„თბილისი პანორამის“ მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე მოხდა. „ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, მუშები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ლიბერალთან“ საუბრისას მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი მუშა ამბობს, რომ თვითონ შიგნით მუშაობდა, დაშავებული მუშები კი - გარეთ ფასადზე.
„მალიარკას ვაკეთებ, შიგნით ვმუშაობ. რა გითხრათ აბა, არანაირი უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. მკვლელები არიან, პირდაპირ რომ გითხრათ. სამი ადამიანი დაშავდა დღეს და არ ვიცი. ცოცხლები არიან თუ არა. გარეთ ფასადზე მუშაობდნენ, მეცხრე სართულიდან ჩავარდნენ.
მე იძულებული ვარ, ვიმუშაო, დედა მყავს ინსულტით დაავადებული. სამუშაო არა მაქვს და ჩამოსული ვარ აჭარიდან. ვმუშაობ, რომ ორი კაპიკით წამალი ვუყიდო. 15 წელია, ჩავარდნილია. მონა ვარ,“ - ამბობს „პანორამაზე“ დასაქმებული ერთ-ერთი მუშა.
შს სამინისტროს ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა მუშების დაშავების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
„ლიბერალი“ კომპანიასთან დაკავშრებასაც ცდილობს.