნდა განთავსდეს სესხის მომსახურებისთვის საჭირო თანხა. სახელმწიფოს ექნება უფლება, შეავსოს ეს თანხა, ხოლო თუ სახელმწიფო ამ უფლებას არ გამოიყენებს, ბანკებს შეეძლებათ ხელშეკრულების გაწყვეტა და ამის შედეგად, ყველა სესხი სახელმწიფომ უნდა დაფაროს“, - თქვა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს თავის თავზე მოუწევს ისეთი რისკის აღება, რომელიც არა მხოლოდ გარე ფაქტორების, არამედ შესაძლოა, უშუალოდ ინვესტორის არაეფექტიანი საქმიანობის შედეგად წარმოიშვას.

  • მესამე მოთხოვნა - მთავრობამ თავის თავზე უნდა აიღოს პორტთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა.

ცქიტიშვილის თქმით, ბანკებს სურთ, სახელმწიფომ ფულადი კომპენსაცია გადაიხადოს იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიამდე გზას და რკინიგზას დროულად არ მიიყვანენ. თუმცა გზისა და რკინიგზის მშენებლობას სახელმწიფო თავისი სახსრებით აპირებდა, ასე იყო გათვალისწინებული თავდაპირველად ხელშეკრულებაში და ამიტომ დონორების პროცედურები არ გაუთვალისწინებია:

„ვინაიდან ჩვენ ამ გზას და რკინიგზას ვაშენებდით სახელმწიფოს დაფინანსებით, არ გვქონდა ვალდებულება დონორების პროცედურებზე და ყველამ ვიცით, რომ დონორების პროცედურებით ამ გზის მშენებლობა არ არის შესაძლებელი იმ ვადებში, რაც არის დადგენილი".

  • მეოთხე მოთხოვნა სასესხო ხელშეკრულებას ეხება.

„არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, დაამტკიცოს განსაზღვრული საკრედიტო ხელშეკრულებების პირობა და კრედიტორები. ბანკების წინადადებაა, რომ ეს გახდეს უფრო მოქნილი და შესაბამისად, შეუთანხმოს მხოლოდ სესხის ოდენობა და ვადა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით, მათთვის ეს ცვლილება ცოტა გაუგებარია.

  • მეხუთე - ოქროს წილთან დაკავშირებული მოთხოვნაა.

ცქიტიშვილის თქმით, არსებული ხელშეკრულებით, ოქროს აქციით სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ მოითხოვოს რიგ არსებით საკითხებზე თანხმობა. ხოლო ბანკების წინადადებაა, რომ ოქროს აქციის და შესაბამისად, სახელმწიფოს ზემოქმედების მექანიზმი და უფლებები მნიშვნელოვნად შემცირდეს.

  • მეექვსე პუნქტი პოლიტიკურ ფორსმაჟორს ეხება.

„არის მოვლენები, რაც განაპირობებს ვადების გაგრძელებას, კომპენსაციას ან პოლიტიკურ ფორსმაჟორს. რა თქმა უნდა, საინვესტიციო ხელშეკრულება გულისხმობს ფორსმაჟორულ პირობებს, რომლის შემთხვევაშიც მხარეებს აქვთ უფლება, რომ გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ მოშალონ ხელშეკრულება ან გამოიყენონ გადავადებისთვის“, - თქვა ვიცე-პრემიერმა.

მინისტრის თქმით, ბანკებს სურთ, ასეთ შემთხვევაში მთავრობა იყოს ვალდებული, კომპენსაცია გადაუხადოს კონსორციუმს.

  • მეშვიდე მოთხოვნა კანონმდებლობაში ცვლილებებს ეხება.

ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, მომდევნო 50 წლის განმავლობაში არ გაატაროს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შეეხება მხოლოდ პორტს ევროინტეგრაციის და ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების, საზღვაო კონვენციებისა და ზოგიერთი სხვა ვალდებულებების გარდა.

მაგრამ ბანკებს სურთ, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში, შეეხება ეს მხოლოდ ანაკლიის პორტს თუ სხვა ბიზნეს ოპერატორს, თუ ეს ცვლილება გარკვეულ ზღვარს აღემატება სახელმწიფო ვალდებული უნდა იყოს, ინვესტორს კომპენსაცია გადაუხადოს.

  • მერვე პუნქტი -  ეს არის შეწყვეტა და შეწყვეტის კომპენსაციის რეჟიმი ინვესტორის დეფოლტის შემთხვევაში.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ბანკებმა დაასახელეს, არის უშუალოდ მთელი სესხის უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე ხელშეკრულებაში არის პირობა, რომლითაც თუ ხელშეკრულება წყდება მთავრობის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ან თუ წყდება ინვესტორის ბრალით, პორტი ბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში და სახელმწიფო იწყებს ახალი ინვესტორის მოძიებას.

ხოლო ის ვალდებულებები, რომელიც ინვესტორს აქვს ბანკებთან, გადადის სხვა ინვესტორზე. ბანკები კი მოითხოვენ, რომ ნებისმიერი ასეთი გაწყვეტის შემთხვევაში, სახელმწიფო აღმოჩნდეს ყველა სესხის გარანტი და უზრუნველმყოფი.

„იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება გაწყდება სახელმწიფოს ბრალით, ამ შემთხვვეაში - 400-მილიონიანი სესხი უნდა დაფაროს დაუყოვნებლივ სახელმწიფომ, ხოლო ინვესტორის დეფოლტის შემთხვევაში, ან უბრალოდ თუ მის გამო მოხდება ხელშეკრულების გაწყვეტა, ეს სესხები ისევ სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს ბანკებს, ოღონდ 4 წლის განმავლობაში“, - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^