Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბათუმში ნაპოვნი ნეშტები შესაძლოა, სტალინური რეპრესიების მსხვერპლებს არც ეკუთვნოდეთ“ - ირაკლი ხვადაგიანი

06 აპრილი, 2019 20:50

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი მიიჩნევს, რომ ბათუმში ნაპოვნი სამარხების არქეოლოგიური სამუშაოების მიმართ მთელი რიგი კითხვები ჩნდება. ხვადაგიანი Facebook-ზე წერს, რომ საჭიროა ჩატარებულიყო სამედიცინო-კრიმინალური ექსპერტიზა, ნაშთების ანალიზი, გათხრებისას ნაპოვნი არტეფაქტების შესწავლა და ა.შ.

„საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა სამარხების და ნაშთების იდენტიფიკაცია ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული, სამართლებრივი და ეთიკური გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისათვის, რომლის პრეცენდენტები აქამდე ფაქტობრივად არ გვქონია.

თუმცა, ამ ინფორმაციასა და ქვემოთ მოყვანლ ფოტომასალების შეხედვისას შეუძლებელია არ გაჩნდეს მთელი რიგი კითხვები:

- რომელი არქეოლოგიური ჯგუფი მუშაობდა გათხრებზე?
- მოხდა თუ არა ნაშთების ფიქსაცია წესისამებრ?
- ჩატარდა თუ არა ნაშთების ანალიზი? რა დასკვნები არსებობს? არის თუ არა დასკვნა ხელმისაწვდმი?
- ჩატარდა თუ არა სამედიცინო-კრიმინალური ექსპერტიზა? არსებობს თუ არა დასკვნა? რა გახდა ამ ადამიანების დაღუპვის მიზეზები? რამდენ მათგანს აღენიშნება ცეცხლნასროლი ჭრილობები და სად? არის თუ არა ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარებული?
- შესწავლილია თუ არა გათხრებისას ნაპოვნი არტეფაქტები (რამდენიმე ჩანს კიდევაც ფოტოებზე).
- იყო თუ არა გათხრებზე და ნაშთების შესწავლაზე მიწვეული სპეციალისტები ვინც საბჭოთა რეპრესიების კვლევაზე მუშაობენ და ვინ კონკრეტულად?
- იგეგმება თუ არა ტეროტორიის დამტებითი შესწავლა? რადგან აჭარაში 1921 წლიდან 1950-იანი წლების დასაწყისამდე რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი საკმაოდ დიდია და თუკი ეს ნაშთები ნამდვილად მსხვერპლთა ნაშთებია, მიმდებარე ზონა დეტალურადაა შესასწავლი“, - წერს ირაკლი ხვადაგიანი Facebook-ზე.

„ლიბერალი“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოში ამბობენ, რომ ბათუმში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე, რომლის ფარგლებშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იპოვეს, ინფორმირებულები არ ყოფილან. როგორც „ლიბერალს“ სააგენტოში უთხრეს, მათ ამ გათხრების შესახებ ახლა შეიტყვეს და თავადაც დაინტერესდნენ, ჩატარდა თუ არა კვლევები შესაბამისი წესების დაცვით.

ირაკლი ხვადაგიანის თქმით, დაზუსტებით ისიც კი არ შეიძლება ითქვას, ეკუთვნის თუ არა ეს ნეშტები სტალინური რესპრესიების მსხვერპლებს. ამიტომ შესაბამისი კვლევების ჩაუტარებლობის შემთხვევაში, ძნელი სათქმელია ვის დაკრძალავს ეკლესია პატივითა და ღვთისმსახურებით.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ 2012 წლიდან მოყოლებული მუშაობს მსგავსი ადგილების დაზუსტებაზე. მათ შორის აჭარაშიც მოგვეპოვება მიახლოებითი ორინეტირები სად შეიძლება ყოფილიყო საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მასობრივი დახვრეტის ადგილები, თუმცა აქ დასახელებული ზონა ჩვენი ინფორმაციის არეალში არ მოხვედრილა.

ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ აღმოჩენას ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ, რადგან იმ დროის პრაქტიკიდან გამომდინარე მსგავსი ზონები ერთდროულად რამდენიმე ადგილას შეიძლება ყოფილიყო, თუმცა ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის არარსებობის ფონზე, შეიძლება ეჭვს უფრო ამყარებდეს. კერძოდ:

ბათუმის მისადგომებთან გასული საუკუნის განმავლობაში ორჯერ იყო აქტიური საბრძოლო მოქმედებები:

1918 წელს, როდესაც ოსმალთა არმიამ დაიკავა ბათუმი და 1921 წელს, როდესაც ქართული არმიის ნაწილებმა უკანასკნელი ბრძოლა გადაიხადეს და ბათუმიდან მძიმე ბრძოლების შემდეგ ქემალისტთა სამხედრო ნაწლები განდევნეს.

ამ ომებში დაღუპული ქართველი მებრძოლების დიდი ნაწილი სამხედრო პატივით დაკრძალეს ქალაქში, თუმცა ომში დაღუპული მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცების დაკრძალვა სახელდახელოდ ხდებოდა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონებში.

შესაბამისად, თუკი არ არსებობს ზემოხსენებული კრიმინალისტიკური და არქეოლოგიური ექსპერტიზა, ძნელი სათქმელია ვის კრძალავს ეკლესია პატივითა და ღვთისმსახურებით - 1920-1950-იან წლებში საბჭოთა რეპრესიის მსხვერპლთ აჭარიდან (მათი დიდი ნაწილი სავარაუდოდ მუსლიმი იყო) თუ ოსმალეთის და მუსტაფა ქემალის არმიის ასკერებს?“ - წერს ხვადაგიანი.

ბათუმში, სავარაუდოდ, 1937-1938 წლებში სტალინური რეპრესიების მხვერპლთა სამარხი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე აღმოაჩინეს.

სამარხი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩნდა.

ეპარქიის ინფორმაციით, 150-მდე ადამიანის ნეშტი „უწესრიგოდ და უპატიოდ იყო განთავსებული“. მათივე ინფორმაციით, 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რეპრესირებულებს პატივისცემით დაკრძალავენ.

დღეს ამ აღმოჩენას გამოეხმაურა „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაძიე. მისი თქმით, ბათუმში აღმოჩენილ სამარხში ნაპოვნი ნეშტების უმეტესობა მუსლიმებს ეკუთვნით. ამის გამო, ის აპროტესტებს ამ ნეშტების საპატრიარქოს ტერიტორიაზე გადასვენებას და ქრისტიანული წესით დაკრძალვას. ნაკაიძე ნეშტების გადასვენებაში მუსლიმი სასულიერო პირების ჩართვას მოითხოვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^