
საუდის არაბეთიდან გაქცეული დები გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსგან დახმარებას ითხოვენ. როგორც ვაჰა და ვაფა ალ-სუბაიები Twitter-ზე წერენ, ისინი ამჟამად საქართველოში იმყოფებიან.
დები პასპორტის ფოტოებსა და ვიდეოსაც აქვეყნებენ.
„ჩვენ საფრთხეში ვართ, თქვენი მფარველობა გვჭირდება, რათა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაიცავს ჩვენს უფლებებს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. საუდის არაბეთის მთავრობამ გააუქმა ჩვენი პასპორტები. ჩვენ ახლა საქართველოში ვართ“, – წერენ დები.
ალ-სუბაიები წერენ, რომ საქართველოში მათ საპოვნელად მამა და ძმები ჩამოვიდნენ.
„მამაჩემი და ძმები ჩამოვიდნენ საქართველოში და ისინი ჩვენ გვეძებენ. ჩვენ ოჯახის მხრიდან ჩაგვრას გავექეცით, რადგან საუდის არაბეთში კანონი ზედმეტად სუსტია ჩვენს დასაცავად. გვჭირდება გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს დაცვა იმისთვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში წაგვიყვანონ. გთხოვთ, დაგვეხმარეთ გადარჩენაში“, – წერენ საუდის არაბეთიდან გაქცეული დები.
We are Saudi sisters, my name is Maha and my sister Wafa. We are in danger. We need your support to deliver our voice. We want protection. We want a country to welcomes us and protects our rights. Please help us. Saudi government has canceled our passports. We are now in Georgia pic.twitter.com/aWdGtB8sE2
— georgia sisters (@GeorgiaSisters) April 17, 2019