1 აპრილიდან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება და ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლს ჯარიმა ანდა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაეკისრება.
მართვის დროს ნარკოტიკული ზემოქმედების დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი ნარკოტესტები შეიძინა. მძღოლებს ამ ტესტებით ნერწყვის საშუალებით შეამოწმებენ.
აღსანიშნავია, რომ ნერწყვის საშუალებით გამოავლენენ შემდეგი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებას: მარიხუანის, ამფეტამინის ჯგუფის, მეტამფეტამინის (მათ შორის ექსტაზის), კოკაინის, ოპიატების (მორფის, ჰეროინის);
დეტალებთან დაკავშირებით „ლიბერალი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპატრამენტის უფროსს ბექა დოჭვირს ესაუბრა.
დოჭვირის განმარტებით, მძღოლები სისხლის სამართლის წესით დაისჯებიან იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ მართავენ ავტომობილს.
მისი თქმით, პირველ რიგში, როდესაც პატრული გააჩერებს, თუ გაუჩნდება ეჭვი, რომ მძღოლი შესაძლოა, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყოს, მას ნერწყვის ნარკოტესტით შეამოწმებს. მისი თქმით, ეს ტესტერი ზემოქმედების ფაქტს ადგენს 99,9% სიზუსტით.
„მოხმარების ფაქტი ხომ შეიძლება იყოს 1 თვის, 5 დღის წინ და ა.შ. მაგრამ ეს ტესტერი ადგენს, რამდენიმე საათის წინ რომ მოიხმარა ადამიანმა და ზემოქმედების ქვეშ რომ იმყოფება, ამას“, - ამბობს დოჭვირი.
მისი თქმით, თუ ნერწყვის აპარატი დადებით შედეგს აჩვენებს, ანუ, თუ რომელიმე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებას გამოავლენს, მას გადაიყვანენ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, სადაც მძღოლს ეძლევა საშუალება, დამატებით გაიაროს 2 ტესტი - კლინიკური ტესტი, რომელიც გულისხმობს როგორც ნევროლოგიურ, ისე ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებას. მეორე კი ლაბორატორიული - დამატებით ნერწყვის ან შარდის ანალიზს.
დოჭვირის თქმით, მძღოლს ასევე ექნება საშუალება, ჩააბაროს ნერწყვის ნიმუში და ის შემდეგ გამოიყენოს ალტერნატიული ექსპერტიზისთვის.
თუ მძღოლი უარს იტყვის ამ დამატებით ტესტებზე, მაშინ მას პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ ნერწყვის ნარკოტესტერის შედეგებზე დაყრდნობით.
ხოლო თუ ადამიანი თავდაპირველად ნერწყვის ნარკოტესტზეც იტყვის უარს, მის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მისგან იძულებით აიღებენ ნიმუშს (ნერწყვის).
რაც შეეხება კლინიკური შემოწმების კვალიფიციურობას, დოჭვირი ამბობს, რომ „ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება, არსებობდეს კითხვები და ეჭვი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იარსებებს მტკიცებულებათა ერთობლიობა - იქნება ნარკოტესტების დასკვნა, ექსპერტის დასკვნა". ასევე, ადამიანს ექნება შესაძლებლობა, შეინახოს ნერწყვის ნიმუში და ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა.
იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური შემოწმების შედეგად მძღოლს მანქანის მართვისას ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დაუდასტურდება, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
„როდესაც პატრული გაგაჩერებთ და ტესტი აჩვენებს ზემოქმედებას და თუ ადამიანი გაივლის ექსპერტიზას და ექსპერტიზა ტესტისგან განსხვავებულ შედეგს აჩვენებს, ბუნებრივია, მძღოლს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება“, - ამბობს დოჭვირი.
მისი განმარტებით, როგორც მარიხუანის, ისე დანარჩენი ნარკოტიკის შემთხვევაში, ტესტს შეუძლია მოხმარებიდან დაახლოებით 8 საათის განმავლობაში ზემოქმედების გამოვლენა.
„ტესტი ადგენს 8 საათის განმავლობაში [ზემოქმედებას]. ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობა ბუნებრივია, დამოკიდებულია ნარკოტიკული საშუალების სიძლიერეზე, ადამიანის ფიზიკურ მონაცემებზე და ა.შ. თუ ადამიანი ამბობს, რომ ის [მართვისას] არ იმყოფებოდა ზემოქმედების ქვეშ, მისთვის პრობლემა არ უნდა იყოს, რომ დამატებით კიდევ ერთი ტესტი გაიაროს - ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტესტი ჩააბაროს, იმისათვის, რომ დადგინდეს, ზუსტად ასახა თუ არა ნერწყვის ტესტმა ეს საკითხი“... „თუ ადამიანი ამბობს, რომ მოხმარებიდან ერთი საათის შემდგომ არ ვარ ზემოქმედების ქვეშ, ამის რაღაც მტკიცებულება ხომ უნდა არსებობდეს?! ხომ არ შეიძლება უბრალოდ ვთქვათ, რომ დავლიე მაგალითად 1 ლიტრი ღვინო და ნახევარ საათში მე აღარ ვარ თრობის ქვეშ. ალკოტესტის მაგალითზეც, ალკოტესტი ხომ ზემოქმედების ფაქტს აჩვენებს, ანალოგიური ტესტი არის ეს, რომელიც ზემოქმედების ფაქტს აჩვენებს. ამ შემთხვევაშიც არსებობს გასაჩივრებისა და დამატებითი ტესტების გავლის მექანიზმები“, - ამბობს დოჭვირი.
--
ამ თემის განხილვისას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის განსხვავებული სამართლებრივი მდგომარეობა, რაც მარიხუანის და სხვა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით არსებობს.
როგორც აღვნიშნეთ, თუ მძღოლს ნერწყვის ტესტით მარიხუანის მოხმარება გამოუვლინდა და კლინიკური შემოწმებით, მართვის დროს ზემოქმედება არ დაუდასტურდა, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება არც სისხლის სამართლის წესით (სსკ 276-ე მუხლი) და არც ადმინისტრაციულად, ვინაიდან მარუხიანის მოხმარების ფაქტი ადმინისტრაციული წესით აღარ ისჯება.
თუმცა, რაც შეეხება სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს (ამფეტამინის ჯგუფი, მეტამფეტამინი (მათ შორის ექსტაზის), კოკაინი, ოპიატები (მორფი, ჰეროინი), რომელთა მოხმარებაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება, მძღოლებს პასუხისმგებლობა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა მაინც დაეკისროთ.
კერძოდ, თუ მძღოლს ნერწყვის ტესტით მარიხუანის გარდა დანარჩენი, ზემოთ ჩამოთვილი ნარკოტიკის მოხმარება გამოუვლინდა და კლინიკური შემოწმებით მართვის დროს ზემოქმედება არ დაუდასტურდა, მათ ბუნებრივია, პასუხისმგებლობა ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისთვის არ დაეკისრებათ, მაგრამ დაეკისრებათ ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო. პირველ ჯერზე ეს არის ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი უკვე სახდელდადებულია, ანუ, თუ ნარკოტიკების მოხმარების გამო ადმინისტრაციული სანქცია დაკისრებული აქვს, მაშინ მას სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია დაეკისრება, რაც ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.