
„ხარისხის არხი" იცვლის ბრენდულ სახელწოდებას და ხდება „სამეფო არხი", - „ხარისხის არხი" 25 აპრილიდან მაყურებლების წინაშე შეცვლილი სახელით წარდგება.
„ლიბერალი" „ხარისხის არხის" დირექტორსა და საკონტროლო პაკეტის მფლობელს გიორგი ასათიანს დაუკავშირდა. მისი თქმით, სამეფო დინასტიურ სახლთან მათ „მჭიდრო მემორანდუმი" აქვთ გაფორმებული.ასევე, თანამშრომლობის თაობაზე კონტრაქტი აქვთ შპს „სამეფო სახლთან". თუმცა, მისი თქმით, მთავარი მიზეზი სახელწოდების ცვლილების სხვა რამაა.
„ჩვენ მივყვებთ იმ გეზს, როგორც გაბრიელ ბერმა დაგვიტოვა, არაორაზროვნად და ცალსახად, რომ ვიდრე ტახტი არ აღდგება, სიტუაცია იქნება ძალიან მიუღებელი გარშემო.... ტელევიზიის შექმნიდანვე გვინდოდა ეს სახელი, მაშინ ამის დრო არ იყო, ახლა კი ხალხი უფრო მეტად არის გათვიცნობიერებული, დაიძრა ეს თემა. მოვა დრო, რომ საქართველოში ბარგატიონები იქნებიან მმართველობაში, როდის იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ეს არის ნაწინასწარმეტყველები, ჩვენ ვაჟღერებთ იმას, რაც გაბრიელ ბერმა თქვა", - გვითხრა გიორგი ასათიანმა.
როგორც მან აღნიშნა, განახლებული სახელით მაუწყებლობას არხი 25 აპრილიდან შეუდგება.
„ახალი გადაცემები იქნება, სტუდიური გარემოც იცვლება, შინაარსობრივად უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილი ვიქნებით, აკადემიურ სტილში გადავალთ, რომ არ მოხდეს მერე გაშარჟება. ასეთ პოპულარობას არ ველოდით ჩვენ, ორივე კუთხით - ბევრს ვუყვარვართ, ბევრი დაგვცინის. შესაბამისად, სამეფო არხი შემდეგი ნაბიჯია, ხარისხი ხომ იცით რასაც ნიშნავს, სამეფო ხარისხი კი ეს უკვე Высший пилотаж-ია", - ამბობს ასათიანი.