
ზუგდიდში ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, იგი დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს მთავარი გზის გადაკეტვა სურდათ, თუმცა მათ სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. სწორედ ამ დროს დააკავეს ერთი პირი.
ძმები ბესიკ და ჯონი დგებუაძეები შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა 4 აპრილს დააკავეს. დგებუაძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავება სასამართლო განჩინების გარეშე მოხდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს გირაო შეუფარდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით ბესიკ დგებუაძე ისევ დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. აქციას დგებუაძის ოჯახის წევრები სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მეორე დღეა მართავენ.